2025 წლის ივლისი ქართულ კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვან თარიღად მოინიშნა. სწორედ ამ პერიოდში ჩატარდა ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი. იდეის ავტორი, ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლავთ ქართველი კულტურის მოღვაწე და ბიზნესმენი თიკა სვანიძე-ვენკო, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს უამრავი ეროვნული პროექტითა თუ ინიციატივით. ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა და საზოგადოების ყურადღება ნამდვილად მიიქცია. სწორედ ამ პროექტის შესახებ ვთხოვეთ ინტერვიუ ქალბატონ თიკას.
- 2025 წელს თქვენ დააარსეთ ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“, რომელიც მართლაც მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა თანამედროვე საქართველოსთვის. როგორ და როდის გაჩნდა ეს იდეა?
- ქართული კალიგრაფიული ხელოვნებით დიდი ხნის წინ დავინტერესდი. ჩემი კომპანიის, Tika Tours-ის მეშვეობით უამრავ ადამიანს გავაცანი საქართველო დედამიწის სხვადასხვა, ერთმანეთისაგან მკვეთრად დაშორებულ წერტილებში. ბუნებრივია, ქართული კულტურის და ზოგადად, ქართველი ერის შესახებ საუბარი შეუძლებელია ჩვენი დამწერლობის, ანბანისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული კალიგრაფიული ხელოვნების გარეშე. ქართული კალიგრაფია მართლაც არის ჩვენი ნაციონალური იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი და საყრდენი.
ბოლო წლებია, აქტიურად ვატარებ ევროპისა თუ აღმოსავლეთის წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ქართული კულტურის დღეებს, სადაც ყოველთვის გამორჩეული ადგილი უკავია უნიკალურ ქართულ კალიგრაფიას. ვმართავთ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასებს უცხოელებისთვის თუ ქართველი ემიგრანტებისთვის და ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენი დამწერლობის მისტიკური სამყაროს კარი შეაღონ. ეს სწორედ ის არის, რითაც უნდა ვამაყობდეთ - ჩვენ ხომ სამი ანბანი, ანბანის სამი სახეობა შევქმენით, როცა არსებობს დიდი ქვეყნები, რომლებსაც ერთი ანბანიც კი არ აქვს. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ერი ძალიან დიდი ისტორიით - სწორედ ამაში გვარწმუნებს ქართულ დამწერლობასა და კალიგრაფიულ ხელოვნებაზე ფიქრი.
ყოველივე აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა დაგვეარსებინა ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც „გულანი“ ვუწოდეთ. ის წელს პირველად ჩატარდა და ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ყოველწლიური სახე მიიღოს. ფესტივალის დაარსებას კი წინ უძღოდა ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელიც მომავალშიც უამრავ საინტერესო კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს შემოგთავაზებთ.

- როგორც ვიცით, პირველი ფესტივალი დიდი წარმატებით ჩატარდა და საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. ვინ მონაწილეობდნენ მასში და რა აქტივობებს მოიცავდა?
- ფესტივალი მართლაც იმაზე მასშტაბური აღმოჩნდა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ასეთ ინიციატივებს შეუძლიათ გაარღვიონ ყოველგვარი საზღვრები და ააშენონ კულტურული ხიდები. ვფიქრობ, ჩვენი ფესტივალის მთავარი მიღწევა ის არის, რომ მასში მონაწილეობდნენ ბავშვები არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, არამედ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ისტორიული ჰერეთიდან, ჩვენთან ერთად იყვნენ თურქეთიდან „ჩვენებურები“ და ფერეიდნელი ქართველებიც კი... ქართული კალიგრაფია იქცა დიალოგის უნივერსალურ ენად ჩვენს შორის... რა უნდა იყოს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებს გაუჩინო ქართულ ენაზე კალიგრაფიულად წერის სურვილი?!..
ფესტივალის ფარგლებში სწორედ მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, სენაკსა და სიღნაღში. ჩვენ აღმოვაჩინეთ უამრავი ბავშვი, რომლებსაც კალიგრაფიის დიდი ნიჭი აქვს და აუცილებლად დავეხმარებით პროფესიონალურად შეისწავლონ ეს ხელოვნება. მათი ნამუშევრები პროფესიონალ ქართველ კალიგრაფთა გვერდით გამოიფინა და ფესტივალის სტუმრები და დამთვალიერებლები ნამდვილად არ დარჩენილან გულგრილნი...

- ქალაბტონო თიკა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ფესტივალში იაპონური მხარეც მონაწილეობდა...
- მეტსაც გეტყვით, ფესტივალის ფარგლებში თავისი კალიგრაფიული ნამუშევრები წარმოადგინა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ. ისინი სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის შეიქმნა და რა საოცარია, რომ ბატონმა ელჩმა თავისი არაჩვეულებრივი კალიგრაფიული ოსტატობით დაწერა „შავი ზღვა, კავკასიონის მთები“. მადლობა მას ასეთი დაფასებისთვის, იაპონური კუთხე ჩვენი ფესტივალის ნამდვილ მშვენებად იქცა. იაპონური კალიგრაფია უძველესი და უნიკალურია, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში საუკეთესოც კია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ. ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია და ჩვენი კალიგრაფების საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ინგეტრაციაა.


- ფესტივალმა ასევე დააწესა ორი გრანპრი. თუ შეიძლება, გვიამბეთ გამარჯვებულების შესახებ.
- მართალი ბრძანდებით. ჩვენ გამოვავლინეთ ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები და მათ განსაკუთრებული ჯილდოები გადავეცით. ფესტივალის გრანპრი კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 161-ე სკოლას ერგო. ბავშვებს, რომლებმაც თავის მასწავლებელთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარი, საოცარი კალიგრაფიული ნამუშევარი შექმნეს. გარდა ამისა, ჩვენ დავაწესეთ ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პრიზი - ქართული კალიგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ის ქართული კალიგრაფიული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელს, ბატონ ოთარ მეგრელიძეს გადაეცა იმ ღვაწლის აღიარების მიზნით, რაც მან ათეული წლის მანძილზე გასწია.

- ფესტივალის ფარგლებში წარადგინეს თქვენი რიგით მეორე საავტორო წიგნი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, გამოცემამდე იცნობდა მკითხველი, რადგან ის იმ ფრაზებსა და გამონათქვამებს აერთიანებს, რომლებსაც თქვენს გვერდზე პერიოდულად აქვეყნებდით. რისი თქმა გსურთ ამ წიგნით? რა არის მისი მთავარი გზავნილი? თქვენი პირველი წიგნი „ქალი სხვა სამყაროდან“ რამდენიმე თვეში გახდა ბესტსელერი. რა მოლოდინი გაქვთ ახალ წიგნთან დაკავშირებით?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩემი წიგნი „გულანი“ სწორედ ქართულ კალიგრაფიასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. მასში კალიგრაფიულადაა ჩაწერილი ის ფრაზები, გამონათქვამები და დაკვირვებები, რომლებსაც ბოლო სამი წლის მანძილზე აქტიურად ვაქვეყნებდი და ვუზიარებდი ჩემს აუდიტორიას. გარდა ამისა, პოლიგრაფიულად გაფორმებულია ქართული კალიგრაფიის დიდებული ნიმუშებით, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გადმოგვცა.
რაც შეეხება „გულანის“ შინაარსს... მასში მოცემულია ჩემი სხარტი, აფორიზმის ესთეტიკის დაკვირვებები ადამიანებზე, ცხოვრებაზე, სამყაროზე... თავიდან რამდენიმე მათგანი გამოვაქვეყნე ჩემი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და გამოხმაურებებმა გამაკვირვა და გამახარა. ათასობით ადამიანი აზიარებდა და მწერდა, რომ ჩემი ფრაზები მათ ძალიან ეხმარებოდა. ამან სტიმული მომცა, რომ წერა გამეგრძელებინა და, საბოლოო ჯამში, წიგნამდეც მივედი. თანამედროვე სამყაროში დროის აღქმა ძალიან აჩქარებულია, ყველას სადღაც მიეჩქარება, აგვიანდება, თითქოს სქელტანიანი ტექსტების დრო წარსულს ჩაბარდა... ამ ქაოსსა და ორომტრიალში მოსმენილმა ერთმა ფრაზამ შეიძლება სინათლე შეიტანოს ადამიანის ცხოვრებაში, წამით შეასვენოს და რაღაცაზე ჩააფიქროს, დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში... მახსოვს, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, როცა ჩემს მკითხველს ვხვდებოდი, ერთ-ერთი მათგანი გამეცნო და მითხრა: „იცით, მე თქვენმა ფრაზამ გადამარჩინა. როცა ძალიან რთული ცხოვრებისეული დილემის წინაშე ვიდექი და არ ვიცოდი, რა მექნა, სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით შემხვდა სადღაც თქვენი ფრაზა და მე მივხვდი, რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო“. არასოდეს დამავიწყდება მისი მადლიერი სიტყვები. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი. ლიტერატურა ხომ იმ მოტივაციით იქმნება, რომ ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში დაეხმაროს.

- კალიგრაფიის ფესტივალთან ერთად საქართველოს ქალაქებში პირველმა ქართულმა დიასპორულმა თეატრმა „დაბრუნებამაც“ იმოგზაურა. გვახსოვს, როგორი ემოციებით შეხვდა ქართული საზოგადოება შარშან თეატრის მიერ შემოთავაზებულ „Helados”-ს. როგორ ჩაიარა წლევანდელმა პრემიერამ?
- ემოციები, რომლებიც ამ დღეებმა მოუტანა თითოეულ ჩვენგანს, ჯერაც არ განელებულა. 160-ზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა ემიგრაციიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ისტორიული ჰერეთიდან... ჩვენთან ერთად იყვნენ თურქეთიდან „ჩვენებურები“ და ფერეიდნელი ქართველებიც კი.
როცა „დაბრუნებას“ ვაარსებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ძალიან მალე ასეთ საერთო სახალხო დღესასწაულად იქცეოდა ჩვენი ვიზიტები საქართველოში... და აი, დადგა მომენტი, როცა ჩვენ საქართველოს მთავარ სცენაზე, რუსთაველის თეატრის სცენაზე ავედით და ეს ამ ბავშვებისა და ჩემი გუნდის ერთობლივი და დაუღალავი შრომის შედეგია. „მიდი, შეცვალე სამყარო!“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც არაჩვეულებრივად ითამაშეს ბავშვებმა. მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი რეჟისორი თესალონიკიდან, ბატონი მალხაზ რაზმაძე (მიშა რატიანი), რომელმაც არა მხოლოდ დადგა ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი, არამედ თავადვე დაწერა ძალიან ორიგინალური პიესა ემიგრაციის თემის შესახებ... შემდეგ იყო დადგმები სენაკში, ზუგდიდსა და სიღნაღში; დღეები, რომლებმაც უამრავი ემოცია, სიხარულის ცრემლი მოგვიტანა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ამ რწმენის გარეშე რთულია შექმნა რამე დიდებული და დასამახსოვრებელი. ჩვენ ამის გვჯერა.

- ქალბატონო თიკა, კიდევ რას უნდა ველოდოთ თქვენგან? რა გეგმები აქვს ქართული კალიგრაფიის პირველ საერთაშორისო ასოციაციას?
- როცა ემიგრაციაში ცხოვრობ, მუდმივად ეძებ კავშირის ძაფებს შენს ქვეყანასთან. თითქოს მეტი პასუხისმგებლობა გაქვს ქართველად ბოლომდე დარჩენისა და არ გაქვს არანაირი უფლება შენი იდენტობის დავიწყებისა. ამ თვალსაზრისით უფრო კონცენტრირებული ხარ. ქართული კალიგრაფიაც, ხელით წერის ხელოვნება ერთგვარი მეხსიერების სავარჯიშოა. დაკვირვებული ვარ - არ ვიცი რატომ, მაგრამ როდესაც ულამაზესი ქართული ასოები მთელი რუდუნებითა და სიყვარულით ხელით გამოგყავს თეთრ ფურცელზე, ამ მომენტში ყოველთვის სიამაყისა და აღტაცების ემოცია გეუფლება იმის გამო, რომ ქართველი ხარ. თითქოს ქართული ანბანის გავლით შენში შენი ერის მთელი ისტორია ცოცხლდება...
მინდა ეპოქაში, როცა ყველაფერი კომპიუტერიზებული და ავტომატიზებულია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი დავაბრუნო ფურცელთან და ვაზიარო ხელით წერის მაგიურ ხელოვნებას. ჩვენი შემდეგი მცდელობები სწორედ ამისკენ იქნება მიმართული.


R