ავტორი:

ძლიერი შტორმი აშშ-ში: წყალდიდობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა და ასობით გადადებული ავიარეისი -  რიგ რეგიონებში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

ძლიერი შტორმი აშშ-ში: წყალდიდობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა და ასობით გადადებული ავიარეისი -  რიგ რეგიონებში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

კვირა ღამით, აშშ-ში, ძლიერი შტორმის შედეგად, ასობით რეისი გადაიდო - FlightAware- ის ცნობით , მხოლოდ დენვერის საერთაშორისო აეროპორტში, მკაცრი ამინდის პირობების გამო, 21 რეისი გაუქმდა და 900-ზე მეტი რეისი გადაიდო.

"საუთვესტ ავიახაზებმა“ 339 დაგვიანება დააფიქსირა, "იუნაიტედ ავიახაზებმა“ - 244, ხოლო "სკაივესტმა“ - 157.

მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა კანზასის, აიოვას, ნებრასკას, მისურის, ილინოისის და ვისკონსინის შტატებში. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მილუოკი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონია - კვირას ძლიერი ნალექი დაფიქსირდა და მიმდებარე ტერიტორიაზე კი მდინარეებია ადიდებული.

მილუოკის სახანძრო სამსახურის ცნობით, რეგიონში გაზის გაჟონვის, სარდაფების დატბორვისა და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები დაფიქსირდა. წითელმა ჯვარმა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქალაქში ორი თავშესაფარი გახსნა.

PowerOutage.us- ის ცნობით, ორშაბათის მონაცემებით, ვისკონსინის შტატში თითქმის 14 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მილუოკის ოლქის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კროულიმ, ძლიერი წვიმისა და მასშტაბური წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"მილუოკის ოლქში წყალდიდობა კვლავ აქტიურ საგანგებო სიტუაციად რჩება. საღამოს კიდევ უფრო მეტ წვიმას ველოდებით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მილუოკის ოლქის მაცხოვრებლების სიცოცხლე და უსაფრთხოებაა.

მკაცრად მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, იყვნენ ფრთხილად, იყვნენ ინფორმირებულები და თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. შეამოწმეთ თქვენი მეზობლები და ახლობლები, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. მადლობელი ვარ ჩვენი პირველი რეაგირების ჯგუფების, სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური მომსახურების მუშაკების და მეზობლების, რომლებიც რთულ პერიოდში დახმარებას გიწევენ. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ, მილუოკი.“ - დაწერა კროულიმ X- ზე.

წყარო