ავტორი:

სილქნეტი წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონს წარადგენს

სილქნეტი წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონს წარადგენს

საქართველო და წინანდლის ისტორიული მამული 4-14 სექტემბერს მსოფლიო მუსიკალური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა. კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, ცნობილი დირიჟორები, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლები, მეშვიდედ შეიკრიბებიან საქართველოს ულამაზეს კუთხეში და დაუვიწყარ კონცერტებს აჩუქებენ ფესტივალის სტუმრებს.

სილქნეტი, რომლის თანადგომითაც დაარსდა ფესტივალი, ამ ღონისძიების მთავარი კონტრიბუტორია და უკვე 7 წელია უწყვეტად წარადგენს უნიკალურ პროექტს ისტორიულ მამულში.

გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი:

“წინანდლის ფესტივალი უმაღლესი ხარისხის კულტურული ღონისძიებაა, სადაც მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები, დირიჟორები და სოლისტები იკრიბებიან ჭავჭავაძეების არაჩვეულებრივ ისტორიულ მამულში. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც 15 წლის ცოტნე ზედგინიძე ხვდება ლეგენდარულ ზუბინ მეტას, სადაც პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსები ხვდებიან მუსიკალური სამყაროს კორიფეებს, ჯანანდრეა ნოზედას, კენტ ნაგანოს და ანდრაშ შიფს.

მე მჯერა, რომ დიდი ალექსანდრე ჭავჭავაძე ძალიან კმაყოფილი იქნებოდა მუსიკის, კულტურისა და მეგობრობის ამ დღესასწაულით, ქართული სტუმართმოყვარეობის და ღვინის თანხლებით, რაც წინანდლის ფესტივალის არსი და მიზანია.”

სამი საუკუნის შემდეგ, ჭავჭავაძეების მამულის კულტურის კერად ქცევის ტრადიცია “სილქ როუდ ჯგუფმა” გააგრძელა: აღადგინა ბაღი, მუზეუმს დაუბრუნა პირვანდელი სახე, განაახლა ვენახები, მამულს შემატა სადეგუსტაციო დარბაზები, რესტორნები, სასტუმროები. ამ ისტორიულ ადგილს ახალი სიცოცხლე შესძინა ფესტივალმა, რისთვისაც უნიკალური აკუსტიკის მქონე კამერული დარბაზი და ამფითეატრი საგანგებოდ აიგო.

წინანდალში ყველაზე ადრე პან-კავკასიური ორკესტრის წევრები ჩადიან. სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა შემსრულებლებს ყოველწლიურად საგანგებოდ არჩევენ ცნობილი პროფესორები, კონცერტმაისეტერები და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები. ორკესტრი - ფესტივალის სავიზიტო ბარათია და 80-მდე დამწყებ მუსიკოსს აერთიანებს. მათ შესაძლებლობა აქვთ საქართველოში, წინანდლის უნიკალურ გარემოში, დიდი მაესტროებისგან, მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორებისგან, ცნობილი სოლისტებისგან ეზიარონ კლასიკური მუსიკის ნიუანსებს და მიიღონ უნიკალური პროფესიული გამოცდილება.

მარტინ ენგსტრომი და ავი შოშანი, წინანდლის ფესტივალის თანადამფუძლებლები:

“პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების გაერთიანება და განთქმული მუსიკოსების ხელმძღვანელობით მათი განვითარების ხელშეწყობა განათლებისა და მშვიდობის კულტურის დამკვიდრებას ნიშნავს. წინანდლის ფესტივალი და ყველა მასთან დაკავშირებული უაღრესად მადლობელია გიორგი რამიშვილის მხარდაჭერისთვის და ხედვისთვის და ასევე, მთელი მისი გუნდის ძალისხმევისთვის. “

წინანდლის ფესტივალის სეზონს ტრადიციულად პან კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი გახსნის. 4 სექტემბერს, ორკესტრი ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად შეასრულებს ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს და შოსტაკოვიჩის მე-5 სიმფონიას. კონცერტს ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. ფესტივალი 14 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.

მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა ფესტივალის არეალი და წელს, სტრიმინგ პლატფორმების მეშვეობით, არაერთ ქვეყანაში, მუსიკის მოყვარული საზოგადოება იხილავს წინანდლის საფესტივალო ღონისძიებებს. ასევე, მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ არხზე medici TV, ტრადიციულად დაგეგმილია რჩეული კონცერტების ტრანსლირება.

მოხვდე ამ ფესტივალზე, იგივეა, შეეხო საუკუნოვან ისტორიას, ჭავჭავაძეების მამულის კულტურულ ტრადიციას, კახეთის მხარისთვის დამახასიათებელ სტუმართმოყვარეობას. მაყურებლებს ფესტივალიდან მიღებული შთაბეჭდილება მთელი წელი მიჰყვებათ. სად თუ არა წინანდლის ფესტივალზე შეძლებ ცოტახნით მოსწყდე ყოველდღიურობას, დატკბე ცნობილი კომპოზიტორების ნაცნობი და უცნობი ნაწარმოებებით, ერთ სივრცეში მოუსმინო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს და ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ ორკესტრს.

საკონცერტო პროგრამის დეტალურად გაცნობას მსურველი შეძლებს წინანდლის ფესტივალის ვებ გვერდზე.

R