ავტორი:

"როცა ოქტაგონზე გამოვედი, სრული სიჩუმე იყო... როცა ჩემი მეტოქე გამოვიდა, მთელი Times Square-ი ღრიალებდა" - ქართველი MMA მებრძოლის ისტორიული გამარჯვება: რა არის ცნობილი რომან ყურაშვილზე

"როცა ოქტაგონზე გამოვედი, სრული სიჩუმე იყო... როცა ჩემი მეტოქე გამოვიდა, მთელი Times Square-ი ღრიალებდა" - ქართველი MMA მებრძოლის ისტორიული გამარჯვება: რა არის ცნობილი რომან ყურაშვილზე

ისტორიული გამარჯვება Times Square-ზე - გუშინ ნიუ-იორკის გულში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე Times Square-ზე ისტორია დაიწერა. პირველად MMA-ს ბრძოლები პირდაპირ ქალაქის ცოცხალ არტერიაზე გაიმართა. ათასობით მაყურებლით და მილიონობით ონლაინ თვალით, საბრძოლო სულმა შუაღამის ნეონის შუქებში სრულიად ახალი სახე მიიღო.

Victory Fighting League-ის საღამომ MMA-სთვის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა: მებრძოლები, რომლებიც აქამდე კეიჯში იბრძოდნენ, ამჯერად მსოფლიოს უდიდეს ქალაქში, ღია ცის ქვეშ წარდგნენ.

სასიხარულოა, რომ ამ დღეს ქართველი მებრძოლი, რომან ყურაშვილი, ჯონ ოდეას შეებრძოლა და გაიმარჯვა. ეს გამარჯვება ყურაშვილისთვის ოქტაგონზე დასაბრუნებელი ბილეთია. სპორტსმენი ორ წელზე მეტია, რაც ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გამარჯვებიდან რამდენიმე საათში, სპორტსმენს ამერიკაში დავუკავშირდით და ვთხოვეთ, იმ დღის ემოციებზე ესაუბრა

- ბრძოლამ ნორმალურად ჩაიარა, მოგება კარგი გამოდგა, შედეგიც შესაბამისი იყო, ჩემთვის ეს იყო დასაბრუნებელი ბრძოლა, აუცილებლად უნდა მომეგო. ბოლო ორი ბრძოლა დავმარცხდი და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო როგორ დავბრუნდებოდი.

ადგილზე ჩემი მეგობრები მგულშემატკივრობდნენ, ასევე ჩემი ოჯახი, მეუღლე, ჩემი პატარა შვილი, რომელიც წლის და ორი თვის არის. თუმცა ჩემი გულშემატკივრების რაოდენობა იმდენი არ იყო, რამდენიც მოწინააღმდეგეს ჰყავდა. როდესაც ოქტაგონზე გამოვედი, ხელები ავწიე და ხალხს მივესალმე, თითქმის სრულიად სიჩუმე იყო. როდესაც ოდეა გამოვიდა, მთელი Times Square-ი ღრიალებდა და მაშინ ვთქვი, რომ მე თქვენ დაგანახებთ, ვინ ვარ მე.

გარდა იმ ემოციებისა, ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი მიზნისკენ. ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისკენ და უფრო დიდ ორგანიზაციებში გზის გაკვლევისკენ. მინდა რომ ახლო მომავალში დავგეგმო ჩემი შემდეგი ბრძოლა და მორიგი გამარჯვება ვიზეიმო.

მოკლე ბიოგრაფია და კარიერა

რომან ყურაშვილი პროფესიონალი MMA-მებრძოლია, რომელიც იბრძვის 65.8 კილოგრამი წონით კატეგორიაში. ის წარმოშობით საქართველოდანაა, თუმცა ამჟამად აქტიურად გამოდის აშშ-ში. მისი პროფესიული მაჩვენებელია 7 გამარჯვება და 6 წაგება. გამარჯვებებიდან უმეტესობა დასრულდა საბოლოო ილეთით (submission) ან ტექნიკური ნოკაუტით (TKO).

რომანმა MMA კარიერა საქართველოში დაიწყო, შემდეგ კი გადავიდა ლონგ-აილენდზე, სადაც LAW MMA სკოლაში ცნობილი მწვრთნელის, რეი ლონგოს, ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.