აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაში გაემგზავრა. CNN-ის ინფორმაციით, Air Force Once-ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც დონალდ ტრამპი იმყოფება, ალასკისკენ აიღო გეზი.
მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპთან ერთად ალასკაში 16 ოფიციალური პირი გაემგზავრებოდა.

თეთრი სახლის ცნობით, აღნიშნულ პირებს შორის არიან: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლივიტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, მისი წევრები, ვლადიმერ პუტინის გარდა, იქნებიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს დღეს, ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე თბილისის დროით 23:30 საათზე შეხვდებიან. თავდაპირველად ისინი პირისპირ, შემდეგ დელეგაციების მონაწილეობით ისაუბრებენ.
კერძოდ, ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ალასკაში პუტინთან განიხილება თუ არა ტერიტორიული გაცვლები.
„განიხილება, მაგრამ უკრაინას უნდა მივცე ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მგონი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები. აქ იმისთვის ვარ, რომ მაგიდასთან დავსვა“, - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ნატოს ფორმით არა, ვინაიდან არის რაღაცები, რაც არ მოხდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი „სერიოზული ეკონომიკური შედეგების წინაშე“ დადგება თუ მშვიდობიანი დარეგულირებისადმი არ გამოხატავს ინტერესს.
„შევნიშნე, რომ პუტინს ბევრი ბიზნესმენი ჩამოჰყავს და ეს კარგია. მომწონს ეს, რადგან მათ სურთ ბიზნესის კეთება, თუმცა ეს შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ ომს არ დავასრულებთ“, - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე.
როდესაც ტრამპს კიდევ ერთხელ ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა რუსეთთან ბიზნეს შესაძლებლობებს, აშშ-ის პირველმა პირმა უპასუხა: „თუ პროგრესს მივაღწევთ, მე ამას განვიხილავ.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან განუცხადა, მას სჯერა, რომ ალასკაში დღევანდელი სამიტიდან „რაღაც“ გამოვა.
„მისმინეთ, ის ჭკვიანი ბიჭია. დიდი ხანია ამას აკეთებს, მაგრამ მეც ასე ვაკეთებდი. ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ორივე მხრიდან პატივისცემის კარგი დონეა და ვფიქრობ, რომ ამისგან რაღაც გამოვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
იხილეთ ასევე: