ავტორი:

რატომ დადიან ჩინელი ახალგაზრდები ყალბ ოფისებში და იმიტირებენ, რომ მუშაობენ - მიზეზები, რის გამოც უცნაური სტარტაპი პოპულარობას იხვეჭს

რატომ დადიან ჩინელი ახალგაზრდები ყალბ ოფისებში და იმიტირებენ, რომ მუშაობენ - მიზეზები, რის გამოც უცნაური სტარტაპი პოპულარობას იხვეჭს

არავის სურს უფასოდ მუშაობა, ან კიდევ უფრო უარესი - გადაიხადოს ფული ოფისში ჯდომისთვის. თუმცა, ჩინეთში დაფუძნებული ახალი, პოპულარული სტარტაპი სწორედ ამას აკეთებს: სულ უფრო მეტი ახალგაზრდა უმუშევარი უხდის ფულს სპეციალურად შექმნილ კომპანიებს, რათა თავი მათ თანამშრომლებად წარმოაჩინონ.

ეს ტენდენცია ქვეყანაში სუსტი ეკონომიკური ზრდის ფონზე ვითარდება. ჩინელ ახალგაზრდებში უმუშევრობა კი ჯიუტად მაღალი რჩება და 14%-ს აჭარბებს. რადგან რეალური სამუშაოს შოვნა რთულდება, ზოგიერთი ახალგაზრდა სახლში ჯდომის ნაცვლად ოფისში სიარულისთვის გარკვეული თანხის გადახდას ამჯობინებს.

  • BBC გვიყვება 30 წლის შუი ჟოუს ისტორიას, რომელსაც კვების ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ 2024 წელს გაკოტრდა. მიმდინარე წლის აპრილში მან კომპანია Pretend To Work-სთვის დღეში 30 იუანის (დაახლოებით 4.20 დოლარი) გადახდა დაიწყო, რათა წასულიყო ყალბ „ოფისში“.

იქ ის ხუთ „კოლეგას“ უერთდება, რომლებიც იგივეს აკეთებენ - თავს იტყუებენ, ვითომ მუშაობენ.

“ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, თითქოს გუნდურად ვმუშაობთ“, -ამბობს ჟოუ.

ჟოუმ „Pretend To Work-ს“ სოციალურ ქსელ Xiaohongshu-ს დათვალიერებისას წააწყდა. მან გადაწყვიტა, რომ ოფისის გარემო მის თვითდისციპლინას გააუმჯობესებდა. ის უკვე ოთხი თვეა, რაც თავის ახალ „ოფისში“ მუშაობს.

ჟოუმ მშობლებს თავისი „ოფისის“ ფოტოებიც კი გაუგზავნა და ამბობს, რომ ისინი ახლა ბევრად უფრო შემწყნარებლები არიან მის მიმართ.

  • Pretend To Work-ის მსგავსი კომპანიები ახლა ჩინეთის დიდ ქალაქებში მათ შორის შენჟენში, შანხაიში, ნანკინში, უხანში, ჩენდუსა და კუნმინში მრავლად ჩნდება. ისინი, როგორც წესი, სრულფასოვან ოფისებს ჰგვანან -ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერებით, საკონფერენციო დარბაზებითა და საკვები ოთახებით.

„თანამშრომლები“ შესაძლოა “სამუშაო საათებში“ უბრალოდ არაფერს აკეთებდნენ, ან შეიძლება კომპიუტერებს სამუშაოს საძებნელად ან სტარტაპის დასაწყებად იყენებდნენ.

ზოგჯერ „სამუშაო დღის“ ღირებულება, რომელიც ჩვეულებრივ 30-დან 50 იუანამდე მერყეობს, მოიცავს სადილს, საჭმელს და სასმელს.

“ყალბი სამუშაო ადგილების ფენომენი ახლა ძალიან გავრცელებულია. ეკონომიკური ტრანსფორმაციის, მიღებულ განათლებასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის არსებული სხვაობის გამო, ახალგაზრდებს ეს ყალბი „ოფისები“ სჭირდებათ, რათა დაფიქრდნენ შემდეგ ნაბიჯებზე. ყალბი „სამუშაოები“ ერთ-ერთი გარდამავალი გამოსავალია“, - ამბობს ჩინეთის ეკონომიკის სპეციალისტი და ახალ ზელანდიაში, ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის უფროსი ლექტორი კრისტიან იაო.

Pretend to Work Company-ის მფლობელი, ამბობს, რომ ის ადამიანებს „ღირსებას“ უბრუნებს.

შანხაიში მცხოვრებმა სიაოვენ ტანგმა წელს ერთი თვით ადრე იქირავა სამუშაო სივრცე იმიტირებულ ოფისში. 23 წლის გოგონამ უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა და ჯერ არ უპოვია მუდმივი სამსახური.

მის უნივერსიტეტში არსებობს დაუწერელი წესი, რომ სტუდენტებმა დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოაწერონ ხელი სამუშაო კონტრაქტს ან წარმოადგინონ სტაჟირების დამადასტურებელი საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხარისხს ვერ მიიღებენ.

მან უნივერსიტეტს სტაჟირების დამადასტურებლად „ოფისის“ ფოტოები გაუგზავნა. სინამდვილეში, ის ფულს იხდიდა ოფისში ჯდომისა და ონლაინ რომანების წერისთვის, რათა ჯიბის ფული ეშოვა.

  • რაც შეეხება სტარტაპ Pretend To Work-ს, ეს არის კომპანია რომელსაც 30 წლის ფეი იუ (ნამდვილი სახელი არ არის) მართავს.

„მე არ ვყიდი სამუშაოებს, მე ვყიდი თვითშეფასებას იმ ადამიანებში, რომლებსაც არ სურთ თავი უსარგებლოდ იგრძნონ“, - ამბობს ის.

მისი თქმით, კლიენტების 40% უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც „ოფისში“ფოტოების გადასაღებად მიდიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათ სავალდებულო სტაჟირება დაასრულეს. ზოგიერთი მათგანი „ოფისში“ „სამუშაოდ“ მოდის, რათა მასზე განხორციელებული მშობლების ზეწოლა შეამსუბუქოს.

დარჩენილი 60% ფრილანსერები არიან, რომელთაგან ბევრი „ციფრული მომთაბარეა“.

წყარო