სექტემბერში ბელარუსში, რუსეთ - ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები “დასავლეთი - 2025“ ჩატარდება, რომელიც 2022 წელს გამართული იმ სამხედრო მანევრების პირდაპირი ანალოგია, რის შემდეგაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
არსებული კონფლიქტის პირობებში, დაგეგმილი წვრთნები დასავლეთი მიერ განხილულია, როგორც უშუალო ან მოსალოდნელი საფრთხე - როგორც უკრაინისთვის, ისე ბალტიის ქვეყნებისა და მთლიანად ნატოს “აღმოსავლური ფლანგისთვის“.
თავის მხრივ უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად ალასკაზე დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, უახლოეს თვეებში რუსეთი ახალ შეტევით ოპერაციებს ამზადებს უკრაინაში.
არსებობს რამდენიმე სცენარი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს “დასავლეთი-2025“ - ის გამართვას.

ყოველწლიურად რუსეთი სხვადასხვა რეგიონში სტრატეგიულ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებს, სადაც შესაძლო “საომარი მოქმედებების ავანსცენებზე“ საბრძოლო ქმედებები მუშავდება.
"ერთ წელს ეს “დასავლეთია", მომდევნო წელს“აღმოსავლეთი“, შემდეგ „ცენტრი“ და „კავკასია“. ოთხ წელიწადში მსოფლიოში გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება და სწავლებებიც თავიდან იწყება.
2008 წელს, სწორედ “კავკასია-2008“-ის ფარგლებში მოახდინა რუსეთმა როკის გვირაბთან სამხედრო ძალებისა და ტექნიკის თავმოყრა, რასაც საქართველოში შეჭრა და ექვსდღიანი ომი მოჰყვა.

“დასავლეთი-2021“-ის დროს კი 200 ათასზე მეტი რუსი და ბელარუსი სამხედრო მონაწილეობდა სიმულირებულ დაპირისპირებაში პირობითი “ცენტრალური ფედერაცია“ ასევე პირობითი “პოლარული რესპუბლიკის“ წინააღმდეგ, რაც ხუთი თვის შემდეგ კიევის, გოსტომელის, ხარკოვის, მიკოლაევის და სხვა უკრაინული ქალაქების “ბლიცკრიგით“ აღების მცდელობაში გადაიზარდა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი სწავლება რეალური საბრძოლო მოქმედებებით არ მთავრდება. “დასავლეთი-2017“ -ის ფარგლებში გამოგონილი “ვეიშნორიის“ (ფაქტობრივად, ბალტიისპირეთის ქვეყნები) წინააღმდეგ წამოწყებული მანევრები, რეალურ ომში არ გადაზრდილა.

კიდევ ერთი სცენარი, რომელიც სამხედრო ექსპერტების მიერ “დასავლეთი-2025“-ის კონტექსტში ყველაზე ხშირად განიხილება არის რუსეთ - ბელარუსის სამხედრო აგრესია ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასა და პოლონეთის მიმართ.
მათი აზრით, რუსეთის ოპერაციების დაგეგმვის სტილი აჩვენებს, რომ მოსკოვს სურს გამოცადოს ნატოს მზაობა მეხუთე მუხლის ასამოქმედებლად.
(ნატოს წესდების ყველაზე ცნობილი მუხლი ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ითვლება ყველა წევრზე თავდასხმად)
გარდა ამისა შესაძლო ომის ფონზე ბალტიისპირეთში განიხილება რამდენიმე პოტენციურად მოწყვლადი წერტილი, სადაც მოწინააღმდეგე სავარაუდოდ პირველ დარტყმებს განახორციელებს.

სუვალკის დერეფანი - ვიწრო (დაახლოებით 60 კმ) ზოლი პოლონეთსა და ლიტვას შორის, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოს დანარჩენ წევრ ქვეყნებთან აკავშირებს. იგი რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს შორის მდებარეობს და ნატოს “ყველაზე სუსტ წერტილად“ ითვლება.
დაუგავპილსი ლატვიაში და ნარვა ესტონეთში - სასაზღვრო ქალაქები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური რუსია.
შალჩინინის რაიონი ლიტვაში - ტერიტორია, რომელსაც ბელარუსი სამი მხრიდან ესაზღვრება
ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი - მდებარეობს ბელარუსის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კმ-ში.
მიუხედავად იმისა, რომ სრული მასშტაბის შეტევის სცენარი ბალტიის მიმართულებით ახლა ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევა, ექსპერტები ზემოხსენებულ ტერიტორიებზე და ბალტიის ზღვაში ჰიბრიდული თავდასხმებისა და დივერსიების მაღალ რისკებზე საუბრობენ.

კიდევ ერთი სცენარი, რომელიც 2022 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ბელარუსში გამართულ სამხედრო წვრთნებს ყოველთვის თან ახლავს, არის ახალი შეტევის საფრთხე უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებზე. ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი რუსი სამხედრო მიიღებს რეალურად მონაწილეობას წვრთნებში.
თეორიულად შესაძლოა რუსეთმა პროვოკაციები განახორციელოს ბალტიისპირეთის მიმართულებით, რათა ყურადღება გადაიტანოს და დაიწყოს პირდაპირი საბრძოლო მოქმედებები კიევის ოლქში, აგრეთვე სარაკეტო დარტყმები მიიტანოს რივნეს, ვოლინისა და ჩერნიგოვის ოლქებზე.
თუმცა როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ 11 აგვისტოს განაცხადა: “ბელარუსში “დასავლეთი-2025“-ის მიმდინარეობა სრულად კონტროლს ექვემდებარება. ვიცით, რამდენი რუსი სამხედროა იქ, გვესმის ყველაფერი, რაც ხდება და ამ დროისთვის ამ მხრიდან უკრაინისკენ მომავალი სამხედრო საფრთხე არ არსებობს.“

ამ სცენარის თანახმად , „დასავლეთი-2025“-ის ფარგლებში რუსეთისა და ბელარუსის ძალები შეასრულებენ მხოლოდ იმიტირებულ შეტევას — ხმაურიან მანევრებს, საზღვრისკენ ტექნიკის გადაყვანას და ინფორმაციულ პროვოკაციებს, თუმცა უშუალო საბრძოლო მოქმედებებზე არ გადავლენ.

ექსპერტების თქმით, ასეთი "ფსიქოლოგიური ზეწოლა“ რამდენიმე მიზანს ემსახურება:
ნატოს და უკრაინის რესურსების გადამისამართება საფრთხის მოსაგერიებლად;
საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა;
შიდა აუდიტორიისთვის სამხედრო ძალის დემონსტრირება.

და ბოლოს არსებობს დიდი ალბათობა, რომ “დასავლეთი-2025“ ჩაივლის, როგორც რიგითი სამხედრო სწავლება, ყოველგვარი რეალური აგრესიის გარეშე.
ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსეთს ფიზიკურად აღარ აქვს რესურსი ახალი “ბელარუსული პლაცდარმის“ შესაქმნელად.
თუმცა მშვიდობიანად დასასრულის შემთხვევაშიც კი - მსგავსი სწავლებები მოსკოვის მიერ ყოველთვის იქნება გამოყენებული ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივი დაძაბულობის შესანარჩუნებლად .


მოსკოვმა და მინსკმა დაგეგმილი სწავლებებისთვის მზადება წლის დასაწყისშივე დაიწყეს. თავდაპირველად ბელარუსის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი რევენკო აცხადებდა რომ მონაწილე ძალების რაოდენობა „13 ათასს გადააჭარბებდა“ მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა დააზუსტა, რომ “დაძაბულობის შემცირების მიზნით“ წვრთნები მასშტაბები შემცირდება და ისინი საზღვრებიდან მოშორებით, ქვეყნის შიდა რაიონებში იქნება გადატანილი“.
თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რეალური სამხედრო ძალების რაოდენობა, ოფიციალურად გამოცხადებულ 10-12 ათას სამხედროს შესაძლოა 5-6-ჯერ აღემატებოდეს.
დაგეგმილია, რომ “დასავლეთი-2025“ 12-16 სექტემბერს ჩატარდება და ლეგენდის მიხედვით რუსეთის - ბელარუსის კავშირის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების (მათ შორის დრონების) მოგერიებას, თავდაცვითი ბრძოლის, მოწინააღმდეგის განადგურების, ავიაციის მხარდაჭერის და დივერსანტებთან ბრძოლის ტაქტიკას დახვეწას მოემსახურება.

თავის მხრივ ალექსანდრ ლუკაშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს წვრთნები საფრთხეს არ წარმოადგენს არც უკრაინისთვის, არც ბალტიის ქვეყნებისთვის და არც პოლონეთისთვის, თუმცა თუ გავიხსენებთ ბელორუსის პრეზიდენტი 2022-შიც იმავეს იძახდა მანამ, ვიდრე მისი ქვეყნიდან დაძრული რუსული სამხედრო კოლონები ჩერნობილის ზონის გავლით კიევის მიმართულებით არ წავიდნენ.