ავტორი:

პუტინ-ტრამპის შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ონლაინ სამიტი გამართა - ვინ რა განაცხადა მისი დასრულების შემდეგ?

პუტინ-ტრამპის შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ონლაინ სამიტი გამართა - ვინ რა განაცხადა მისი დასრულების შემდეგ?

ალასკაში პუტინ-ტრამპის შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შორის ონლაინ სამიტი გაიმართა.

“ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა.

აზრები გავცვალეთ მომავალ ორმხრივ შეხვედრაზე ალასკაში.

დღეს ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის.

ახლო კომუნიკაციაში დავრჩებით. ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა”, - დაწერა ონლაინ საუბრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

ასევე X-ზე შეაფასა ლიდერების საუბარი ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

“შესანიშნავი საუბარი იყო ტრამპთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტი ტრამპის ალასკაში პუტინთან შეხვედრამდე. ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ ამ საშინელი ომის დასასრულის დაახლოებაში და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში. ვაფასებ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობას და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა”, - წერს რუტე.

ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უნდა ჰქონდეს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

განცხადებას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კვირა მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გახდეს უკრაინის მომავლისთვის. მათ მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტ ტრამპს მისი ძალისხმევებისთვის პუტინი მაგიდასთან დასვას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რათა მიმდინარე სისხლისღვრა დასრულდეს.

პრემიერ-მინისტრმა ცხადად აღნიშნა, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია - საერთაშორისო საზღვრები არ უნდა იცვლებოდეს ძალის გამოყენებით და ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ევროპა მზად არის ამას მხარი დაუჭიროს და პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მუშაობას გააგრძელებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

  • რა თქვა ზელენსკიმ?

“შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგას ვუთხარი, რომ პუტინი ბლეფობს. ალასკაში შეხვედრამდე ის უკრაინული ფრონტის ყველა მიმართულებაზე ცდილობს ზეწოლას. რუსეთი, რისიც შეუძლია ყველაფრის და მთლიანად უკრაინის დაპყრობას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილია.

ასევე პუტინი ბლეფს თამაშობს, თითქოს სანქციები მისთვის უმნიშვნელოა და ისინი არ მუშაობენ. რეალურად კი, სანქციები ძალიან გვეხმარება და ურტყამს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას…

კოლეგებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ევროპელ მეგობრებს ვუთხარი, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა, მას ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია სურს და ყველას გვესმის ეს - პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. შემდგომი ზეწოლა გვჭირდება მშვიდობისთვის, არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული სანქციებიც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრესკონფერენციაზე, დონბასში მიწების დათმობის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება.

"უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ დღეს პრესკონფერენციაზე და დასძინა:

„რაც შეეხება ჩვენს პრინციპებს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საბოლოოდ, ლიდერების დონეზე გადაწყდება. უკრაინის გარეშე (მოლაპარაკებების მაგიდასთან) ამის მიღწევა შეუძლებელია....

ჩემი პოზიცია არ იცვლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მას „არ აქვს უფლება“, დათმოს თავისი ქვეყნის მიწები.