აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ისტორიულ შეხვედრამდე სულ ცოტა დრო რჩება, მედიის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, თუ როგორ ემზადება ალასკის უდიდესი ქალაქი დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის.

14 აგვისტოს საღამოს, ანკორიჯის გარეუბანში მდებარე წმინდა ინოკენტის სახელობის მართლმადიდებელ საკათედრო ტაძარში, რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. აქ “სიტკინის” ღვთისმშობლის სახელით ცნობილი ხატის წინაშე, თავად ამერიკაში ალასკის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტმა ალექსიმ (ტრაიდერმა) აღასრულა ღვთისმსახურება.
ალასკაზე, შტატში, რომელსაც რუსული წარსული აქვს, დაახლოებით 50 ათასი მართლმადიდებელი ცხოვრობს - მათ შორის XVIII საუკუნეში ჩამოსული რუსების შთამომავლები, მონათლული მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები, ასევე ყოფილი კათოლიკეები და პროტესტანტები, რომლებიც შემდგომში შეუერთდნენ ავტოკეფალიურ ეკლესიას.
ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ, ადგილობრივი სასულიერო პირები მთელი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და მორწმუნეებს მოუწოდებდნენ, ელოცათ “აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების წარმატებული შედეგისთვის“.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაფიო პრო-სამხედრო პოზიცია დაიკავა: ტაძრებში იკითხება ლოცვები “წმინდა რუსეთზე“, მღვდლები აკურთხებენ სამხედროებს და არმიაში გასაგზავნად ჯვრებს წმენდენ. სწორედ ამიტომ, ფორმალურად მოსკოვისგან დამოუკიდებელ ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაზე განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი.
როგორც BBC დააფიქსირა, წმ. ინოკენტის ტაძრის მრევლი სულაც არ იყო ერთნაირად ინფორმირებული უკრაინის მოვლენებზე. თუმცა მშვიდობისთვის ყველა ერთად ლოცულობდა “ვიცი, რომ უკრაინაში ქაოსია. ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიჭერთ, ვლოცულობთ მშვიდობისთვის. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს მშვიდობა, არ ვიცი. როგორც ქრისტიანებს, არ გვსურს მკვლელობა", - განუცხადა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებს.
ალექსი ტრაიდერს, რომელიც წარმოშობით ამერიკელია, ამ კონფლიქტში რუსეთისთვის საჯაროდ მხარი არ დაუჭერია, თუმცა 2025 წლის მაისში მისი ხელმძღვანელობით დელეგაცია მოსკოვში იყო ჩასულა პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რომ “მის ეკლესიებში არ ლოცულობენ რუსეთის გამარჯვებისთვის... ლოცულობენ მხოლოდ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში".

როდესაც ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ღირდა თუ არა ტრამპის მიერ პუტინის აშშ-ში მიწვევა, მიტროპოლიტმა თქვა რომ მიესალმება დიალოგის ნებისმიერ მცდელობას და ორი ქვეყნის საერთო ისტორიის გამო ალასკა ამისთვის შესაფერისი ადგილად მიიჩნევს. ერთადერთი, რასაც ვიტყვი დაამატა მან: “ქრისტიანული თვალსაზრისით, მონანიება კარგია. კარგია, როცა ადამიანი იცვლის აზრს და წყვეტს სხვებისთვის ტკივილის მიყენებას. რაც შეეხება პუტინის სულს, ამის შესახებ მან სხვასთან უნდა ილაპარაკოს.“


ანკორიჯი კუკის ყურის სანაპიროზე მდებარე შტატის უდიდესი ქალაქია, სადაც დაახლოებით 300 ათასი ადამიანი (შტატის მოსახლეობის თითქმის ნახევარი) ცხოვრობს და მსგავსი მასშტაბის სამიტის გამართვა მის ისტორიაში მხოლოდ ორჯერ რონალდ რეიგანის და რიჩარდ ნიქსონის დროს მოხდა. სამშვიდობო მოლაპარაკება ტურისტულის სეზონის პიკს დაემთხვა, ამიტომ ქალაქში სასტუმროებში თავისუფალი ნომრები, პრაქტიკულად, აღარ იშოვებოდა და რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ჩამოსულ ჟურნალისტებს სტადიონზე , იმ გასაშლელ საწოლებზე მოუწიათ დაბინავება, რომლებიც კოვიდ პანდემიის განმავლობაში დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად გამოიყენებოდა. თუმცა რუსეთის დელეგაციის ზოგიერთი წევრი, მათ შორის ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი და РФПИ-ს ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, კომფორტულ პირობებში განთავსდნენ.


მიუხედავად მშვიდი ატმოსფეროსი, სამიტის მოახლოება მაინც იგრძნობა. ხუთშაბათს საღამოს ანკორიჯის მცხოვრებლებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ალასკა რესპუბლიკელების მხარდამჭერ კონსერვატიულ შტატად ითვლება, მაგრამ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. ისინი გზის პირას განლაგდნენ უკრაინული დროშებითა და პლაკატებით (“ტრამპი - პუტინის მარიონეტია“, “დიდება უკრაინას“, “ომის დამნაშავეებს ალასკაზე არ ვიღებთ“...)
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომელსაც ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით “„უკრაინა არ იყიდება“ ოდესღაც აშშ-ის მოქალაქეობა იმიტომ მიიღო, რადგან აშშ სწორი მიმართულებით მავალ ქვეყნად მიაჩნდა, მაგრამ ახლა პრეზიდენტად ჰყავს ადამიანი, რომელიც ორჯერ იმპიჩმენტს დაექვემდებარა, დანაშაულისთვის გასამართლდა და რომელიც აქ, ანკორიჯში, ხვდება ომის დანაშაულში ბრალდებულ პირს. “ეს სიურეალიზმია",— თქვა მან.

შეხვედრის დღეს იმავე ადგილას, სადაც მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგი ტარდება, ხოლო უკრაინის მხარდამჭერებმა ახალი ადგილისკენ ქალაქის ცენტრში, სენატორების ოფისთან გადაინაცვლეს... წყარო
იხილეთ ასევე: