ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკამ რუსებისთვის ახალი ზღვისპირა კურორტი - ვონსან-კალმა, გახსნა. დაინტერესებული მოგზაურებით სავსე ორი ტური კურორტზე უკვე გაემგზავრა, თუმცა გარემომ დამსვენებლებში დიდი აჟიოტაჟი არ გამოიწვია: წინასწარი მონაცემებით, პირველ ტურზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო მეორეზე - დაახლოებით 20.
კურორტი ვონსანის სანაპიროზე სამი მილის სიგრძეზეა გადაჭიმული და ცათამბჯენების სტილში აგებულ სასტუმროებს, წყლის პარკს, 20,000 სტუმარზე გათვლილ ინფრასტრუქტურას და სხვა გასართობ სივრცეებს მოიცავს.

კურორტის აშენების იდეა კიმ ჩენ ინს “ხმელთაშუა ზღვისპირეთის ნიუ-იორკის” - ბენიდორმის ნახვის შემდეგ დაებადა.
ვონსან-კალმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ადრე სარაკეტო პოლიგონი იყო, მოგვიანებით კი ქვეყნის ელიტარული ფენის საყვარელ დასასვენებელ ადგილად გადაიქცა.
თავად კიმსაც ქალაქში ვილების კომპლექსი აქვს.
ტურისტულ ზონას უცხოელი ტურისტებიდან მხოლოდ რუსი ვიზიტორები სტუმრობენ, რომლებიც კურორტს როგორც “შესანიშნავს“ და “ევროპულ სტანდარტებთან სრულიად შესაბამისს“ უწოდებენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვონსან-კალმას სტუმრები მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ ნებისმიერი უარყოფითი შეფასება რუსეთისა და კიმ ჩენ ინის სახელმწიფოს მეგობრობას შეუქმნის საფრთხეს.

თავდაპირველად კურორტთან დაკავშირებით ეჭვი რუსული გაზეთ "კომერსანტის" ჟურნალისტმა ანასტასია დომბიცკაიამ გამოთქვა, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში სერგეი ლავროვთან ერთად კურორტის გახსნაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, სხვა დამსვენებლები, რომლებიც თითქოს ჩრდილოეთ კორეელები იყვნენ, რუსულს შესანიშნავად ფლობდნენ. მან ასევე შენიშნა, რომ ქუჩები ცარიელი იყო და ერთი და იგივე წყვილი მთელი დღის განმავლობაში ბილიარდს თამაშობდა.
”ვიღაც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა… მეორე დამსვენებელი სანაპიროზე წინ და უკან ველოსიპედით დადიოდა, მესამე ვერანდაზე იჯდა და ლუდს სვამდა ჭიქიდან, რომელიც მთელი დროის განმავლობაში სავსე რჩებოდა,“ - დაწერა მან მოგვიანებით.
რუსი ტურისტები - 52 წლის ნატალია ფიშერი და 22 წლის დარია პოლიშჩუკი ჩრდილოეთ კორეაში კურორტის ოფიციალური გახსნიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩაფრინდნენ. მოგზაურობის დაწყებისას გიდებმა სტუმრები გააფრთხილეს, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ფრთხილად ყოფილიყვნენ სხვებისთვის შთაბეჭდილებების გაზიარებისას, რადგან “უხერხული, არასწორი სიტყვებით მეგობრობაც კი შეიძლება დარღვეულიყო“.

“ადგილობრივები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. იღიმოდნენ, ხელს გვიქნევდნენ, გვიღებდნენ ვიდეოებს, გვესალმებოდნენ და ზოგადად, ტურისტებისადმი განწყობა ძალიან პოზიტიური იყო,“ – აღნიშნა ფიშერმა.
ტურისტული პაკეტის ფარგლებში ფიშერი და პოლიშჩუკი მდიდრულად მოწყობილ სასტუმროებში ჩერდებოდნენ და იმ დელიკატესებს აგემოვნებდნენ, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის, ვისი თვიური ხელფასი 10 დოლარს არ აღემატება, ალბათ წარმოუდგენელია ფუფუნებაა.
პოლიშჩუკის თქმით, ქვეყანამ საბჭოთა კავშირი მოაგონა.
“მართლა ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირს. უნდა გაიგოთ, რომ კორეაში დღემდე არსებობს პიროვნების კულტის ტრადიცია. ყველა ქანდაკების, ლიდერთა პორტრეტების წინ, ადგილობრივები ქედს იხრიან და დიდ პატივს მიაგებენ,“ – განაცხადა მან.

ტურისტების ჯგუფს აუხსნეს, რომ თუ ლიდერის პორტრეტთან ან ქანდაკებასთან ფოტოს გადაიღებდნენ, კიმი აუცილებლად მთლიანად უნდა გამოჩენილიყო. სხვა შემთხვევაში სთხოვდნენ ფოტო წაეშალათ.
მოსკოვიდან ფხენიანამდე პირდაპირი ფრენები ივლისის ბოლოს დაიწყო, რომლებიც “ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სამხედრო კავშირების განმტკიცებას ემსახურება“ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ახლო სამხედრო მოკავშირედ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ იქცა და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ათასობით ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი.