ანტარქტიდასთან 300-ზე მეტი წყალქვეშა კანიონის ფარული ქსელი აღმოაჩინეს - წერს IFLScience.
ირლანდიის კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ესპანეთის ბარსელონის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა მაღალი გარჩევადობის ბათიმეტრული მონაცემები გამოიყენა, რათა ანტარქტიდის სანაპიროზე დამალული კანიონების აღმოეჩინათ. მათ ჯამში 332 წყალქვეშა ღრმული იპოვეს, რაც წინა კვლევების შედეგს ხუთჯერ აღემატება.
"ჩვენ მიერ გაანალიზებული ზოგიერთი წყალქვეშა კანიონი 4 000 მეტრზე მეტ სიღრმეს აღწევს. ყველაზე შთამბეჭდავი კანიონები აღმოსავლეთ ანტარქტიდაშია, რომელსაც რთული, განშტოებული სისტემები ახასიათებს. ეს სისტემები, როგორც წესი, კონტინენტური შელფის კიდეზე რამდენიმე მწვერვალით იწყება და ერთ მთავარ არხად ერთიანდება, რომელიც ოკეანის სიღრმეში ჩადის და ციცაბო ფერდობებს კვეთს", - განაცხადა დევიდ ამბლასმა.
საინტერესოა, რომ ანტარქტიდის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კანიონები "სრულიად განსხვავებულ ამბებს ჰყვებიან“. აღმოსავლეთით ისინი რთული და განშტოებულია, ფართო U-ის ფორმის პროფილით. დასავლეთით კი უფრო მოკლე და ციცაბოა, მკვეთრი V-ის ფორმის ხაზებით.
მკვლევრების თქმით, ეს დაკვირვება იმაზე მიანიშნებს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი გაცილებით ძველია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგი. "ეს ვარაუდი დანალექი ქანების კვლევებში უკვე არსებობდა, მაგრამ ზღვის ფსკერის ფართომასშტაბიან გეომორფოლოგიაში ჯერ არ იყო აღწერილი", - თქვა ამბლასმა.

აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდა მხოლოდ გიგანტური ყინულის საფარი არ არის. უსაზღვრო ყინულის ქვეშ კლდოვანი კონტინენტი იმალება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკას ან ევროპას ჰგავს, უნიკალური ლანდშაფტით, უზარმაზარი ხეობებით და მთის მწვერვალებით. ისევე როგორც სხვა კონტინენტების შემთხვევაში, ანტარქტიდის ფარული კიდეებიც წყალქვეშა კანიონებით არის დაქსელილი.
მათი შესწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ოკეანის წყლის ცირკულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, აკავშირებენ წყალმარჩხ და ღრმა ადგილებს, რითაც ზღვაში სიცოცხლით მდიდარ ჰაბიტატებს ქმნიან.
მეცნიერებს უკვე შექმნილი აქვთ პლანეტაზე არსებული 10 000 წყალქვეშა კანიონის რუკა, მაგრამ, სავარაუდოდ, კიდევ ათობით ათასი არსებობს, რადგან ზღვის ფსკერის მესამედზე ნაკლებია გამოკვლეული.
"სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მაღალი გარჩევადობის ბათიმეტრული მონაცემების შეგროვება უცნობ ადგილებში, რაც, უდავოდ, ახალ კანიონებს აღმოგვაჩენინებს. ასევე, უნდა შევაგროვოთ მონაცემები როგორც ადგილზე, ისე დისტანციური სენსორების დახმარებით და გავაუმჯობესოთ ჩვენი კლიმატის მოდელები, რათა კლიმატის ცვლილების შედეგების პროგნოზების სანდოობა გავზარდოთ,“ - განმარტავენ მკვლევრებმა.