ავტორი:

ფულისთვის თუ სექსუალური პარტნიორის გამო? -  ბრიტანეთში მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ ამერიკელ, კილერ ქალს, რომელიც ერევანში დააკავეს

ფულისთვის თუ სექსუალური პარტნიორის გამო? -  ბრიტანეთში მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ ამერიკელ, კილერ ქალს, რომელიც ერევანში დააკავეს

აშშ-ის მოქალაქე ეიმი ბეტრო ბრიტანეთში მამაკაცის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს. მკვლელობა შეკვეთილი იყო. დღემდე გამოცანად რჩება, რატომ აირჩიეს ბეტრო კილერის როლში - სრულიად ჩვეულებრივი პიროვნება, კრიმინალური წარსულის გარეშე.

2019 წლის შემოდგომის ერთ ღამეს, ქალაქის მშვიდი გარეუბნის ერთ-ერთ ჩიხში, ბეტრომ 9 მმ-იანი პისტოლეტი მიმართა სიქანდერ ალისკენ და დააჭირა თითი სასხლეტს, როგორც დაავალეს.... მაგრამ იარაღი გაიჭედა და არ გაისროლა, რამაც კაცს სიცოცხლეს შეუნარჩუნა. ალი მანქანაში ჩახტა და გაიქცა. დეტექტივის თქმით, მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ გასროლის შემთხვევაში კაცს გადარჩენის შანსი თითქმის არ ექნებოდა.

ეს ამბავი, რომელიც უფრო სატელევიზიო დრამის სიუჟეტს ჰგავს, დასრულდა რამდენიმე წლის შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან ათასობით კილომეტრში - სომხეთში, სადაც ძებნილი ქალი დააკავეს. თუმცა ყველაფერი დაიწყო 2018 წელს, ბირმინგემში, ალუმ-როკის რაიონში მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში.

2018 წელს, მუჰამედ ასლამმა და მისმა ვაჟმა მუჰამედ ნაბილ ნაზირმა მიიღეს დაზიანებები ჩხუბის დროს, რომელიც ასლათ მაჰუმადის (სიქანდერ ალის მამის) მაღაზიაში მოხდა. როგორც ბირმინგემის სამეფო სასამართლოში განაცხადეს, ამ ჩხუბმა გამოიწვია ოჯახებს შორის ძალადობრივი კონფლიქტი, რის შედეგადაც ნაზირმა და ასლამმა მიზნად დაისახეს მოეკლათ ასლათ მაჰუმადი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი.

დერბიში მცხოვრები მამაკაცები ბეტროს დაუკავშირდნენ. პოლიციის დეტექტივ-ინსპექტორ ალისტერ ორენკასის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ქალს ადრე არანაირი პრობლემები არ ჰქონია სამართალდამცველებთან.

"ის საკმაოდ ჩვეულებრივი პიროვნება იყო, მაგრამ მზად აღმოჩნდა ჩაედინა შემზარავი, თავხედური და მიზანმიმართული მკვლელობა",- თქვა მან.

ბეტრო, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ უესტ-ელისიდანაა, ბრიტანეთში 2019 წლის აგვისტოში ჩავიდა. სასამართლოში გაირკვა, რომ მან ადრე ნაზირი გაიცნო გაცნობის აპლიკაციაში და მასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა ლონდონის ქინგს-კროსის რაიონში, Airbnb-ის ბინაში, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე. უცნობია, როგორ აღმოჩნდა, რომ სწორედ მას შესთავაზეს კილერის როლი.

თავდასხმამდე, სხვადასხვა დროს ბეტრო გაჩერდა ლონდონის, მანჩესტერის, დერბისა და ბირმინგემის სასტუმროებში, სადაც ხვდებოდა მკვლელობის დამკვეთებს.

მკვლელობის მცდელობის მომდევნო დღეს, ქალი მანჩესტერის აეროპორტიდან აშშ-ში გაფრინდა. რამდენიმე დღის შემდეგ მას ნაზირი შეუერთდა და ერთად იმოგზაურეს ამერიკაში.

გამოძიებას წლები დასჭირდა (მათ შორის პანდემიის გამო). მასში მონაწილეობდნენ: FBI, ბრიტანეთის ეროვნულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტო (NCA) და ორი ადგილობრივი პოლიციის სამმართველო.

ბოლოს ბეტრო ერევანში, საცხოვრებელ კომპლექსში დააკავეს და ბრიტანეთს გადასცეს.

სასამართლოში ბეტრო ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნა "უბრალოდ საშინელი დამთხვევა“ იყო და დანაშაული სხვა ამერიკელმა ქალმა ჩაიდინა, რომელსაც მსგავსი ხმა, ტელეფონი და ფეხსაცმელი ჰქონდა.

თუმცა, თითქმის 21-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა უმრავლესობით დაასკვნეს, რომ ის დამნაშავეა მკვლელობის შეთქმულებაში.

კითხვაზე, მიიღო თუ არა ბეტრომ ფული თუ, უბრალოდ, სექსუალური პარტნიორის გამო გადაწყვიტა მკვლელობის ჩადენა, პოლიციელმა თქვა:

"ჩვენ თანხის გადახდის მტკიცებულება ვერ ვიპოვეთ. ისინი გაცნობის საიტზე შეხვდნენ და შესაძლოა ეს პარტნიორის გულისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთიც არ არსებობს. მე ამას დანაშაულებრივ გაერთიანებად და მკვლელობის შეთქმულებად ვაფასებ“.

31 წლის მუჰამედ ნაზირს 32 წლით თავისუფლების აღკვეთა, 56 წლის მუჰამედ ასლამს კი 10 წლით პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. 45 წლის ბეტროს სასჯელს 21 აგვისტოს გამოაცხადებენ. წყარო