"ალ ჯაზირას“ 5 ჟურნალისტი, მათ შორის ცნობილი რეპორტიორი ანას ალ-შარიფი, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს, ისრაელის მორიგი დარტყმის შედეგად დაიღუპა.
"ალ ჯაზირას“ ცნობით, ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად, საავადმყოფოს მთავარ შესასვლელთან ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.
"კვირას მომხდარი მიზანმიმართული მკვლელობა პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ განზრახული თავდასხმაა", - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ანას ალ-შარიფზე თავდასხმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ის "ჰამასის ტერორისტული უჯრედის ხელმძღვანელად მსახურობდა“. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) განაცხადა, რომ მომხდარით შეძრწუნებულია.

"ეს არის ტენდენცია, რომელიც ისრაელში ვნახეთ - არა მხოლოდ მიმდინარე ომში, არამედ წინა ათწლეულების განმავლობაშიც იყო - როგორც წესი, ჟურნალისტს ისრაელის ძალები კლავენ, შემდეგ კი აცხადებენ, რომ ისინი ტერორისტები არიან“, - განუცხადა BBC-ს CPJ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოდი გინზბერგმა.
ომის განმავლობაში ისრაელმა საერთაშორისო ჟურნალისტებს ღაზაში თავისუფლად გადაღების უფლება არ მისცა. ამიტომ, ბევრი მედია საშუალება გაშუქებისთვის ტერიტორიაზე მყოფ ადგილობრივ რეპორტიორებს ეყრდნობა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში "ალ ჯაზირას“ ჟურნალისტებს ტერორისტობას აბრალებენ. CPJ-ის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ისრაელის სამხედრო შეტევის დაწყებიდან 186 ჟურნალისტი დაიღუპა.