ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის წინ, რომელიც ალასკაზე გაიმართება, რუსეთი და უკრაინა კვლავაც აგრძელებენ შეტევებს. ცნობილი ხდება, რომ წუხელ უკრაინულმა დრონებმა საკმაოდ მასშტაბურად შეუტიეს აგრესორი ქვეყნის ტერიტორიას.
11 აგვისტოს ღამეს თავდასხმა მოხდა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ორ სამრეწველო ზონაზე, - ამის შესახებ განაცხადა გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა. მისი თქმით, ქალაქ არზამასში დაიღუპა ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თანამშრომელი (საწარმოს დასახელება ნიკიტინმა არ დაასახელა), ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს..
გამოცემები "უკრაინსკა პრავდა“ და "რბკ უკრაინა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 11 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრ А-ს დრონებით დაარტყეს არზამასში მდებარე, პლანდინის სახელობის დანადგარმშენებელ ქარხანას, რომელიც Х-32 და Х-101 ტიპის რაკეტებისთვის აწარმოებს ჰიროსკოპიულ მოწყობილობებს, მართვის სისტემებს და საბორტო კომპიუტერებს.
წყაროთა თანახმად, ქარხანაზე პირდაპირი დარტყმა იყო მინიმუმ ოთხი დრონით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათ დილით განაცხადა, რომ ღამით ჩამოაგდეს 25 უკრაინული უპილოტო აპარატი, ძირითადად, როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის თავზე.
"როსავიაციამ“ ღამით დახურა სარატოვისა და პენზის, დილით კი ულიანოვსისა და სამარის აეროპორტები. დღეს დილით "დრონების თავდასხმის საფრთხის“ შესახებ გამოაცხადა ორენბურგის ოლქის ხელმძღვანელმა, თუმცა ეს რეგიონები სამინისტროს განცხადებაში არ ფიგურირებს.
რაც შეეხება თავდასხმების შედეგებს, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელმა და სტავროპოლის მერმა დილით სოციალურ ქსელებში განაცხადეს, რომ არავინ დაშავებულა და ნგრევა მინიმალურია. სხვა წყაროებიდან სანდო ინფორმაცია შედეგების შესახებ არ არსებობს.
ზოგიერთმა უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სტავროპოლში დრონმა დაარტყა ქარხანა "მონოკრისტალს“ და გამოაქვეყნა ადგილობრივი მოსახლეების ფოტოები და ვიდეოები, სადაც შორი აფეთქება, ცეცხლი და კვამლის ღრუბელი ჩანს სამრეწველო შენობის მახლობლად, თუმცა ამ ფოტოებსა და ვიდეოებში ქარხანაზე დარტყმის დამაჯერებელი მტკიცებულება არ ჩანს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში სპეციალური ბრძანებით აკრძალეს დრონების თავდასხმების ფოტო-ვიდეო გადაღება და ინტერნეტში განთავსება - ამის შესახებ ოლქის დროებითმა ხელმძღვანელმა იური სლიუსარმა ორშაბათს განაცხადა. ამ აკრძალვის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმებიც - ფიზიკური პირებისთვის - 5000 რუბლამდე.
"ჩვენი ამოცანაა ავიცილოთ თავიდან ინფორმაციის გაჟონვა, რომლითაც მტერი შეიძლება ისარგებლოს. ამისათვის იკრძალება ფოტო, ვიდეო და კინო გადაღება, ასევე ინტერნეტში ან მედიაში გამოქვეყნება სარაკეტო შეიარაღების, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების პროცესის ან შედეგების, ასევე სამხედრო ნაწილების და ქვედანაყოფების დისლოკაციისა და საქმიანობის შესახებ", - დაწერა სლიუსარმა თავის ტელეგრამ-არხში.
ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტმა რუსეთმა დაარტყა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრს: არიან დაღუპულები და დაჭრილები