ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ორი ახალი ანტიბიოტიკი, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, გაანადგურონ გონორეის და მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის (MRSA) წამლის მიმართ მდგრადი შტამები. ამერიკელი მეცნიერების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Cell-ში.
ხელოვნური ინტელექტის სისტემამ ახალი პრეპარატები ცალკეული ატომებისგან ააწყო და ლაბორატორიულმა კვლევებმა, ასევე ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა მათი ეფექტურობა სუპერბაქტერიების წინააღმდეგ.
ანტიბიოტიკების ჭარბმა გამოყენებამ ხელი შეუწყო ბაქტერიების ევოლუციას და ახლა წამლის მიმართ მდგრადი ინფექციები წელიწადში მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს. ახალი ანტიბიოტიკების დეფიციტი რამდენიმე ათწლეულია იგრძნობა.
აქამდე მკვლევარები ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ ათასობით ცნობილი ქიმიური ნივთიერების გასაანალიზებლად და ცდილობდნენ იმ ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირებას, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ახალ ანტიბიოტიკებად იქცნენ. MIT-ის გუნდმა ეს ნაბიჯი კიდევ უფრო შორს წაიწია და ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა გონორეის და MRSA-თი გამოწვეული პოტენციურად სასიკვდილო დაავადების სამკურნალო ანტიბიოტიკების შესაქმნელად.

გონოკოკებსა და სტაფილოკოკებს ადამიანის კანზე წლების განმავლობაში შეუძლიათ ცხოვრება. ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული ინფექციები გამოიწვიონ.
კვლევის დროს მეცნიერებმა ხელოვნურ ინტელექტს შესთავაზეს 36 მილიონი ნაერთი. ანტიბიოტიკების შესამუშავებლად ორი მიდგომა იქნა გამოყენებული.
პირველ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი ეძებდა პერსპექტიულ საწყის წერტილს მილიონობით ქიმიური ფრაგმენტის ანალიზით და შემდეგ ავითარებდა მას. მეორე შემთხვევაში, მას თავიდანვე მიეცა სრული შემოქმედებითი თავისუფლება.
ყველაზე პერსპექტიული ნივთიერებები გამოიცადა ბაქტერიებზე ლაბორატორიაში და ინფიცირებულ თაგვებზე. შედეგად, შეიქმნა ორი ახალი პოტენციური პრეპარატი.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ვაჩვენეთ, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია სრულიად ახალი ანტიბიოტიკების შესაქმნელად“, - განუცხადა BBC-ს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ჯეიმს კოლინსმა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანებზე კლინიკურ კვლევებს კიდევ ერთი ან ორი წელი დასჭირდება, რომლის განმავლობაშიც პრეპარატები დაიხვეწება.
იხილეთ ასევე: