ავტორი:

რა გამოწვევები აქვთ ახალგაზრდებს საქართველოში? - ინტერვიუ UNFPA-ს პროგრამის მენეჯერ მარიკა ქურდაძესთან

რა გამოწვევები აქვთ ახალგაზრდებს საქართველოში? - ინტერვიუ UNFPA-ს პროგრამის მენეჯერ მარიკა ქურდაძესთან

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა და მისი აღნიშვნით ხაზი ესმება ახალი თაობის ფასდაუდებელ როლსა და წვლილს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. ამავდროულად კი, საერთაშორისო საზოგადოება უფრო ღიად საუბრობს იმ გამოწვევებისა და სურვილების შესახებ, რაც ახალგაზრდებს აქვთ. აღნიშნული კი მრავლადაა საქართველოში - ქვეყანაში, სადაც საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 31% არ არის ჩართული შრომით ბაზარზე და არ იღებს მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში, რაც მათი ადამიანური კაპიტალის რეალიზებას უშლის ხელს.

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს 15-29 წლის ახალგაზრდები შეადგენენ და უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხარდაჭერითა და კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობით მათ შეძლონ თანამედროვე შრომის ბაზრისთვის შესაბამისი ცოდნის მიღება და თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. სამწუხაროდ, დღეს ბევრ ახალგაზრდას ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი საბაზისო საგანმანათლებლო რესურსებზე და ვერ ერთვება ისეთ პროცესებში, რომელიც ცნობიერების ამაღლებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წლებია, საქართველოში ახორციელებენ ახალგაზრდების მხარდამჭერ პროექტებს, რომელიც მთელს ქვეყანას ფარავს. UNFPA-ს პროექტები ბევრისთვის კარგად არის ცნობილი, მათ შორისაა: „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის საკითხებს; ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი პლატფორმები „განძი“ და ფანჯარა“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის საინტერესო თემების გაშუქებას ემსახურება; კომიქსი „უჩინარი“, სამაგიდო თამაში „პერსონა“ და სხვა.

პროექტების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად მიჰყევით ბმულს.

უფრო დეტალურად, რა სიახლეებითა და გამოწვევებით ხვდება ჩვენი ქვეყანა 2025 წლის 12 აგვისტოს - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ საპასუხოდ, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერი მარიკა ქურდაძე საუბრობს:

მარიკა ქურდაძე. ფოტო კრედიტი: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

· თავდაპირველად გკითხავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების პრობლემებზე საჯაროდ საუბარი და ხდის თუ არა ეს მათ პრობლემებს უფრო ხილვადს?

ახალგაზრდები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს წარმოადგენენ. ამ რიცხვის მიღმა დგას განუზომელი პოტენციალი, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარების ქვაკუთხედი და მამოძრავებელია. მიუხედავად ამისა, ხშირად ნაკლებს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა საჭიროებები აქვთ ახალგაზრდებს დღეს, რაც განაპირობებს მათი ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ხვალ. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად, 12 აგვისტოს, გაერო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, ახალგაზრდების უფლებები და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, რათა უფრო ხილვადი გახდეს მათი საჭიროებები, უფლებების დაცვა და მონაწილეობის მნიშვნელობა. ამ საკითხების ხაზგასმა განაპირობებს ახალგაზრდების საჭიროებების საჯარო დღის წესრიგში დაყენებას, შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას და საპასუხო სტრატეგიების, პოლიტიკის, სერვისების დანერგვის შესახებ მსჯელობის დაწყებას, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

· გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევებისა და დაკვირვების თანახმად დღეს რა პრობლემები აწუხებთ ახალგაზრდებს?

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების შესახებ მონაცემების მოპოვება მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების გამოსავლენად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შესამუშავებლად.

მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდები დღემდე აწყდებიან ბარიერებს, რაც ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას. მაგალითად, ახალგაზრდების 31% არ არის ჩართული შრომით ბაზარზე და არ იღებს მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში, რაც მათი ადამიანური კაპიტალის რეალიზებას უშლის ხელს. 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც განათლებას იღებს, მათ შორის ჭარბობენ ახალგაზრდა ქალები, რომელთა ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და სერვისებზე კიდევ უფრო შეზღუდულია. ამასთან, ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციაზე, ასევე აუცილებელ სერვისებზე, მათ შორის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობის, ინფორმირებული არჩევანისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ეს კი ზრდის რისკს, რომ ბევრი ახალგაზრდა შეიძლება აღმოჩნდეს საკუთარი უფლებებისა და არჩევანის ხელყოფის საფრთხეში. ამასთან, მონაცემები მეტყველებს, რომ გენდერული სტერეოტიპები და ნორმები, ხშირად აყენებს ახალგაზრდებს საზიანო რისკის ქვეშ, რომლის გამოვლინებაა ბავშვობის ასაკში ქორწინება და ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭება. სტერეოტიპები, რომელსაც ახალგაზრდები აწყდებიან, ხშირად უქმნის ბარიერს მათი მისწრაფებების და მიზნების რეალიზებას, რაც მნიშვნელოვანი დანაკარგია როგორც თემისა და რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის. თანამედროვე სამყაროში, ამ ტიპის დისკრიმინაცია და სტერეოტიპები ციფრულ სივრცეშიც ინაცვლებს და შეიძლება გამოიწვიოს ზიანიც, რომლის მსხვერპლიც ხშირად ის ახალგაზრდები ხდებიან, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ტექნოლოგიებს.

· UNFPA-ს შეფასებით კონკრეტულად რა იგულისხმება ახალგაზრდების უფლებებში და ხდება თუ არა მათი ჯეროვნად ადვოკატირება ჩვენს ქვეყანაში?

გაეროს მოსახლეობის ფონდი მთელს მსოფლიოში ახალგაზრდების უფლებების სადარაჯოზე დგას და მისი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეძლონ. მათ აქვთ უფლება, ცხოვრობდნენ გარემოში, სადაც მათი უსაფრთხოება და არჩევანი დაცულია, ხოლო ახალი შესაძლებლობები -უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს ისეთი მექანიზმების შექმნას, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე. გარდა ამისა, ახალგაზრდების უფლებაა, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია არჩევანის გასაკეთებლად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მათი ჯანმრთელობა და მომავალი. მათი უფლებაა, იყვნენ დაცულები გენდერული ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, მათ შორის ციფრულ სივრცეში, რომელიც ხელს უშლის მათი პოტენციალისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, UNFPA ეროვნულ პარტნიორებთან და თავად ახალგაზრდებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს ქვეყანას შექმნას სათანადო პირობები, უპასუხოს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განახორციელოს თანამიმდევრული, საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად, სადაც ასახული და გათვალისწინებულია მათი საჭიროებები, მათ შორის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან, და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით კი ადგილობრივ დონეზე. ამ მუშაობის შედეგია ახალგაზრდობის ეროვნული კონცეფცია, რომელიც საქართველომ 2020 წელს მიიღო და სწორედ ეს განსაზღვრავს ახალ თაობასთან და მათ განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვას შემდეგი 10 წლის განმავლობაში. ქვეყანამ დაამტკიცა 2023-2026 წლების ახალგაზრდული სტრატეგიაც, სადაც ასახული ახალგაზრდების საჭიროებები, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ ხედვის სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებში ასახვა, რათა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გახდეს უფრო ქმედითი, ახალგაზრდების საჭიროებებზე ორიენტირებული და ეფექტური.

· პროექტები, რომელსაც UNFPA საქართველოში თავად და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, რამდენად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ახალი კავშირების გაჩენას მათ შორის?

უსმენს რა ახალგაზრდებს, UNFPA ძალისხმევას არ იშურებს, რათა მათი ხმა უფრო ფართოდ ისმოდეს და მხარს უჭერს მათ მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. ამ ძალისხმევის ნაწილია განახლებული მონაცემების მოპოვება ახალგაზრდებში გენდერულ თანასწორობაზე, საზიანო პრაქტიკებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, სხეულის ავტონომიაზე; ასევე ციფრულ უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივ დონეზე ცვლილებების წახალისება, რომელსაც თავად ახალგაზრდები ახორციელებენ. UNFPA-ში გვჯერა, რომ საჭირო ცოდნით და უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდები შეძლებენ უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და არჩევანი, და ამავდროულად წვლილი შეიტანონ ეკონომიკური და სოციალური პროცესების ტრანსფორმაციაში. ეს ტრანსფორმაცია კი პირველ რიგში იწყება ადგილობრივ დონეზე. ამ საქმიანობის ნათელი მაგალითია ინიციატივა “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის”, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და ადგილობრივ დონეზე უწყობს ხელს დამკვიდრებული ნორმების ტრანსფორმაციას.

· გვაქვს თუ არა გარკვეული გამოწვევები გენდერული კუთხით? კონკრეტულად, რა არის მთავარი გამოწვევა და რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის საპასუხოდ?

მონაცემები გვიჩვენებს, რომ გენდერული სტერეოტიპები და ნორმები იცვლება და ეს ცვლილება დიდწილად სწორედ ახალგაზრდების გავლით ხდება. თუმცა საგულისხმოა, რომ ძალას იკრებს შედარებით კონსერვატორული შეხედულებები გენდერული როლების მიმართ, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცებში, რაც მიანიშნებს ტარგეტირებული ინტერვენციების გატარების მნიშვნელობაზე. ნათელია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები და ნორმები, ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე აფერხებს. ზოგიერთ ოჯახში კვლავაც შეინიშნება მკვეთრად გამოხატული უპირატესობა ვაჟების მიმართ, რაც გოგოებს არახელსაყრელ და დისკრიმინაციულ პოზიციაში აყენებს. ეს დამოკიდებულებები ვლინდება შვილის ყოლის, ადრეულ ასაკში ქორწინების, მემკვიდრეობის განაწილების, პროფესიის არჩევისა თუ კარიერული განვითარების პროცესში. მათ მიმართ არსებული სტერეოტიპები კარნახობს, რაზე იოცნებონ, რა მისწრაფებები უნდა ჰქონდეთ და რა როლი შეითავსონ, ოჯახში და მის მიღმა. ალბათ ყველას გვსმენია, რომ „ამ გოგოს ბიჭის ტვინი აქვს“, „ფიზიკა ბიჭივით კარგად გამოსდის“ და ა.შ. ეს ხშირად განაპირობებს იმას, რომ გოგოები დისტანცირებიდან ისეთი სფეროებისგან, როგორიც არის მაგალითად ტექნოლოგიები, მეცნიერებები და ა.შ. ამავდროულად ბიჭები ხშირად ხდებიან ტოქსიკური მასკულინობის ნორმების მსხვერპლი, რომელიც გავლენას ახდენს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ემოციების გამოხატვის და გენდერული როლის ფორმირებაზე.

ამრიგად მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ყველა გოგოსა და ბიჭის უსაფრთხო და ჯანსაღ განვითარებას, სტერეოტიპებისგან თავისუფალი შეხედულებებით გადასვლას მოზარდობიდან სრულწლოვანებაში. ახალგაზრდებისათვის ყველა გარემო უსაფრთხო და მხარდამჭერი უნდა იყოს - იქნება ეს სახლი, საკლასო ოთახი, თუ ციფრული სივრცე.

· მიუხედავად იმისა, რომ წლებია, მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა კამპანია და კანონმდებლობაც გამკაცრდა, მაინც პრობლემად რჩება ადრეული ქორწინება. დღეს რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში, როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას გასულ წლებთან შედარებით და როგორ შეიძლება მოხდეს ადრეული ქორწინების ეფექტიანად პრევენცია?

ბავშვობის ასაკში ქორწინება ბავშვის უფლების უხეში დარღვევაა, რაც მათ ართმევს ბავშვობას, ხელს უშლის სრულფასოვანი განათლების მიღებას, საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, ზღუდავს მათი განვითარებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებს. დღემდე, ბიჭებთან შედარებით ბევრად მეტი გოგოა ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბავშვობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი განახევრდა, ის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მთელს ქვეყანაში. კვლევის მონაცემებით, საქართველოში 20-24 წლის ქალების 7% 18 წლამდე დაქორწინდა, რაც 2018 წელს შეადგენდა 14%-ს. თუ ჩვენ ამ მონაცემებს დასახლების ტიპის მიხედვით ჩავშლით, დავინახავთ, რომ დრამატული განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის. ქალაქად ეს მაჩვენებელი 2%-ია, ხოლო სოფლად 19%-ს შეადგენს. ვითარება განსხვავებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებშიც, სადაც ეს საზიანო პრაქტიკა უფრო გავრცელებულია. ბავშვობის ასაკში ქორწინების განმაპირობებელ ძირითადი ფაქტორია სიღარიბე, განათლების დაბალი დონე, მათ შორის, ინფორმაციის ნაკლებობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის მომსახურებებზე შეზღუდული წვდომა, ქორწინებასთან და სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული გენდერული ნორმები.

ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრა საჭიროებს მრავალსექტორულ მიდგომას, მათ შორის პრევენციული და საპასუხო ღონისძიებების გაძლიერებას, რაც მოიცავს განათლებისა და პროფესიული მომზადების შესაძლებლობების გაფართოებას, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების ინტეგრირებას ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინების საზიანო შედეგების შესახებ, სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ა.შ.

· იმის გათვალისწინებით, რომ მრავალეთნიკურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ზოგიერთ რეგიონში ქართულ ენასთან დაკავშირებით გარკვეული ბარიერები არსებობს, ხშირად ახალგაზრდებს არ მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე, იქნება ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები თუ სხვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი პრობლემაა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის?

რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ხშირად აწყდებიან გამოწვევებს გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და უფლებებთან არის დაკავშირებული. ეს გამოწვეულია ენობრივ ბარიერითა და ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების ნაკლებობით.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმის არსებობა, რომელიც სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას მიაწვდის ახალგაზრდებსა და საზოგადოების სხვა წევრებს, რათა მათ საკუთარი მომავლისა და განათლების შესახებ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლონ. მსგავსი სტრატეგიის მაგალითია რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით შექმნილი ორენოვანი პლატფორმები „განძი“ და „ფანჯარა“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების გაძლიერება და ინფორმირება. პლატფორმების აუდიტორიას სხვადასხვა ენაზე მიეწოდება სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭება), საზიანო პრაქტიკებთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, ახალგაზრდულ სექტორში მიმდინარე მოვლენები და სიახლეები.

· კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ახალგაზრდებში არსებობს, არის ბულინგი, რომელმაც კიბერსივრცეშიც გადაინაცვლა და კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. როგორ ამაღლდეს აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობიერება და რამდენად ეფექტიანია პროექტები, რომელსაც ბულინგთან დაკავშირებით UNFPA ახორციელებს?

ციფრულ სამყაროში დაბადებული ახალგაზრდები სარგებლობენ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც მათ ტექნოლოგიები სთავაზობს, მათ შორისაა წვდომა განათლებაზე, დასაქმებასა და სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარისხიან ინფორმაციაზე. ამავე დროს, ამ პროცესს შესაძლოა ისეთი რისკებიც ახლდეს, როგორებიცაა ციფრულ ტექნოლოგიებზე არათანაბარი წვდომა, დისკრიმინაციის გაღვივება და ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოზარდი გოგოების, მიმართ გენდერული ძალადობის გამოვლინება. გლობალური მონაცემების თანახმად ქალებისა და მოზარდი გოგოების 58%-ს გამოუცდია შევიწროება ონლაინ სივრცეში. ციფრულ სივრცეში ახალგაზრდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ძალადობა ონლაინ პლატფორმებზე უფრო ხილვადი იყოს, რათა მასზე რეაგირება ქმედითი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ საჭირო უნარები და ინფორმაცია, ძალადობის ფორმებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ, და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ის მომსახურებები, რომლებიც საჭიროა ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და ზიანის თავიდან ასაცილებლად. დამატებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან თანამშრომლობაც, რათა ტექნოლოგიები, რომელსაც ახალგაზრდები მოიხმარენ, დიზაინის ეტაპზევე გახდეს უსაფრთხო და დაცული.

· დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საჯარო თუ კერძო სექტორმა, რომ ახალგაზრდები გაძლიერდნენ სოციალურად და ფინანსურად და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის? არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან?

როგორც მტკიცებულებები გვიჩვენებს, ახალგაზრდებში ინვესტირება, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიაა ქვეყნებისთვის, რომლებიც დემოგრაფიული რყევების, მიგრაციის, მოსახლეობის დაბერებისა და შვილების სასურველი რაოდენობის შემცირების ფონზე ცდილობენ გააძლიერონ ახალგაზრდები, რათა მათი ადამიანური კაპიტალი იქცეს მდგრადი საზოგადოების მშენებლობის საფუძვლად. ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და განათლების ხელშეწყობით, მათი კეთილდღეობის და ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფით, საჯარო და კერძო სექტორში ისეთი პოლიტიკისა და სერვისების დანერგვით, როგორიცაა „ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა“; ხელმისაწვდომი დეკრეტული შვებულება, ადრეული განვითარების სერვისები; სქესთან, დასახლების ტიპთან და ენასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობის მქონე ახალგაზრდებისთვის, განაპირობებს უფრო ძლიერი თაობის მომზადებას, რათა მათ ეფექტურად შეძლონ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება.