ავტორი:

"გოგო უნდოდა ძალიან, ექოზე წავედით, მაგრამ ჯერ არ ჩანდა სქესი. გვითხრეს, 1 თვეში მოდითო,  ამასობაში ომი დაიწყო..." - სულ სხვა ამბები გიორგი ანწუხელიძეზე: რას იხსენებს გმირის მეუღლე?

"გოგო უნდოდა ძალიან, ექოზე წავედით, მაგრამ ჯერ არ ჩანდა სქესი. გვითხრეს, 1 თვეში მოდითო,  ამასობაში ომი დაიწყო..."  - სულ სხვა ამბები გიორგი ანწუხელიძეზე: რას იხსენებს გმირის მეუღლე?

"ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე მუშაობს წიგნზე "ანწუხელიძე", რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს, - ამის თაობაზე მწერალმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. "დღეს დავიწყეთ მუშაობა მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნზე - "ანწუხელიძე". განზრახულია მცირე ტილოს შექმნა, ქართველი გმირის ცხოვრებისა და პარალელური ისტორიების მეშვეობით. ამბებით, რომელიც ქვეყნის ოკუპანტთან ბრძოლის ცხადი სურათი იქნება - ამბავი დაუნებებლობის. მე და გიორგის მეუღლე, ჩემი მეგობარი მაკა ჩიკვილაძე შევხვდით და სამუშაო რუკა მოვინიშნეთ, რომელიც ალვანიდან დაიწყება. მე წიგნის ავტორი ვიქნები, მაკა კი - მთავარი კონსულტანტი“, - დაწერა გიორგი კეკელიძემ.

"გიორგი კარგა ხანია, რაც ამ წიგნზე ფიქრობს. ჩვენ ახლახან შევხვდით და ვისაუბრეთ. წიგნი, სავარაუდოდ "დედა და ილიას“ ტიპის იქნება, სხვა დეტალები ჯერ არ ვიცი. ძალიან მახარებს ეს ამბავი... ცხოვრებაში რაც კი უდიდესი პასუხისმგებლობა არსებობს, ვფიქრობ, ეს არის იყო გმირის მეუღლე, ეს ძალიან რთულია, ამავე დროს, საპასუხისმგებლო ყველას და პირველ რიგში გიორგის მიმართ“, - ამბობს მაკა 2008 წლის 9 აგვისტოს ტერორისტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე, რომელიც საქართველოს გაუტეხლობის და მტკიცე სულის სიმბოლოდ იქცა.

მაკა ჩიკვილაძე მისი და გიორგის თანაცხოვრების უცნობ დეტალებზე გვიყვება:

  • "გიორგის პირდაპირ არ უთქვამს, მიყვარხარო“

- გიორგისთან პირველი შეხვედრა როგორი იყო, მართლა არ მახსოვს, მას ხშირად ვხედავდი ისანში, ბარში, სადაც ჩემი ახლობლები მუშაობდნენ. მერე საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე აღმოვჩნდით ერთად. მაშინ გიორგი 21-ის, მე - 23 წლის ვიყავი, ნელ-ნელა დავახლოვდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. იმხანად გიორგი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობდა, სენაკში იყო და ჩამოდიოდა თუ არა, მნახულობდა. როცა ცოლად გავყევი, მაშინაც სენაკში იყო და ამის გამო დიდი პრობლემები გვქონდა, ის სულ იქეთ იყო, მე - აქეთ, ისედაც სულ 2 წელი ვიყავით ერთად და სენაკში უფრო დიდი დრო გაატარა. გიორგის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა - კუჭის წყლული აწუხებდა და ამის გამო "დაბრაკეს“, ჯარიდან გამოუშვეს და 2008-ში თავი აღიდგინა, ოღონდ, ვაზიანში დაიწყო მსახური. ვფიქრობდი, რომ გაგვიმართლა, რადგან ჩვენც იქვე ვცხოვრობდით და მიდი-მოდიოდა. გიორგის პირდაპირ არ უთქვამს, მიყვარხარო. მალე დავქორწინდით - 2006 წლის მაისში დავახლოვდით და ივლისის ბოლოს უკვე გავიპარეთ. გავიპარეთ, რა, სახლში მაცილებდა და სხვაგან წამიყვანა - დეიდამისთან, თბილისში.

  • "როცა ბრაზდებოდა, მაშინ გათუშდებოდა ხოლმე“

- გიორგის ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდა, იყო მხიარული, მთავარია, არ გაბრაზებულიყო, თორემ ძალიან ფიცხდებოდა, მაშინ "გათუშდებოდა" ხოლმე. ლევანი გვეყოლა და ანაზე 2 თვის ფეხმძიმედ ვიყავი, ომში რომ წავიდა, მას მამა საერთოდ არ უნახავს, ანა თებერვალში დაიბადა... მართლა სხვანაირი იყო გიორგი, ძალიან ვაჟკაცური, ჯიუტი, მაგრამ ჩემთან უფრო რბილი ხასიათისა. სხვათა შორის, რომანტიკულიც იყო, ბევრჯერ მოურთმევია წითელი ვარდები. სიურპრიზი მისგან ის იყო, რომ მეტყოდა, ვერ გამოვდივარ ნაწილიდანო და მერე უცბად დამადგებოდა თავზე. უყვარდა ხუმრობა, თუმცა სხვა რომ ეხუმრებოდა, ეს არ მოსწონდა. კამათიც ისეთ უაზრო რაღაცაზე მოგვსვლია, ახლა რომ მახსენდება, მეცინება, ამაზე როგორ ვკამათობდით-თქო. არ უყვარდა, სადმე თუ წავიდოდი, ცოტა ეჭვიანიც იყო, როგორც მთის კაცების უმრავლესობა. მეორე ბავშვზე ორსულად ვიყავი, გოგო უნდოდა ძალიან, ექოზე წავედით, მაგრამ ჯერ არ ჩანდა სქესი. ექიმმა გვითხრა, 1 თვეში მოდითო, ვგეგმავდით, როდის წავსულიყავით, მაგრამ შუალედში ეს ომიც დაიწყო...

  • "მგონი, ომი დაიწყო და ფრთხილად იყავი-მეთქი“

- გიორგი ომში გამოიძახეს, ვაზიანში იყო და ყველა ვარიანტში ეკუთვნოდა წასვლა, რომც არ გამოეძახათ, მაინც წავიდოდა. გიორგი 18 აგვისტოს 24-ის ხდებოდა... იმ დროს ბავშვით გორში ბებიასთან ვიყავი, გიორგიმ 6 აგვისტოს გაგვაცილა ძევერაში. იმ ღამით იქ დიდი სროლები ატყდა (ძევერა ცხინვალთან ახლოსაა და იქიდან მოდიოდა სროლის ხმა). ისეთი ხმები იყო, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, სარდაფში ვიმალებოდით და შუქებს არ ვანთებდით. მერე ნაწილიდან დამირეკეს, გიორგის ვერ დავუკავშირდითო და მითხრეს, სამსახურში იძახებენ და გადაეცითო. მამიდამისის ტელეფონზე დავრეკე, რადგან გიორგის უკვე ეძინა და არ მპასუხობდა, მამიდამ გააღვიძა და ვუთხარი, აქ სროლებია და რა ვქნა, წამოვიდე თუ დვარჩე, მგონი, ომი დაიწყო და ფრთხილად იყავი, შენც გიძახებენ-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, მეტი კომუნიკაცია აღარ გვქონია, ყოველ დღე ვრეკავდი და ვერ ვუკავშირდებოდი, მიუწვდომელი იყო. მე როცა წამოვედი, 7-ში უკვე ჯარი შედიოდა ცხინვალში, გზაზე კოლონები მოდიოდა.

  • "წამების ვიდეო დღემდე ბოლომდე არ მინახავს და არც მინდა ვნახო“

- გული ცუდს არაფერს მიგრძნობდა, არც ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ომზეც რომ მეფიქრა, გიორგი იმდენად ძლიერი და ჭკვიანი იყო, ვერც წარმოვიდგენდი, რამე მოუვიდოდა, ვფიქრობდი, ვერავინ მოერეოდა. მანაც არ იცოდა, ომში თუ მიჰყავდათ, 6-ში გამოიძახეს და 7-ში დილით ცხინვალისკენ წაიყვანეს. სულ ვრეკავდი გიორგისთან და ერთთავად მიუწვდომელი იყო. ვიცოდი, რომ 8 აგვისტოს აიყვანეს ტყვედ და 9 აგვისტოს მოკლეს, თუმცა ახლა, 2 დღის წინ გავიგე, რომ გიორგი 9 აგვისტოს ცოცხალი ყოფილა (გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების დღე 9 აგვისტო წერია). 11 აგვისტოს, ჯარი რომ დაბრუნდა, ჯარისკაცები დავინახე და ვკითხე, აქ რატომ ხართ-თქო, გამოგვიშვეს, ომი დამთავრდაო. რუსეთთან ომი დღემდე გრძელდება, მაგრამ ცხინვალის ოპერაცია დასრულდა... გიორგი რომ არ გამოჩნდა, მერე უკვე დავიწყე მისი ძებნა. დიდხანს ვეძებეთ, დარწმუნებული ვიყავი, ცოცხალი იყო, მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, აქ დავინახეთ, იქ დავინახეთო. ძალიან მძიმე იყო ... ნოემბერში 10 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს, ოს ტყვეებში გაუცვლიათ და მათ შორის აღმოჩნდა გიორგი. ცხედრები მიწაში ჰყავდათ ზედიზედ ჩაყრილები. ბოლოს დნმ-თი გავიგეთ მისი სიკვდილის შესახებ, იანვარში - გამოგვიძახეს, ოჯახიდან ვინმე მივიდეს, დნმ ჩააბარეთო და ჩემმა დამ წაიყვანა პატარა ლევანი. ცხედარი არ იცნობოდა, მე არ მინახავს, ჩემებმა ნახეს მისი ჩონჩხი... მერე, იანვარში გამოჩნდა გიორგის წამების კადრებიც. ამაზეც დაგვირეკეს, გიორგის კადრები დაიდო, წადით, ნახეთო. მაშინ მარტო მამუკა არეშიძეს ჰქონდა ეს კადრები და რომ მივედით, არ გვიჩვენა. მითხრეს, იმხელა მუცლით რომ მიადექი, რას განახებდაო. მერე დამიბარეს თავდაცვის სამინისტროში, კადრები გამოჩნდა და უნდა ამოიცნოო (წამების კადრები). რომ მივედი, მარტო ვიდეოს დასაწყისი ვნახე, ამოცნობა რად უნდოდა, შეხედავ და ისაა. დღემდე ამ ვიდეოს დასაწყისი მაქვს ნანახი, არ მინახავს ბოლომდე და არც მინდა, ვნახო.

გიორგის რამდენიმე მწამებელი მოკვდა (ცუდი სიტყვაა, მაგრამ თუ შეიძლება ამ სიტყვას ვიხმარ), ერთი თუ ორი უკრაინაში მოკლეს, ერთი მანამდე მოკვდა, ითქვა, ქართველებმა იძიეს შურიო... მარტო ის ერთი კადრი არაა, გიორგი ხელებშეკრული მიწაზე რომ ზის და ოსი მწამებლები ზურგზე ახტებიან, ამის გარდა კიდევ ორი ვიდეოა, სასაფლაოზე წიხლს რომ ურტყამენ და მესამე - რომ მიათრევენ. არ ვიცი, მაგ დროს კიდევ ცოცხალი იყო თუ არა... სხვათა შორის, პირველ კადრებში ქართული ლაპარაკიც ისმის, დანარჩენი - ოსური. თარგმანი საშინელებაა... გიორგის ჯერ ეკითხებიან, სად იყავიო, გიორგის პასუხია - აზრზე არ ვარო. როდის მოხვალ აზრზეო და ეუბნება, არ ვიციო. მერე უკვე ბჭობენ, მოვკლათ, თავი მოვაჭრათ... რაღაც საშინელი ტექსტებია (მხოლოდ ერთი მათგანი ამბობს ქართულად - არაო). ეს ცივსისხლიანები!

  • "ეს ბიჭები ომობდნენ საქართველოსთვის და სამშობლოს შესწირეს თავი, სხვას არავის და არაფერს“

- გიორგის სახელის ყოველ გაგონებაზე გული რაღაცნაირად მიფანცქალებს, მოგატყუებთ, რომ გითხრათ, არ ვნერვიულობ-მეთქი, ძალიან ვნერვიულობ (რა კონტექსტშიც არ უნდა ახსენონ). სულ გაფაციცებული ვარ, ვინ რას იტყვის, ვინ როგორ მოიხსენიებს, ძალიან რთულია ყველას აზრს მოუსმინო. ყველას თავისი აზრი აქვს ომის დაწყებაზეც და ბიჭების შეწირვაზეც. ჩემი აზრია, რომ ეს ბიჭები ომობდნენ საქართველოსთვის და სამშობლოს შესწირეს თავი, სხვა არავის და არაფერს. ყველა მათგანი ისტორიაში გმირებად ჩაეწერა და მათი ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემა. ფაქტია, ეს ბიჭები აღარ არიან და საქართველოს შეეწირნენ, დანარჩენი, ვინც რა უნდა თქვას, ზედმეტია.

  • "ერთი წუთითაც არ ვყოფილვართ მის გარეშე“

- ამასობაში ჩვენი შვილები წამოიზარდნენ... ლევანი ამერიკაში სწავლობს, ჯერ სკოლაშია, მე-12 კლასში. მის უცხოეთში გაგზავნაში თავდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა, მადლობა მათ, ყოველთვის გვერდში რომ გვიდგანან და ჩვენი მდგომარეობით ინტერესდებიან. ლევანმა აქ სკოლა დაამთავრა, მაგრამ იქ ერთი კლასით უკან დაჯდა. სკოლის დასრულების მერე კოლეჯში შევა, ბიზნესის კუთხით უნდა სწავლის გაგრძელება. ლევანი თავიდან კალიფორნიაში იყო, იქ ცოტა გაუჭირდა, გამოკეტილი იყო და ვერავისთან მიდიოდა არდადეგებზე. ახლა ნიუ-იორკში გადადის, სადაც ბევრი ქართველია და გაუადვილდება ყოფა. ძალიან საიმედო ბიჭია ლევანი, უკარგესი შვილი. ახლა აქაა და თვის ბოლოს მიდის ამერიკაში, არ მეთმობა..

ანა 89-ე სკოლაშია, ცოტა სწავლა უჭირს, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში დადის, პატარა პრობლემები აქვს. ანა რომ მუცელში იყო, მაშინ დამატყდა თავს ტრაგედია - გიორგის დაღუპვა, ამის შედეგად კი ბავშვს მსუბუქი მენტალური პრობლემა აქვს, ცოტა დრო უნდა, სავარაუდოდ, პრობლემა მოგვარებადია... ხალხს ჰგონია, ძალიან დალხენილად ვცხოვრობთ, არადა, ჩვენ დღემდე აგვისტოს ომი გვატყვია, მის შედეგებს ვიმკით. ლევანი ძალიან განიცდის ხოლმე მამაზე რამეს თუ იტყვიან, წარმოიდგინეთ, სულ გიორგიზე იყო მიწებებული. გიორგი სამსახურიდან მოდიოდა დაღლილი, წვრთნებიდან ნავარჯიშები და მერე სულ ბავშვთან ატარებდა დროს, გიჟდებოდა შვილზე. ლევანი მაშინ 10 თვის იყო...

მე რაც შემეხება, კოჯორში ვმუშაობ, ანწუხელიძის სახელობის აკადემიაში (წვრთნებისა და განათლების აკადემიაა, საქმის მწარმოებელი ვარ), რაც ძალიან მახარებს. სხვა რა გითხრათ, გიორგი ყოველთვის ჩვენთან ერთადაა, სულ თან დაგვყვება, მიუხედავად იმისა, მასთან 17 წელი გვაშორებს, ერთი წუთიც არ ვყოფილვართ მის გარეშე.