ავტორი:

“მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ...“ - 47 წლის სტუდენტი, მასწავლებელი, სამხედრო პირი, მეეზოვე და 7 შვილის დედა: როგორ შეძლო მეგი თათეშვილმა საკუთარი ოცნებების ასრულება

“მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ...“ - 47 წლის სტუდენტი, მასწავლებელი, სამხედრო პირი, მეეზოვე და 7 შვილის დედა: როგორ შეძლო მეგი თათეშვილმა საკუთარი ოცნებების ასრულება

მეგი თათეშვილმა საკუთარ თავს უკვე რამდენჯერ დაუმტკიცა, რომ თავისი უნარებით, შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით ამა თუ იმ დასახული მიზნის შესრულება შეუძლია.

ეს ქალბატონი მასობრივად 2023 წელს გაიცნეს, როცა 7 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია 45 წლის ასაკში სტუდენტი გახდა... როგორ ცხოვრობს დღეს 47 წლის სტუდენტი, კიდევ რის მიღწევა უნდა და რა გეგმები აქვს ცხოვრებაში დასახული, ამაზე სანამ თავად გვიამბობს, მე მხოლოდ იმას დავძენ, რომ მართლა პირველად შევხვდი ქალბატონს, რომელიც ერთდროულად არის მასწავლებელი, სტუდენტი, სამხედრო პირი, მეეზოვე და მრავალშვილიანი დედა...

მეგი თათეშვილი:

- 7 შვილი მყავს - 4 გოგო და სამი ბიჭი. მათგან ერთი ბიჭი და ორი გოგოა დაოჯახებული. ვარ 4 შვილიშვილის ბებია. ვცხოვრობ ახალციხეში. ქალაქ რუსთავში დავიბადე და მშობლებთან ერთად, 5 წლის ასაკში ახალციხეში გადმოვედით. ჩვენი წარმოშობა, ფესვები აქედანაა.

- როგორც ჩანს, ოჯახი ადრეულ ასაკში შექმენით.

- კი, 18 წლის ასაკში. ჩემს მომავალ მეუღლეზე შეყვარებული ვიყავი და გავყევი. არადა ახალციხეში უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მეორე კურსის მეორე სემესტრიდან გავთხოვდი. შემდეგ სწავლისთვის თავის დანებება მომიწია... დედისერთა ვარ, დედმამიშვილი სულ მინდოდა, მყოლოდა, ამიტომ ბავშვობიდანვე ვგეგმავდი, რომ მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი. მამაჩემს პირველი ბიჭი უნდოდა ჰყოლოდა და შმაგი დაერქმია. რადგან ასე არ მოხდა, ბავშვობიდან სულ ვამბობდი, - პირველი ბიჭი მეყოლება და შმაგის დავარქმევ-მეთქი. ასეც მოხდა. მეორე შვილს ნანი ჰქვია, მესამეს - ნინო, მეოთხეს - ანი, მეხუთეს - გიორგი, მეექვსეს - რატი და მეშვიდეს - მარიამი - მათ სახელებსაც საგანგებოდ ვარჩევდი. ჩემი შვილები კვახაჯელიძეები არიან. მეუღლე 5 წელია, რაც გარდაცვლილია.

მეგი თათეშვილის შვილები

- რა ადრე დაგიკარგავთ...

- სიმსივნე ჰქონდა, ოპერაციები დასჭირდა, მესამე ოპერაციაზე პანდემიაც დაემთხვა, გამოწერის დროს ინსულტი დაემართა. აპარატზე შეერთებულმა 5 დღეზე მეტი ვეღარ გაძლო. ამ ქვეყნიდან 52 წლის ასაკში წავიდა. ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, მშრომელი ადამიანი, კარგი მამა... ახალციხეში ვერავის ნახავთ, ვინც მასზე ცუდს იტყვის.

მისი გარდაცვალების შემდეგ ისე ცუდად ვიყავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა... მისი გასაოცარი სიყვარული მქონდა. დედმამიშვილი რომ არ მყავდა, თითქოს ყველა სიყვარული მასში იყო ჩაქსოვილი.

მერე ვატყობდი, რომ უკან-უკან მივდიოდი, ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, თავისთვის როგორ მეშველა და აღარ მეფიქრა, რომ მეუღლე გარდაცვლილი იყო...

- და უნივერსიტეტში ჩაბარება 45 წლის ასაკში ამიტომ გადაწყვიტეთ?

- კი, 13 წელი ბაღში ძიძა ვიყავი და თან ბევრი სამსახური მქონდა. დილით დასუფთავებაში ვმუშაობდი, „მოიკაზეც“ - სულ 5 ადგილას ვიყავი. ეს ზუსტად მაშინ, როცა უნივერსიტეტში გამოცდებს ვაბარებდი.

- მეცადინეობას როგორ ასწრებდით?

- ბაღში ბავშვებთან ჩემს საქმეს რომ დავასრულებდი, ვიჯექი და ვმეცადინეობდი. ქართულში ესსეს ვწერდი. შაბათ-კვირას ისტორიაში დოდო ბერიძესთან ვემზადებოდი, უანგაროდ მომამზადა, ქართულში - ნონა მაისურაძე მამზადებდა, რომელიც შემდეგ ჩემი მეგობარი გახდა. ეროვნული გამოცდები ახალციხის უნივერსიტეტში დაწყებითების კუთხით ჩავაბარე. ბაღში ძიძა რომ ვიყავი, ჩემი საქმიდან გამომდინარე, მინდოდა, აღმზრდელი გავმხდარიყავი. თან ისე, რომ თუ სურვილი მექნებოდა, დაწყებითის კლასების მასწავლებლად სკოლაშიც წავიდოდი... ამასობაში მესამე კურსზე გადავედი.

- როგორია სტუდენტობა 45 წლის ასაკში, როცა გარშემო შვილების ტოლი თანაკურსელები გყავს? როგორ მიგიღეს?

- 45 წლისამ ჩავაბარე, უკვე 47 წლის ვარ. ძალიან კარად მიმიღეს. თავიდან დეიდათი მომმართეს, მერე ვუთხარი, - მეგი დამიძახეთ-მეთქი... კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... ახლა ბაღში უკვე აღმზრდელად ვმუშაობ, დავწინაურდი.

რადგან ვმუშაობ, უნივერსიტეტში მხოლოდ შუალედურებზე და გამოცდებზე მივდივარ. ბაღში მეორე ცვლაში რომ ვიყავი, უნივერსიტეტში ყოველდღე მაშინ დავდიოდი. დიდი სიამოვნებაა, როცა ლექციაზე ზიხარ და ისმენ უძლიერესი სპეციალისტების (ვახტანგ ინაური, ნატო ყრუაშვილი) ლექციებს. მათი მოსმენა ჩემთვის ფუფუნებაა, მაგრამ რადგან ოჯახი მყავს, უნდა ვიმუშაო.

- საბავშვო ბაღის გარდა სად კიდევ სად საქმიანობთ?

- დასუფთავებაში, ჯარში რეზერვისტი, სამხედრო ვარ. არსებობს რეზერვი, ასეთი ბატალიონი. თვეში 2 დღე შაბათ-კვირას ვარ იქ, გვაქვს საბრძოლო სწავლება. ჩემი მეუღლეც ჯარში იყო და მეც ძალიან მინდოდა. მაშინ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, დავწერე წერილი, რომ სურვილი მქონდა მემუშავა. ყველაფერი დამტკიცდა, სამედიცინო შემოწმებაც გავიარე. დავით სიხარულიძე იყო თავდაცვის მინისტრი და ბაჩო ახალაია რომ დაინიშნა, ჩემს ბრძანებას ხელი არ მოაწერა, რომ საქმეთა მწარმოებლად, ანუ სამედიცინო ასეულში ჯარისკაცი ვყოფილიყავი, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობდა. მაშინ 6 შვილი მყავდა...

მეუღლე რომ დავკარგე, ეგ ამბავი გამახსენდა, რომელიც არ გამოვიდა და ფორმის ჩაცმა ისევ მომინდა...

- დატვირთა როგორც ჩანს, არც ადრე გაკლდათ, მაგრამ ცხოვრების სტილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რადიკალურად შეგიცვლიათ...

- ყველანაირად შევცვალე - ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას ერთმანეთს ვუხამებ. ყველაფერი გაწერილი მაქვს. ადრე ვოცნებობდი, რომ ნეტავ, ის დრო თუ მოვა, გაწერილი მქონდეს ყველაფერი, როდის რას გავაკეთებ-თქო და ახლა ზუსტად ასე ვარ. მოკლედ ვარ სამხედროც, რიგითი. 2 წელი გახდა, რაც ვმსახურობ და ნელ-ნელა წოდებასაც მივიღებ.

- დასუფთავებაში კონკრეტულად რა აკეთებთ?

- მეეზოვედ ვარ გაფორმებული და ჩემი დილა 6-ის ნახევარზე იწყება. დილას სკვერს ვასუფთავებ, ვგვი. უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, ჯერ მივდიოდი, „მოიკას“ ვალაგებდი, მერე წყალს გადავივლებდი ხოლმე და ბაღში გავრბოდი, ბაღიდან რომ მოვიდოდი, ნახევარფაბრიკატების საწარმოში ვმუშაობდი.

- 7 შვილიც საოცარი ამბავია - მრავალშვილიანი დედა ხართ... მათი მოვლაც თქვენ გაბარიათ?

- დედა ძალიან მეხმარება. სულ გარეთ ვარ სამსახურებში გამოსული და სახლში მხოლოდ შემტანი ვარ... მთავარია, შევიტანო და მერე ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა. ყველაზე უმცროსი შვილი 13 წლისაა. დანარჩენები დიდები არიან.

დედა მაშინაც მეხმარებოდა, როცა პატარები მყავდა. სულ ვმუშაობდი - თავიდანვე მებრძოლი ვიყავი და მეუღლეს გვერდში ვედექი.

- ე.ი. სახლში ბევრი სტუდენტი ხართ...

- კი, ბევრი. წელს რძალმა დაამთავრა. წინა წელს გოგომ, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაშინ მაგისტრატურაზე ჩემი დიდი გოგო აბარებდა. მეხუთე შვილი უნივერსიტეტში აბარებდა და სამივემ ჩავაბარეთ.

ბავშვებს სკოლაში სულ დავდევდი, გოგოებს მუსიკალური სკოლა დავამთავრებინე, სამხატვრო და სპორტსკოლაში ყველა შვილი დამყავდა. შეჯიბრებები რომ ტარდებოდა, ამბობდნენ, ამ კვახაჯელიძეებმა რა შეგვჭამეს, გამარჯვების სიგელი და საჩუქარი სულ მაგათ მიაქვთო.

ჩემი გოგო მეოთხე შვილი ფეხბურთელია, ახლა რუსთავის გუნდში თამაშობს. მაგ გუნდში პირველ თამაშზე 2 გოლი გაიტანა. ვერ გეტყვით, როგორი გახარებული ვიყავი. წარმოიდგინეთ, რომ ტაბლოზე 2:0 წერია და ორივე გლის ავტორი კვახაჯელიძე შენი შვილია. საოცარი ემოცია იყო. ვხარობ ჩემი შვილების წარმატებით... სიძე მეუბნება, შენ ხარ ჩემი მოტივატორი, რომ გიყურებ, სულ მიჩნდება სურვილი, მეტი და მეტი გავაკეთოო.

“რუსთავის“ ფეხბურთელი ანი კვახაჯელიძე
  • მინდა ქვრივებს მივმართო, ნუ ჩავარდებიან დეპრესიაში, საკუთარ თავზე იზრუნონ. ცხოვრება გრძელდება. მართალია მძიმეა ის, მაგრამ უნდა გავყვეთ, ვერ გავჩერდებით. უნდა ვიზრუნოთ შვილებსა და შვილიშვილებზე. ცუდია, რომ ზოგი მართლა ვერ გამოდის მდგომარეობიდან...

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მერე ბევრი მირეკავდა და მეუბნებოდა, - მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მრცხვენოდა. თქვენ რომ გიყურებთ, თურმე სამარცხვინო არ ყოფილაო. მაგარი განცდაა, ასეთ ასაკში რამეს რომ გააკეთებ და დაამტკიცებ, შეგიძლია.

- გისმენთ და მგონია, უკვე ბევრჯერ დაუმტკიცეთ თქვენს თავს, რომ მართლაც ბევრი რამ შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულებით...

- 95 კილო ვიყავი და 35 კილო დავიკელი. ჯანმრთელობას მიხედვა უნდოდა. ფსიქოლოგიურად სერიოზულად ვიმუშავე და შევძელი... საკუთარ თავს სულ ვეუბნები - შენ მაგარი ხარ! შენ ამას შეძლებ! ახლა კიდევ მასწავლებლის გამოცდაც ჩავაბარე. როგორც მაძიებელ მასწავლებელს უფლება მექნება, ჯავახეთში სომხურ სკოლაში ქართულის მასწავლებლად წავიდე. მექნება სერტიფიკატი. სომხური და რუსული კარგად ვიცი. მომავალ წელს მინდა სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩაბარებაც და ამით ჩემს თავს კიდევ ერთხელ შევამოწმებ. ჰო, ცეკვაზე დავდივარ, მართვის მოწმობაც ავიღე...

- თქვენი შვილები რას საქმიანობენ?

- უფროსი ბიჭი სასაზღვრო პოლიციაშია, მესაზღვრეა, კარგად იცის უცხო ენები. უფროსი გოგო პოლიციელია, აეროპორტის დაცვაშია. მანაც ასევე კარგად იცის ენები. მესამემ საჯარო მართვა დაამთავრა, ორი ბავშვი ჰყავს. მეოთხე, გოგო, როგორც გითხარით, ფეხბურთელია. მეხუთე ბიჭი საჯარო მართვაზე სწავლობს - ერთდროულად რომ ჩავაბარეთ. მეექვსემ წელს არ ჩააბარა, შემდეგ წელს გავა გამოცდებზე. მეშვილე, 13 წლის გოგონა სკოლის მოსწავლეა და ძალიან კარგად ხატავს. მინდა, რომ ხატვას გაჰყვეს...

შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, სიმკაცრეს აზრი არ აქვს. ჩემს ნებისმიერ ნაბიჯს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მათ ვუთანხმებ... ასე შეთანხმებულად ვცხოვრობთ...

- მაგალითი ხართ ბევრისთვის და ასევე შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. არ ტყდებით, არ ეცემით.

- საერთოდ ყველას უნდა აქტიური, ცოცხალი მშობელი... ახლა ჯარში 10-კილომეტრიანი მარში გვქონდა. ახალციხიდან საფარაში წავედით მთელი აღჭურვილობით, იარაღით. მამაკაცები მეხვეწებოდნენ, მოგვეცი იარაღი და ჩანთა, მოგეხმარებითო. უარი ვუთხარი, ფსიქოლოგიურად მომზადებული ვარ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამას შევძლებ-თქო. არ დავუთმე ჩემი სატარებელი არავის, ბოლომდე ავიტანე. რაღაც-რაღაცები შენს თავს უნდა დაუმტკიცო.