"ვუძლებთ და ვიგერიებთ" - ასეთი იყო უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაურის პირველი კომენტარი სუმის მიმართულებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
"სუმის ოლქი კონდრატოვკა, ოთხი დღიანი შემტევი ოპერაციის შემდეგ რაიონი დაუბრუნდა თავის ოლქს, დიდი მადლობა ჩემ დანაყოფს ასეთი ბრწყინვალე ოპერაცისთვის" - ამბობს შეტევის ჯგუფის "მაგურას" მეთაური კახა ციმინტია და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ გვიამბობს.
- სუმის მიმართულებით ძალიან სერიოზული ოპერაცია ჩავატარეთ. რუსები ორი თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდეს იმ ლოკაციას აღებას, სადაც ჩვენ ვიდექით. ბოლოს თავად ჩავატარეთ ოთხ დღიანი სამხედრო ოპერაცია და პოზიცია გავამყარეთ, სოფელი კონდრატოვკაც გავათავისუფლეთ. ამ ოთხი დღის განმავლობაში რუსებმა ხუთასამდე ჯარისკაცი დაკარგეს. ზოგადად, ფრონტის ხაზზე საშუალოდ, თითო უკრაინელ ჯარისკაცზე 10 რუსი ჯარისკაცი მოდის. ამ კონკრეტული ოპერაციის დროს კი შტურმავიკების 10 ჯგუფი და 5 ერთეული სამხედრო ტექნიკა გავუნადგურეთ.
- თქვენ თუ გქონდათ დანაკარგი?
- სამწუხაროდ კი, ოთხი კაცი ბაზისკენ გამოვუშვი, დასასვენებლად. გზად დრონების თავდასხმაში მოჰყვნენ და ერთი მებრძოლი დამეღუპა, დანარჩენები დაიჭრნენ. ოთხივე გამოვიყვანეთ - დაჭრილებიც და დაღუპულებიც.
- მათ შორის ქართველები ხომ არ იყვნენ?
- არა, მე არ მყავს ჩემს ჯგუფში ქართველები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ჩემს ჯგუფში ქართველები არ მყავს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ განსაკუთრებულად განვიცდი, ქართველის დაღუპვას, ქართველი დედისთვის დარეკვა და შვილის გარდაცვალების მისამძიმრება არ შემიძლია. ჯაბა კვარაცხელია რომ გარდაიცვალა, იმის მერე დავიფიცე, რომ ქართველს არ ავიყვან ჩემს ჯგუფში. დედამისის კივილი დღემდე ჩამესმის ყურში. ალბათ იცით, რომ მისი ცხედარი ფრონტის ხაზიდან გამოყვანილი არ არის. დედამისი კი დღემდე ელოდება, არ უნდა დაჯერება, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ არის. სხვათა შორის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში, ცხედრების მორიგი გაცვლისას შესაძლოა, აღმოჩნდეს მისი ცხედარიც. მე უკვე გაფრთხილებული მყავს ხელმძღვანელობა, რომ დაუყოვნებლივ ჩამაყენონ საქმის კურსში. უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მისი ცხედარი მოიძებნოს, იმიტომ რომ ყველამ ნახა, რაც მან სიკვდილის წინ გააკეთა.
- რას გულისხმობ?
- კურსკის ოლქში, კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ასეულობით რუს ჯარისკაცთან მოუწია დაპირისპირებამ. დრონებით არის გადაღებული, როგორ იგერიებდა ერთი კაცი ასეულობით რუსს. ერთი თავდასხმა მოიგერია. მეორე ჯერზე დაიღუპა. პულიმიოტიდან, ავტომატიდან - ყველა ყველაფრიდან ისროდა რაც ხელში მოხვდა. რუსებს ეგონათ, რომ მინიმუმ ოცი კაცი მაინც იყო... ბოლოს რუსებმა ორი "შტურმავოი" გამანადგურებელი ააფრინეს და იქიდან ჩამოგდებული ყუმბამ მოკლა. ვიდეოშიც ისიც ჩანს როგორ ეძებდნენ რუსები ჯაბას გარდა სხვა ცხედრებს. ვერ იჯერებდნენ ერთი კაცი რომ ებრძოდათ. ერთ-ერთმა, ალბათ მეთაურმა ქუდი მოიხადა ჯაბას ცხედართან. ხმა არ ისმის, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მიცვალებულს პატივი მიაგო. ამიტომ იმიტომ გვაქვს, რომ მის ცხედარს პატივით დაგვიბრუნებენ.
- ფრონტის ხაზზე არსებული ზოგადი მდგომარეობა როგორია?
- ყოველდღე უარესდება ვითარება. არის ისეთი ადგილები, სადაც ჩვენ მივიწევთ წინ, მაგალითად, იქ, სადაც მე ვარ - სუმის ოლქში. შეიძლება ითქვას, რომ აქ რუსები საზღვრებამდე მივწიეთ, მაგრამ არის სხვა მიმართულებები, მაგალითად, დონეცკი, სადაც მდგომარეობა ძალიან მძიმეა. რუსებმა ბრძოლაში ახალი მეთოდები მოიგონეს - სანგრებში გაზის კაფსულებს ყრიან, რის გამოც ჩვენი ჯარისკაცები იძულებული ხდებიან გამოვიდნენ, შემდეგ კი ინტენსიურად ბომბავენ. ამას გარდა, რუსები, როგორც ტერორისტები, ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ცოტა ხნის წინ კონსტანტინოვკაში, დღისით, ქალაქის ბაზარი დაბომბეს.
- იარაღისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით რა მდგომარეობაა?
- ახლახან მივიღეთ ძალიან სერიოზული შეიარაღება. დღე-დღეზე ველოდებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გერმანიიდან.
- გაქვთ იმედი, რომ ეს ომი მოლაპარაკებით დასრულდება?
- მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. პუტინს თავისი მიზნები აქვს - ოდესა, ნიკოლაევი, ხერსონი. ხალხი, რა თქმა უნდა, დაიღალა. ოთხი წელია ომი მიმდინარეობს და მხოლოდ სამხედროები კი არა, მშვიდობიანი მოქალაქეებიც ძალიან ბევრს ვკარგავთ. ყველას სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებით დასრულდეს. მთავრობასაც ეს უნდა, მაგრამ პუტინს სხვა გეგმები აქვს. იმედი გვაქვს, რომ როდესაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მივიღებთ, მშვიდობიანი მოსახლეობა მაინც ამოისუნთქებს.