ავტორი:

რა არის ბირთვული ზამთარი და რისთვის უნდა ვიყოთ მზად? - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა და პროგნოზები

რა არის ბირთვული ზამთარი და რისთვის უნდა ვიყოთ მზად? - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა და პროგნოზები

მსოფლიოში პოლიტიკურ არენაზე დაძაბულობის ზრდის ფონზე პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაასაჯაროვეს უახლესი კვლევა იმის თაობაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოებს შორის ბირთვულ ომს. პროგნოზები კატასტროფულია: წარმოუდგენელი მასშტაბის შიმშილი, მასობრივი სიკვდილი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების თანდათანობითი გადაგვარება.

Environmental Research Letters -ში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ბირთვული ომები წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანური და გენეტიკურ რესურსების დაკარგვას გამოიწვევს, ხოლო “ბირთვული ზამთარის“ ეფექტი, რომელიც ამ ომებში ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქტიულობაზე კატასტროფულად აისახება.

ტერმინი “ბირთვული ზამთარი“ პირველად აშშ-სა და სსრკ -ს შორის ცივი ომის პერიოდში გამოიყენეს. ის ასახავს კლიმატის იმ ჰიპოთეზურ მდგომარეობას, როდესაც მასშტაბური ომის დროს ასობით ბირთვული ქობინის აფეთქების შედეგად, დედამიწის ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობის კვამლი და ჭვარტლი გაიფრქვევა, რაც შეაფერხებს მზის სხივების ზედაპირამდე მიღწევას და პლანეტაზე ტემპერატურის მნიშვნელოვან დაცემას გამოიწვევს.

კვლევის ავტორების განცხადებით დღევანდელ მოცემულობაში, “ბირთვული ზამთრის“ ეფექტი 10 წელზე მეტ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, რაც იმ ადამიანებში, ვინც პირველ აფეთქებებს გადაურჩება ფართომასშტაბიან შიმშილს გამოიწვევს.

შედეგების მასშტაბები, მკვლევრებმა, სიმინდის - მსოფლიოს ყველაზე ფართოდ გაშენებული მარცვლეულის მაგალითზე განსაზღვრეს. აღმოჩნდა, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული ომი პირობებში ატმოსფეროში დაახლოებით 165 მილიონ ტონა ჭვარტლი მოხვდება, რის შედეგადაც სიმინდის მოსავალი წელიწადში 80%-ით შემცირდება. რეგიონული ბირთვული ომის დროს რომელიც მხოლოდ 5,5 მილიონ ტონა ჭვარტლს გაფრქვევას გამოიწვევს, სიმინდის მსოფლიო წარმოება 7%-ით იკლებს.

"ატომური აფეთქებების ტალღა და ცეცხლოვანი ბურთი სტრატოსფეროში აზოტის ოქსიდებს წარმოქმნის“, - განმარტავენ მეცნიერები. “აზოტის ოქსიდების არსებობა და ჭვარტლის მიერ გამოწვეული ტემპერატურის მატება ოზონის ფენას გაანადგურებს, ეს კი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობას გაზრდის, რაც დამღუპველად აისახება მცენარეთა ქსოვილებზე და კიდევ უფრო შეზღუდავს წარმოებული სურსათის რაოდენობას", - ვკითხულობთ კვლევაში.

"თუ გვინდა გადარჩენა, უნდა ვიყოთ მზად, თუნდაც წარმოუდგენელი შედეგებისთვის,“ - აცხადებენ მეცნიერები.

მათი განმარტებით, ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მცენარეთა იმ გამძლე ჯიშების გამოყვანაა, რომლებიც ცივ ამინდშიც, დროის შედარებით მცირე პერიოდში იძლევიან მოსავალს. უკვე სავარაუდო კონფლიქტამდე დიდ რაოდენობით უნდა იქნეს დამზადებული სპეციალური “სასოფლო-სამეურნეო ნაკრებები“, რომლებიც სწორედ ამ სახის მცენარეთა თესლით იქნება დაკომპლექტებული. ეს დაეხმარება კაცობრიობას ომის შემდგომ არასტაბილურ წლებში თანდათან აღადგინოს ლოგისტიკური ჯაჭვი და ინფრასტრუქტურა. თუმცა ყველაზე პოზიტიური პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო სასურსათო წარმოების ომამდელ მასშტაბების მიღწევას მინიმუმ 10-12 წელიწადში შეძლებს, მანამდე კი მხოლოდ შიმშილი მილიონობით ადამიანს შეიწირავს.

წყარო