დიდ ბრიტანეთში, ცხელმა ამინდმა დიდი ხნის წინ დანგრეული ისტორიული ნაგებობების ნაშთები გამოავლინა. როგორც ირკვევა, ნიშნები იმ პოპულარულ ტურისტულ ადგილებში გამოჩნდა, რომლებსაც ეროვნული ტრასტი მართავს - ისინი მაშინ ჩანან, როდესაც დამარხულ კედლებზე ან სხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე ამოსული ბალახი ექსტრემალური სიცხის გამო შრება და სიცოცხლეს კარგავს.

ჩრდილოეთ იორკშირში, ფაუნტენსის სააბატოსა და ჰემფშირში არსებული ახალი ნიშნები ნათლად აჩვენებს როგორც დიდი ხნის წინ დაკარგული დარბაზის საძირკველს, ასევე XIII საუკუნით დათარიღებული დამარხული კედლების ნაშთებს.


“მათი ხილვადობა წლიდან წლამდე იცვლება და როგორც წესი, კარგად მხოლოდ 15 წელიწადში ერთხელ ჩნდება“, - განაცხადა ეროვნული ტრასტის ისტორიული გარემოს ხელმძღვანელმა, ტომ დომეტმა.

"წელს ნანგრევები ძალიან კარგად ჩანს. ასევე კარგად მოჩანს სტუმრების დარბაზი - შენობა, რომელიც აჩვენებს სააბატოს სტუმართმოყვარეობის მნიშვნელობას. შუა საუკუნეების ცხოვრების წესით, მას ასობით ადამიანის განთავსების შესაძლებლობა ექნებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფაუნტენსის სააბატო ასობით წლის განმავლობაში უამრავ ვიზიტორს მასპინძლობდა" - განაცხადა „ეროვნული ტრასტის“ არქეოლოგმა მარკ ნიუმენმა.
მოტისფონტში, რომელიც მე-16 საუკუნეში მეფე ჰენრი VIII-ის მიერ გაუქმებულ მონასტერთა შორის იყო, მე-13 და მე-16 საუკუნეების კედლის საძირკვლის ნაშთები გამოჩნდა. ეს არის მონასტრის შენობების, მათ შორის სამონასტრო ნაგებობების ნარჩენები.

მოგვიანებით ჰენრი VIII-მ მოტისფონტი სახელმწიფო მოღვაწეს, სერ უილიამ სენდისს გადასცა, რომელმაც მთელი სამრევლო შენობები ტიუდორების ეპოქის სახლად აქცია.