ავტორი:

"ყინულის ციხესიმაგრე", 32 ათასზე მეტი სამხედრო და მრავალი გრიზლი მეზობლად - რას წარმოადგენს "ბოლო შანსის" ამერიკული ბაზა, სადაც ტრამპი პუტინს უმასპინძლებს

"ყინულის ციხესიმაგრე", 32 ათასზე მეტი სამხედრო და მრავალი გრიზლი მეზობლად - რას წარმოადგენს "ბოლო შანსის" ამერიკული ბაზა, სადაც ტრამპი პუტინს უმასპინძლებს

ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზა, რომელიც დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან შესახვედრად აირჩია, ალასკის უდიდესი ქალაქის ანკორიჯის მახლობლად მდებარეობს, ამ დროისთვის ბაზაზე 32 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახები არიან განთავსებული, მეზობლად კი გრიზლის სახეობის დათვები და მგლები ბინადრობენ.

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოსალოდნელი კონფლიქტის პირობებში სამხედრო ბაზას “განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ როლი ეკავა ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიაში.

1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა ამ ადგილას, იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოსთან ისტორიული 30-წუთიანი შეხვედრა გამართა — რაც ნიქსონის თქმით, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოქმედმა იაპონელმა მონარქმა “უცხო მიწაზე დააბიჯა ფეხი“.

2021 წელს, როდესაც ჩინეთის წარმომადგენლებთან იგეგმებოდა შეხვედრა, ანკორიჯთან მდებარე ბაზაზე შეჩერდა ჯო ბაიდენის არჩევანიც, თუმცა შეხვედრამ დაძაბულობის ფონზე ჩაიარა — ჩინურმა დელეგაციამ ამერიკელები “პირმოთნეობასა და ფარისევლობაში “ დაადანაშაულა.

ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზა დღევანდელი შეხვედრის ადგილად რამდენიმე მიზეზის გამო შეირჩა.

ალასკას, აშშ-ის უდიდესი შტატს , რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე II-მ აშშ - ს 1867 წელს 7,2 მილიონ დოლარად — ანუ ჰექტარზე დაახლოებით ორ ცენტად — მიჰყიდა, ამერიკასა და რუსეთს შორის სტრატეგიული მდებარეობა უკავია.

როგორც ირკვევა, ელმენდორფ-რიჩარდსონი ერთადერთი ადგილია ალასკაზე, რომელიც სრულად შეიძლება ჩაკეტოს მსგავსი მაღალი რისკის მატარებელი შეხვედრისთვის საჭირო უსაფრთხოების დონეზე.

სამხედრო ბაზა ევროპიდან და მათი ლიდერებისგან , რომელთა დავიწყებაც პუტინს ასე აშკარად სურს საკმაოდ შორს მდებარეობს.

როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა ჰეიმიშ დე ბრეტონ-გორდონმა განმარტა, აშშ იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ, შესაბამისად პუტინს, რომლის დაკავების ორდერიც აღნიშნულმა სასამართლომ 2023 წელს გამოსცა, სრულიად თავისუფლად შეუძლია ჩავიდეს ალასკაზე. გარდა ამისა “პრეზიდენტი პუტინი სრულიად შეპყრობილია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფით და არ სურს მეგობრული საჰაერო სივრცის ფარგლებს გასცდეს, რუსეთიდან ალასკამდე კი მხოლოდ რამდენიმე მილი საერთაშორისო საჰაერო სივრცეა გადასალახი“- დაამატა მან.

როგორც ცნობილია შეხვედრა პარასკევს 15 აგვისტოს არის დაგეგმილი, პუტინს მოსკოვიდან ელმენდორფ-რიჩარდსონის ბაზამდე მისაღწევად 9 საათი დასჭირდება ფრენა, ტრამპი ვაშინგტონიდან ალასკამდე ჩაფრენას 7 საათს მოანდომებს.

წყარო