ორშაბათს ევროპის სამხრეთ რეგიონებს სიცხის კიდევ ერთი ახალი ტალღა დაატყდა თავს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ევროპა პლანეტის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ სწრაფად თბება და 2025 წელი, შესაძლოა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი გახდეს.
იტალია: ამ კვირის ბოლოს ფლორენციაში 40°C-ს ელიან, სარდინიაზე სითბური დაკვრისგან ოთხი წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელიც მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბიჭი რომის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ტვინის შეუქცევადი დაზიანების გამო გარდაიცვალა.
იტალიის შვიდ დიდ ქალაქში, მათ შორის ბოლონიასა და ფლორენციაში, ძლიერი სიცხის გამო, წითელი დონე გამოცხადდა.
ორშაბათს დილით საფრანგეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ექსტრემალური სიცხის შესახებ გააფრთხილეს: კონტინენტზე არსებული 96 ადმინისტრაციული ერთეულიდან 12 წითელი განგაშის ზონად გამოცხადდა.
საფრანგეთში ამინდის გამო წითელი დონე 2004 წლიდან განსაკუთრებულად ცხელი ზაფხულის შემდეგ შემოიღეს და 21 წლის მანძილზე მხოლოდ 8-ჯერ გამოცხადდა. განგაში ცხადდება ექსტრემალური, ხანგრძლივი სიცხის შემთხვევაში, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლებას უფლებას იტოვებს გაუქმდეს ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებები, დაიხუროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და შეცვალოს სკოლებისა და საზაფხულო ბანაკების მუშაობის გრაფიკი.

ფრანგი სინოპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორშაბათსა და სამშაბათს, როდესაც სამხრეთ-დასავლეთში ტემპერატურა 42°C-ს გადააჭარბებს, ტემპერატურული რეკორდები მოიხსნება. შაბათ-კვირას, ბეზიეს მახლობლად მდებარე სოფელ ტურბში, ტემპერატურამ რეკორდულ 41.4°C-ს მიაღწია.
კვირას ფრანგმა მეხანძრეებმა 1949 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, რომლის შედეგად, ხელისუფლების მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 მეხანძრე და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა. ხანძარმა ოდის დეპარტამენტში 16,000 ჰექტარი ვენახი გაანადგურა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მისი სრულად ჩაქრობა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდება, რადგან ცალკეული კერები კვლავ ბჟუტავს და შესაძლოა, ხელახლა გაღვივდეს.
ესპანეთში კვირას ხანძრები ლეონსა და სამორაში გაჩნდა, რამაც 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. დიდი ხანძრები გრძელდება გალისიაში, მაგრამ სინოპტიკოსები ამ პროვინციაში ტემპერატურის დაწევას პროგნოზირებენ.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა Aemet-მა სარაგოსასა და ბასკეთში „უკიდურესი საშიშროების“ შესახებ გაფრთხილება გამოაცხადა, ხოლო ქვეყნის თითქმის მთელ დანარჩენ ტერიტორიაზე ყვითელი და ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა.
მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს პირენეის ნახევარკუნძულის შიდა რაიონებში მოსალოდნელია 37-39°C სიცხე, ხოლო ბასკეთის შიდა რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 40°C-ს გადააჭარბებს. მდინარე გვადალკვივირის ქვემო დინებაში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 44°C-ს გადააჭარბოს.
პორტუგალიაში რამდენიმე ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონში ნარინჯისფერი განგაშია გამოცხადებული, ხოლო ბეჟასა და ევორაში ტემპერატურის 40°C-მდე მატებას ელიან.
დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახური პროგნოზირებს, რომ სამშაბათს ლონდონში ჰაერის ტემპერატურა 33°C-ს მიაღწევს. ეს ამ ზაფხულს უკვე მეოთხე ცხელი ტალღაა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის საშიშროების ყვითელი დონე გამოაცხადა.
ხორვატიაში ორშაბათს მეხანძრეებმა სპლიტის მახლობლად დიდი ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, ხოლო სერბი მეტეოროლოგები 40°C-მდე ტემპერატურაზე ხანძრების განვითარებისთვის ხელშემწყობი „უკიდურესად არახელსაყრელი პირობების“ შესახებ გვაფრთხილებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალბანეთსა და მონტენეგროში ტყის ხანძრებმა ასევე აიძულა ბევრი ადამიანი, დაეტოვებინა საკუთარი სახლი.
ბულგარეთში ორშაბათს 40°C-ზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ქვეყანაში ხანძრის საშიშროების მაქსიმალური დონეა გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა თითქმის 200 ხანძარი, რომელთა უმეტესობა ლოკალიზებული და ჩამქრალია, მაგრამ სიტუაცია „ძალიან რთული“ რჩება, - განაცხადა სახანძრო უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჯარტოვმა. სამი დიდი ხანძარი კვლავ მძვინვარებს საბერძნეთისა და თურქეთის საზღვრების გასწვრივ, მათ შორის ერთი სტრუმიანის მახლობლად - ის სამი კვირის შემდეგ განახლდა. 100-ზე მეტი მეხანძრე და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი ებრძვის ცეცხლს ძნელად მისადგომ ადგილას, სადაც მანქანები ვერ აღწევენ, მათ დახმარებას არმიის ვერტმფრენები და ორი თვითმფრინავი უწევს.

კვირას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა ახალი რეკორდული ტემპერატურა ქვეყნისთვის - 39.9°C, რითაც 1948 წლის რეკორდი მოიხსნა.
ტყის ხანძრების მაღალი რისკი შენარჩუნებულია საბერძნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის ათენსა და მიმდებარე ატიკის რეგიონში, ასევე უდიდეს კუნძულებზე - კრეტასა და ევიაზე. კუნძულის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურამ შესაძლოა 41°C-ს მიაღწიოს.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, გასულ შაბათ-კვირას ძლიერმა ქარმა ქვეყანაში 90-ზე მეტი ტყის ხანძრის გავრცელების პროვოცირება მოახდინა.
ბრიტანული ორგანიზაცია Carbon Brief-ის მონაცემებით, პროგნოზების თანახმად, 2025 წელი დაკვირვებების ისტორიაში მეორე ან მესამე ყველაზე თბილი წელი იქნება. ევროკავშირის კლიმატის სამსახურის Copernicus-ის ცნობით, ევროპაში ხმელეთის ტემპერატურამ პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით დაახლოებით 2.3°C-ით მოიმატა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გლობალურ მაჩვენებელს.

ევროკავშირის მონაცემებით, კონტინენტზე გადამწვარი მიწის ფართობი ამ ზაფხულს უკვე მნიშვნელოვნად აღემატება გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს.