იყო თუ არა საქართველოში ისეთი ცხელი ზაფხული, როგორიც ამჟამად გვაქვს? მეცნიერულად მტკიცდება, რომ უფრო ცხელიც ყოფილა. იმ დროს, რომელსაც ისტორიკოსები შუა საუკუნეებად იცნობენ, ევროპა-აზიაში სწორედ კლიმატური დათბობა ყოფილა, ოღონდაც მოკლე. თუმცა მან, მაგალითად, კავკასიონზე თოვლი იმდენად დაადნო, რომ მყინვარის მწვერვალამდე 250 მეტრში, იქ, სადაც ახლა ყინულის საფარია, ქართველებმა ტაძარიც კი ააშენეს. არადა, სწორედ მაშინ დადგა ჩვენს ქვეყანაში "ოქროს ხანად" წოდებული დრო. შესაბამისად, იყო მაქსიმალურად განვითარებული ეკონომიკა, რაც წყლის გარეშე ვერ იქნებოდა.
თუმცა ქვეყანას გავარვარებული კლიმატის ნამდვილად არ შეშინებია და ისეთი სარწყავი სისტემა ააწყო, რომ მისი ნაშთი და კვალი დღემდე მოგვყვება. ლეგენდარული თამარის არხების ნაშთებზე დღესაც არის ქართული სარწყავი სისტემები. ეს არხები ისეთ ადგილებშიც იყო, რაც დღეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია. არადა, როგორ გვჭირდება, უკვე დასავლეთ საქართველოშიც, რომელიც თითქოს არ საჭიროებდა სარწყავს, დღეს კი სიცხის გამო იქ ყველაფერი ხმება და მაცოცხლებელ წყალს ნატრობს. როგორი ცოდნა გვქონდა სარწყავი არხების მოწყობაში და არის თუ არა შეუძლებელი იმავეს გაკეთება, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს მაია კუპრავიშვილს ვესაუბრეთ.
- მძიმე გვალვებია და განსაკუთრებით გაჭირდა იქ, სადაც სარწყავი წყალი არა გვაქვს. უჭირს დასავლეთ საქართველოს, სადაც თითქოს აქამდე არხების საჭიროება არ იყო. ამ მდგომარეობის შეცვლა როგორ შეიძლება? მით უფრო, როცა სარწყავი არხების მოწყობის დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს.
- არხების გაყვანა მხოლოდ თამარის დროში არ დაწყებულა. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი პირველ საუკუნეში წერდა, საქართველო უფრო მეტად მდინარეებითა და სხვა წყლებით ირწყვება, ვიდრე თვით ბაბილონი და ეგვიპტეო. ძალიან დიდი სამონასტრო მშენებლობები თამარამდე რამდენიმე საუკუნით ადრე გვქონდა და როგორ ფიქრობთ, იქ წყლის გაყვანილობის ტექნიკას არ გამოიყენებდნენ?! დღესაც არაერთ ძველ ეკლესია-მონასტერში შეხვდებით თიხის არხების ნაშთებს, რომელთა ხარისხის დარ კერამიკას ვეღარ ვაკეთებთ.
- პირადად მინახავს მსგავსი მზოვრეთის მონასტერში, სადაც 3 კილომეტრით დაშორებული მთიდან ყოფილა წყალი გამოყვანილი. სხვათა შორის, მონასტრის ბერობამაც წყალი ამავე გზით დაიბრუნა. ეს ისეთი მანძილია, რომ ადვილად შეიძლება წარმოიდგინო, რა კოლოსალური ენერგია იხარჯებოდა საქართველოს გასარწყავებაში.
- ვინაიდან სხვა ტექნიკური საშუალებები არ იყო, წყალგაყვანილობა ისე კეთდებოდა, რომ წყალი თვითდინებით მოძრაობდა, გზადაგზა კი კერამიკის წყალსაცავებიდან ივსებოდა. ამას, შრომასთან ერთად, უზუსტესი მათემატიკური გათვლებიც სჭირდებოდა და ამ ამოცანას ბრწყინვალედ ასრულებდნენ. მაგალითად,
თამარის მეფობის დროს მდინარე არაგვიდან გავიდა 20 კმ სიგრძის არხი, რომელიც სოფელ ჟინვალიდან იწყებოდა და რწყავდა გარდაბნის ველს, საგურამოს, ავჭალისა და თბილისის ზემო მინდვრებს. თამარის ბრძანებით გაკეთდა 119 კმ სიგრძის ალაზნის, ტირიფონის, რუის-ურბნისის არხები. წარსულს, რა თქმა უნდა, არ უნდა მივტიროდეთ, მაგრამ როდესაც გამოცდილება გვაქვს, მისი გამოყენება და ამუშავება ნამდვილად შესაძლებელია, მათ შორის დასავლეთ საქართველოშიც. სადაც აქამდე არხების საჭიროება თითქოს არ იყო. საჭიროა დათვლა და მოფიქრება, სად რა წყალი გვაქვს, სად ჩამოდის მდინარეები, რომლებიდანაც საცავი გაკეთდება, რა ოდენობის წყალი დაიხარჯება. შესაძლებელია არხები ისე გაკეთდეს, რომ წყალმა თვითდინებით იმოძრაოს და ნაკლები დანახარჯი იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც სარწყავი არხები ვერ სწვდება, იმ სოფლებში წყალი და მოსავლის მოყვანა ძალიან ჭირს. გულსაკლავია, როდესაც ამდენ გადახრიოკებულ მინდვრებს უყურებ.
ახმეტაში მაქვს სოფელი, სადაც სარწყავი წყალი არ არის, ვინც ვერ ახერხებს ბაღჩა თუნდაც ონკანის წყლით მორწყას, იქაურობა სულ გადაუხმა. კი ფერმერები წვეთოვან სისტემას აყენებენ, მაგრამ გლეხებმაც ხომ უნდა მოიყვანონ მოსავალი?! მშრომელ კაცი წვიმის მოლოდინში ცას მისჩერებია და მხოლოდ იმას ითხოვს, რომ წყალი ჰქონდეს....განაგრძეთ კითხვა