აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსახლკარო ადამიანებმა ვაშინგტონი უნდა დატოვონ.
"უსახლკაროები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ დედაქალაქიდან. ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ ვაშინგტონიდან შორს. კრიმინალებო, თქვენ გადასვლა არ გჭირდებათ, ციხეში ჩაგსვამთ იქ, სადაც თქვენი ადგილია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მისივე თქმით, ორშაბათს თეთრ სახლში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ქვეყნის დედაქალაქში ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის გეგმებს გაასაჯაროებს. პრეზიდენტის ახალი გეგმა ქალაქში "დანაშაულის, მკვლელობისა და სიკვდილის“ დასრულებას და მის "ფიზიკურ რეკონსტრუქციას“ ისახავს მიზნად.

ივლისში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უსახლკარო ადამიანების დაპატიმრებას ამარტივებს. გასულ კვირას კი ფედერალურ სააგენტოებს, მათ შორის აშშ-ის პარკების პოლიციას, ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციას, FBI-სა და მარშლების სამსახურს, ვაშინგტონში განლაგება დაავალა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, რომ შაბათს ღამით ქალაქის ქუჩებში 450-მდე ფედერალური აგენტი იმყოფებოდა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (Doge) ყოფილ თანამშრომელს დაესხნენ თავს. საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ ორი 15 წლის მოზარდი დააკავა.

ქალაქის პოლიცია იუწყება, რომ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი ქალაქში 26 პროცენტითაა შემცირებული, გასულ წელს მთლიანი დანაშაულის შემცირების მაჩვენებელი 7% იყო.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში უზარმაზარი თანხა დავხარჯეთ ამ ქალაქში ძალადობრივ დანაშაულთან საბრძოლველად და ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიყვანეთ“, - ამბობს ვაშინგტონის მერი.
ვაშინგტონში მკვლელობების მაჩვენებელი აშშ-ს სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი რჩება, წელს 98 მკვლელობა დაფიქსირდა. ქვეყნის დედაქალაქში ეს მაჩვენებელი ათწლეულის განმავლობაში იზრდება.