ავტორი:

"ძებნილ პუტინს წითელ ხალიჩას რომ უგებენ, ეს ცუდია... შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ რუსეთი დროს წელავს" - რა აჩვენა პუტინი-ტრამპის შეხვედრამ?

"ძებნილ პუტინს წითელ ხალიჩას რომ უგებენ, ეს ცუდია... შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ რუსეთი დროს წელავს" - რა აჩვენა პუტინი-ტრამპის შეხვედრამ?

ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ვიწრო ფორმატის შეხვედრა, რომელიც სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა, დაახლოებით, 3 საათი გაგრძელდა.

ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.

მანამდე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. თვითმფრინავებიდან გამოსვლის შემდეგ ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.

  • ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს.

გაფართოებული მოლაპარაკებები სადილზე, რომლებიც "სამ-სამზე“ ფორმატის კონსულტაციების შემდეგ უნდა გამართულიყო, არ შედგა.

მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთა შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა არის ერთი-ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა.

"ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით. ვგულისხმობ, ბევრ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმება, თუმცა, არის ერთი-ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი მიღწევა შესაძლებელია. ახლა ამის გაკეთება ნამდვილად პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული. ვიტყოდი, რომ ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ მცირედით, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ტრამპმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე ფიქრობს, რომ ტრამპის მხრიდან ამ მოლაპარაკებების შედეგებს რამდენიმე დღეში ან კვირაში უკეთ ვიხილავთ, "როდესაც მის გარემოცვაში მოხდება ვითარების სრული შეფასება". მისივე თქმით, ამ შეხვედრამ ტრამპისადმი საერთაშორისო განწყობები არ გააუმჯობესა ხოლო ქვეყნის შიგნით და მედიაში ოპოზიციური განწყობების მობილიზაციას შეუწყო ხელი.

"როდესაც მოლაპარაკებები წარმატებით არ სრულდება ხოლმე ამბობენ რომ წარმატება თავად ახალი შეხვედრის დანიშვნააო. ჯერჯერობით ესაა ოფიციალური შედეგი ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებიდან. მაგრამ სხვა თანმდევი რეალობა ისაა რომ:

1. ომის დანაშაულებისთვის ძებნილი პუტინი აშშ-ს პრეზიდენტს ხვდება, აშშ-ს ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავთან წითელ ხალიჩას უგებენ ამერიკელი სამხედროები. ეს საკმაოდ ცუდი პრეცედენტი და დამაზიანებელი სანახაობა იყო, რომელმაც უკვე მოიარა მედია.

2. შეხვედრის წინ რადარებისთვის უხილავი B2 სტრატეგიული ბომბდამშენის პუტინის თავზე გადაფრენა და გამანადგურებლების წარმოდგენა ირგვლივ, ძალის დემონსტრირების ჟესტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამით ნაკლებად შეშინდება, ჩანაფიქრი ცუდი არ იყო, რადგან რუსეთს ყველაზე კარგად ძალის ენა ესმის. ეს თუ ტრამპის ადმინისტრაციაში უფრო ხშირად და უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენეს ცუდი არ იქნება.

3. შეხვედრის წინ ლავროვის მაისურზე გამოსახული სსსრ იმის მანიშნებელი იყო თუ რეალურად რად აღიქვამს თავს რუსეთი და თუ რა ტერიტორიები არის კრემლის დეკლარირებული მიზანი.

4. ისრების უკრაინასა და ევროპაზე გადატანა - ნათელია რომ რუსეთი ცდილობს ყველაფერი უკრაინასა და ევროპას დააბრალოს და განხეთქილება შეიტანოს მოკავშირეებს შორის. ეს არის კრემლის უპირველესი მიზანი.

5. რუსეთი დროის მოგებას ცდილობს - შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ რუსეთი დროს წელავს და ომს აგრძელებს. შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ანონსი დროის მოგებას ემსახურება.

6. კრემლს მშვიდობა არ უნდა და მხოლოდ კაპიტულაციაზეა თანახმა - პუტინის მიერ დათქმა რომ მშვიდობას გარკვეული პირობები სჭირდება კაპიტულაციის მოთხოვნაა.

ტრამპის მხრიდან ამ მოლაპარაკებების შედეგებს რამდენიმე დღეში ან კვირაში უკეთ ვიხილავთ, როდესაც მის გარემოცვაში მოხდება ვითარების სრული შეფასება და მედიის ზეწოლის შედეგად უკეთ წარმოჩინდება მის მიერ გაკეთებული დასკვნები. ზოგადად ამ შეხვედრამ მისდამი საერთაშორისო განწყობები არ გააუმჯობესა ხოლო ქვეყნის შიგნით და მედიაში ოპოზიციური განწყობების მობილიზაციას შეუწყო ხელი.

ამან ტრამპს შეიძლება უფრო მეტად უნდა უბიძგოს ანტირუსული ხაზის გატარებისაკენ, რათა სუსტ ლიდერად არ წარმოჩინდეს. თუმცა პუტინის ძირითადი მიზანი ტრამპის უკრაინის თემიდან დისტანცირება ან/და მოკავშირეებთან დაპირისპირების ხელშეწყობაა. ჯერჯერობით იქ ვართ, სადაც აქამდე ვიყავით - არათანმიმდევრულ პოლიტიკაში. შემდგომი დღეები გამოაჩენს როგორ მიდგომას აირჩევს ტრამპი თუ გააგრძელებს არათანმიმდევრულ პოლიტიკურ ხელწერას" - წერს კობერიძე სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ ასევე: