სერბეთში ოპოზიციისა და პრეზიდენტის მხარდამჭერების შეტაკება მოხდა. ოპოზიციის მხარდამჭერებს, პრეზიდენტ ვუჩიჩის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ქალაქში მასობრივი შეტაკებები მოხდა.
ხელისუფლების ცნობით, სამივე მხრიდან ათობით ადამიანი დაშავდა.
არეულობა იყო ქვეყნის დედაქალაქ ბელგრადში, სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ნოვი სადში, სამხრეთით მდებარე ნიშში, ქვეყნის ცენტრში მდებარე კრაგუიევაცსა და რამდენიმე სხვა ქალაქში.
პრეზიდენტ ვუჩიჩის განცხადებით, „ბანდიტებისა და ხულიგნების“ მიმართ არანაირი დანდობა არ იქნება. როგორც მედია წერს, ის პირადად გავიდა ქუჩაში თავისი პარტიის წევრებთან ერთად.
სერბეთის პოლიციის უფროსმა დრაგან ვასილევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქ ვრბასში შეტაკებების შედეგად 16 პოლიციელი და 50 მომიტინგე დაშავდა.
შეტაკებები გვიანობამდე გაგრძელდა და მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.
სერბეთის ოპოზიცია, სტუდენტური ორგანიზაციების ხელმძღვანელობით, უკვე 9 თვეა აწყობს საპროტესტო აქციებს. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს, ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე რკინაბეტონის სახურავი ჩამოინგრა, შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დემონსტრანტები მოითხოვენ დამნაშავეების დასჯას, კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრებას და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას.
ამ დროისთვის მათ მიაღწიეს პრემიერ-მინისტრის გადადგომას, თუმცა პრეზიდენტ ვუჩიჩი გადადგომას არ გეგმავს.
იხილეთ ასევე: