ავტორი:

"შვილი არ ჰყავდა და დედურ მზრუნველობას ცხოველებს უნაწილებდა" - ქალი, რომელიც ვეფხვების თავდასხმას გადაურჩა და წყალდიდობამ იმსხვერპლა: გულიკო კონცელიძე-ჭიტაძის ისტორია

"შვილი არ ჰყავდა და დედურ მზრუნველობას ცხოველებს უნაწილებდა" - ქალი, რომელიც ვეფხვების თავდასხმას გადაურჩა და წყალდიდობამ იმსხვერპლა: გულიკო კონცელიძე-ჭიტაძის ისტორია

გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე ერთ-ერთი იყო ზოოპარკის იმ სამ თანამშრომელს შორის, რომელთა სიცოცხლეც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ შეიწირა. 13 ივნისის ღამეს დაიღუპნენ ასევე: მისი მეუღლე - მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი. გულიკო და მალხაზი თითქმის 26 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ზოოპარკში და იქვე ცხოვრობდნენ... ამ შემზარავი ფაქტიდან წელს 10 წელი გავიდა. გვინდა თავის საქმეზე და ცხოველებზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი გავიხსენოთ.

  • ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი - გულიკო ჭიტაძე ამ ტრაგედიამდე სამი კვირით ადრე, 26 მაისს ვეფხვებმა დაკბინეს. გულიკო ჭიტაძე სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხელი შენარჩუნება ვერ მოხერხდა და საჭირო გახდა მარჯვენა კიდურის ამპუტაცია.

"ჩემს თეთრ ლომებთან გალიაში ხშირად შევდივარ და ვეთამაშები... არ მეშინია, აბა, დედისთვის შვილი საშიშია?!" - ამბობდა გულიკო ჭიტაძე, ვეფხვების ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან ინტერვიუში. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მის საყვარელმა ცხოველებმა უდიდესი ტკივილი მიაყენეს..

კიდურის ამპუტაციის შემდეგ სოციალურ ქსელში, ზოოპარკმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: "გულიკო უკვე გონზეც მოვიდა და პირველად თავისი ცხოველები მოიკითხა. ზოოპარკის ძიძა-მომვლელს თავისი აღსაზრდელები ენატრება და გულაჩუყებული კითხულობს: "ნეტავ, უჩემოდ როგორ არიან ჩემი პატარები?!" ის მარჯვენა ხელი გარეშე ახალი ცხოვრების დასაწყებად მხნეობას იკრებდა. საავადმყოფოდან გამოწერილმა კი, 11 ივნისს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით. მე უკვე დავბრუნდი ჩემს ცხოველებთან... დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი მადლობა რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს და განსაკუთრებით ჩემს ექიმს კაკო გუგულაშვილს, რომელმაც მეორედ მაჩუქა სიცოცხლე“.

თუმცა რას წარმოიდგენდა, 2 დღეში ზოოპარკში თუ რა ტრაგედია დატრიალდებოდა... გულიკო ზოოპარკში ცხოვრებას ასე ხსნიდა, იქაური პატარა ბინადრების უყურადღებოდ დატოვება უჭირდა.

"პატარებს საათობრივად ვკვებავთ, მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, განსაკუთრებით, ღამის საათებში. მით უფრო, რომ მათ საათობრივი კვება სჭირდებოდათ. თუ დროზე არ მიხედე, შეიძლება, ტირილით თავი მოიკლან“... სანამ ვეფხვების ინციდენტი მოხდებოდა, ის ორი თვის მაიმუნ მარტასა და ერთი თვის მელიას ზრდიდა. „ჩემს ხელში გაიზარდნენ: ბეჰემოთი, სპილო, ვეფხვი, ლომი, აფთარი, მგელი, მაიმუნი, ტურა, გეპარდი, კვერნა, ენოტი, კაჭკაჭი (ლაპარაკიც ვასწავლე), შველი, იხვი... სამედიცინოზე ვსწავლობდი და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული.

ცოტა ხანს ტუბდისპანსერში ვიმუშავე, მერე არამიანცის საავადმყოფოში, გინეკოლოგიურ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ შემამცირეს... ცხოველები ყოველთვის მიყვარდა და ზოოპარკში მოვედი... 90-იანი წლები იყო, არც შუქი გვქონდა, არც გაზი, ცეცხლს ვანთებდით, ცხოველები რომ გაგვეთბო. მათი გაზრდა საპასუხისმგებლო საქმეა,“ - იხსენებდა ინტერვიუში.

მას და მის მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ და დედურ მზრუნველობას, სითბოს და მთელ ყურადღებას ცხოველებს უნაწილებდა...

"2014 წელს ვეფხვის 10 თეთრი ბოკვერი გავზარდე. უკვე დიდები არიან და სხვა განყოფილებას ჩავაბარე. პატარები ჩემთან 6 თვე არიან, მერე ზრდასრულებად ითვლებიან და ხორცის ჭამასაც იწყებენ, დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება... თითოეული ცხოველის შესახებ ჩანაწერს ვაწარმოებ და ანკეტა-ისტორიას ვქმნი. ძაღლმა, დოდოლინამ, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, აფთარი გამაზრდევინა. მაილო კი დაბადების დღეზე მაჩუქეს. ორივე კარგი „გოგოა“. დოდო პატარა ცხოველების სერიოზული დამცველია,“ - გვიყვებოდა ქალბატონი გულიკო.

ხოლო კითხვაზე - რა უნდა იცოდეს ცხოველთან მომუშავე ადამიანმა? ასეთი იყო მისი პასუხი: "ცხოველმა შეიძლება ხანდახან გიკბინოს, მაგრამ არ უნდა შეშინდე - ისინი ხომ ამას თავის დასაცავად აკეთებენ. ხომ იცით, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. მაიმუნმა რომ მიკბინა, მივედი და მივეფერე. დარცხვენილი მიყურებდა. აი, შეხედეთ ჩემს ხელს - მაიმუნი „ჭიჭიკოს“ გამო დამეწვა. საჭმელს ვუმზადებდი, შევნიშნე, ცხელი წყლით სავსე ჭურჭელთან მივიდა. შემეშინდა, ქაფქაფა წყალი არ გადასხმოდა და ამასობაში ხელი მე დავიწვი, რადგან ჭურჭელი ამოყირავდა. არ ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი. „ჭიჭიკო“ რომ დამწვარიყო, ჭრილობა დიდხანს არ მოუშუშდებოდა...კიდევ ბევრი ჭრილობა და ნაიარევი მაქვს, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომელ ცხოველს როგორ მოვექცე, წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა“.

ცხოველებიც ცნობდნენ, უყვარდათ, დაძახებაზე მისკენ მორბოდნენ, რისი მოწმეც რამდენჯერმე გავხდი.

"ჩემი პირველი შვილობილი ხვლიკი იყო. მცხეთაში ვიყავით და ნაკვეთში ვიპოვე, კუდი ჰქონდა ბარის პირით მოჭრილი. იოდი წავუსვი, ჭრილობას რამდენიმე დღე ვუმუშავებდი და კუდი ნელ-ნელა წამოეზარდა. მერე მცხეთაში რამდენჯერაც ჩავედი, ჭიშკრის ბოქლომზე შემოხვეული დამხვდა. როცა აცივდა, თბილისში წამოვიყვანე. ძველი რადიატორებით ლაბირინთი გავუკეთე, რომ შიგ შემძვრალიყო. დავდიოდი და მისთვის ბუზებს, მწერებს ვაგროვებდი... ერთხელაც მეზობლის ბავშვი შემოვიდა და შეეშინდა, გველი ეგონა. ჰოდა, გვიჩივლეს, უბნის ინსპექტორი გვესტუმრა და ზაფხულში ხვლიკი ისევ ნაკვეთში წავიყვანე, სადაც გამრავლდა. როცა ჩავდიოდი, უკვე მთელი ოჯახით მხვდებოდა ჭიშკართან“...

მისთვის მუდმივად ცხოველების გარემოცვაში ყოფნა მოსაწყენი არ იყო. ეს იყო მისი სამყარო და გარემო:

- ადამიანებთან ურთიერთობით უფრო ვიღლები. ცხოველს შეიძლება პატარა სიკეთე გაუკეთო და მისგან მადლიერება იგრძნო, ზოგიერთ ადამიანს კი სიკეთეს ვერ დაანახებ...საღამოს ვოლიერებთან მივდივარ და ჩემს გაზრდილებს ველაპარაკები. ტურები, ლომი ჩემზე გიჟდებიან... ერთხელ ჩემმა გაზრდილმა სპილომ მადლიერების ნიშნად ცალი ფეხი დახარა, მერე ხორთუმი ფეხზე შემომხვია და მექაჩებოდა, თავიც დაბლა ჰქონდა დახრილი. მივხვდი, კისერზე უნდა შევჯდომოდი. მოკლედ ზურგზე შემისვა და ვიდრე არ დაიღალა, არ ჩამომსვა. მრცხვენოდა, ამხელა ქალს სპილოზე გადამჯდარს რომ მხედავდნენ, მაგრამ მან ასე მოინდომა და რა მექნა?!

- ცხოველს არასდროს დაუშავებიხართ?

- როგორ არა! ნახეთ, თვალზე როგორი იარა მაქვს. ეჭვიანობის გამო, გიბონმა დამაზიანა. რომ დამინახა, პატარას ვუვლიდი, შემომახტა, თვალში მეცა და მიკბინა... გვყავდა ძალიან კეთილი აქლემი „მაშიკო“, რომელიც ასევე ზურგზე შემომისვამდა ხოლმე. პატარა კვერნებს ჩემს ოთახის ჩუსტებში ეძინათ ხოლმე...მინდოდა, პატარა ცხოველები, როგორც ბავშვები, კალათში ჩამესვა, სათამაშოები ჩამეყარა, პამპერსი გამეკეთებინა...ხშირად მიფიქრია, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ-მეთქი, მაგრამ ამ საქმით დაინტერესებულს ვერავის ვხედავ...

მას მერე, რაც ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი ვეფხვებმა დაასახიჩრეს. ეს უმძიმესი ფაქტი იმ პერიოდში მედიაში სხვადასხვაგვარად გაშუქდა, რეალურად კი ტრაგედიის დეტალები „კვირის პალიტრას“, კერძოდ, მის მეგობარ ჟურნალისტ ეკა ლომიძეს გულიკო ჭიტაძემ ასე უამბო:

"ბავშვის ტირილის ხმა მომესმა. ლომების და ვეფხვების ვოლიერის ზედა მხარეს გოგონა იდგა და ტიროდა. თანმხლები კაცი, როგორც მერე გავიგე, მამა ამშვიდებდა, - სხვას გიყიდიო. ბავშვს სათამაშო გადავარდნოდა და ზედ ვეფხვების საბრძანებლის გისოსებთან დაცემულა. დავამშვიდე ბავშვი, ნუ ტირი, აი, მამიკო ხომ დაგპირდა, რომ ახალს გიყიდის, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ის უფრო უმატებდა ტირილს, კაცმა, არ გაჩუმდებაო და დაბლა ჩასვლა დააპირა. ჩემი სიზმარი გამახსენდა, ვიფიქრე, რომ ჩავიდეს, მხეცები დაგლეჯენ-თქო...

რას ამბობთ, იქ დამთვალიერებელთა ჩასვლა არ შეიძლება, დაცვაც არ შეგიშვებთ და ისედაც თქვენთვის სასიკვდილო საფრთხეს ნიშნავს. მოითმინეთ, ჩავალ და არ ვანერვიულებ გოგონას-მეთქი. სათამაშო კი არა, ოქროს ზოდები რომ ჩავარდნოდა, იმის ამოსატანადაც არ უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ მე, ვისაც სამწუხაროდ, შვილი არ მეღირსა და უზომოდ მიყვარს ბავშვები, ვერ გავწირე გოგონა დიდხანს სატირლად და დაბლა ჩავედი. სანამ ვეფხვები გალიის ქვედა კუთხიდან ამოვიდოდნენ, სათამაშოს აღება მოვასწარი და მაღლა ავაგდე. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს ვერ მოვზომე და ძალიან ახლოს მომიწია ვოლიერთან ყოფნამ. ვეფხვებმა თათებით დაიჭირეს ჩემი კაბა, რომელიც საბედისწეროდ არ გაიხა.

მერე დავეცი, ერთმა ხელი დამიჭირა, მეორემ ფეხში ჩამავლო ბრჭყალები და მესამე ცდილობდა, სხეულით მივეთრიე გალიისკენ. მე კიდევ მეორე ხელით ვცდილობდი, კედლისკენ მიხოხებას. იმ კაცმა ყვირილი ატეხა და ჩამოირბინა, - ვთხოვე, არ შემოხვიდე, დათვების გალიასთან გაიქეცი, იქ ვანიკო (მარხვაშვილი) ვეტერინარი იკითხე და მიშველის-მეთქი. ვანიკო გიჟივით მოიჭრა, მაგრამ ჩემი ხელი ფაქტობრივად აღარ იყო... წარმოუდგენელ ტკივილს ვგრძნობდი... ვანიკომ მაისური გაიხადა სასწრაფოდ, გახია და ჟგუტის მაგივრად გადამიჭირა, რადგან დრო არ ითმენდა და სისხლისგან ვიცლებოდი.

სიმწრისგან გონი თითქმის დავკარგე, მაგრამ ყველაფერი მესმოდა. ვერ აღვწერ როგორ მტკიოდა ხელი, რომლითაც იმ ვეფხვების დედა "სალიმა" გავზარდე. კიდევ კარგი, ის მიხვდა, რომ მისი შვილები რაღაცას მიშავებდნენ. მოვარდა და თათებით ცემა დაუწყო, რითაც ჩემზე ზეწოლა შეამცირა, თორემ თამაშ-თამაშით, ნაკუწ-ნაკუწ შემათრევდნენ გალიის გისოსებში. ხმები გავრცელებულა, რომ თითქოს ჩემმა გაზრდილმა ვეფხვებმა გამიმეტეს, არ დაიჯეროთ. უფროსი თეთრი ბოკვრები უკვე დიდები არიან და უნდა ნახოთ, როგორ მეფერებიან, ყელს ყელზე გადამაჭდობს ხოლმე ერთ-ერთი და ფისოსავით იტრუნება. ჩემი გაზრდილების არასდროს შემშინებია და არც დავეჭვებულვარ, რომ ოდესმე თავდასხმას განიზრახავდნენ. ცხოველები საოცრად გრძნობენ დედა-შვილურ სითბოს და ამაგს არ ივიწყებენ".

ამ გასაოცარი დღეების შემდეგ, სიკვდილს ძლივს გადარჩენილი გული ჭიტაძე წყალდიდობამ იმსხვერპლა...