ავტორი:

ცნობილია ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: გახმაურებული საქმის დეტალები - "დაცვის თანამშრომელს თანხის სანაცვლოდ დაგეგმილი მკვლელობა სისრულეში უნდა მოეყვანა"

ცნობილია ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: გახმაურებული საქმის დეტალები - "დაცვის თანამშრომელს თანხის სანაცვლოდ დაგეგმილი მკვლელობა სისრულეში უნდა მოეყვანა"

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

  • კერძოდ, გამოძიების თანახმად, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება განახორციელეს ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა, რომლებიც მოკლულთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები. ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ დაკავებულთა შორისაა გიორგი მიქაძე, ხოლო მის ძმას დავით მიქაძეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.

გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.

საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.

ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.

როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა”, - აღნიშნა სირაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით დამატებით სიახლეებს კიდევ ელოდება.

„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. თვეების განმავლობაში ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც არ მიმდინარეობდა სწორი მიმართულებით, პირიქით, მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და საქმიდან გამოერიცხათ, რათა დამკვეთები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემულნი. ჩვენ ასევე, მოვითხოვეთ პროკურორის აცილება, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, იყო დაინტერესებული პირი საქმის შედეგით, მისი მიზანი იყო მხოლოდ გელა უძილაური ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული და ჩაეფარცხა აღნიშნული უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, პროკურორის აცილების შემდეგ გამოძიება სწორ გზას დაადგა. შეიცვალა კვალიფიკაცია, გამოძიება გაგრძელდა შეკვეთილი მკვლელობის მუხლით და ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელიც აქამდე უნდა ჩატარებულიყო. მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.

გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ სიახლეებს ველოდები. როდესაც სხვა კითხვებსაც გაეცემა პასუხი, ასევე როდესაც საქმის ახალ მასალებს გავეცნობი, მე უკვე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში ყელა დეტალთან დაკავშირებით. არის რაღაც დეტალები, რომლებზეც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დღეს ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ადვოკატმა.