ბოლო 2 წლის განმავლობაში მეცნიერები აფიქსირებენ უჩვეულო კოსმოსურ სიგნალს, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 15 000 სინათლის წლის მანძილიდან მოდის. სიგნალი ზუსტად ყოველ 44 წუთში ერთხელ ჩნდებოდა და მისი წყაროს დადგენა აქამდე ვერ ხერხდებოდა. ახლა კი NASA-სა და ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის ასტრონომებმა შეძლეს მისი იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს სიგნალი მოდის ობიექტიდან, რომელსაც ASKAP J1832-0911 ეწოდება.
მეცნიერების თქმით, ASKAP J1832-0911 განსაკუთრებულია იმით, რომ ერთდროულად გამოსცემს როგორც რადიოტალღებს, ისე რენტგენის სხივებს - მსგავსი ქცევა აქამდე კოსმოსში არასოდეს დაფიქსირებულა. თითოეული იმპულსი დაახლოებით ორ წუთს გრძელდება, რის შემდეგაც დგება პაუზა და მხოლოდ 44 წუთის შემდეგ მეორდება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ახალი ტიპის მაგნეტართან - ეს არის მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენი, რომელიც გამორჩეულია უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველით.
ASKAP J1832-0911 მიეკუთვნება იშვიათი კლასის ობიექტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც გრძელპერიოდიანი გარდამავალი მოვლენები (LTP) - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთი სულ ათია აღმოჩენილი. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ობიექტი ერთდროულად ორ სპექტრში ასხივებს, რითაც ეწინააღმდეგება ყველა აქამდე არსებულ ასტროფიზიკურ მოდელს.
ასტრონომები აპირებენ დაკვირვებების გაგრძელებას სხვადასხვა ტიპის ტელესკოპებით და არ გამორიცხავენ, რომ კვლევაში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც ჩაერთოს, რათა საბოლოოდ აიხსნას ამ კოსმოსური გამოცანის ბუნება.