ავტორი:

“სოხუმში ზღვა სხვანაირად ღელავდა... ოლეანდრებისა და მაგნოლიების სურნელში ვიზრდებოდი“ - სოფო თუთისანის ისტორია: გზა აფხაზეთიდან სამოდელო კარიერამდე და საერთაშორისო კორპორაციამდე

“სოხუმში ზღვა სხვანაირად ღელავდა... ოლეანდრებისა და მაგნოლიების სურნელში ვიზრდებოდი“ - სოფო თუთისანის ისტორია: გზა აფხაზეთიდან სამოდელო კარიერამდე და საერთაშორისო კორპორაციამდე

„1992 წლის აგვისტომდე, ჩვენი მიწის ოკუპაციამდე სოხუმში ვიზრდებოდი,“ - გვეუბნება პროფესიით სამართალმცოდნე სოფო თუთისანი, რომელმაც აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ რთული, მაგრამ საინტერესო გზა გაიარა. გარკვეული დრო სამოდელო კარიერასაც დაუთმო...

14 აგვისტოს ამ საშინელი ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. ამ ომმა არაერთი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა...

სოფო თუთისანი ახლა სოხუმში ცხოვრების პერიოდს და ბედნიერი ბავშვობის ეპიზოდებს იხსენებს.

  • ბავშვობა, სოხუმი და ზღვა

- სოხუმი - ქალაქი, რომლის სილამაზე, სურნელი და სიფერადე დღემდე გუშინდელივით მახსოვს. ვიზრდებოდი ულამაზეს გარემოში, ოლეანდრებისა და მაგნოლიების სურნელში. ოჯახში, ზომიერად კონსერვატორული მიდგომები, დისციპლინა და ამავე დროს, შინაგანი თავისუფლება აუცილებელი პირობა იყო. ოჯახის თითოეული წევრი ზრუნავდა ჩემი და ჩემი ძმის კეთილდღეობასა და ლაღი გარემოს შექმნისთვის. ადამიანების სიყვარული, სამართლიანობა, ერთგულება, განსაცდელში მყოფი ადამიანის უპირობოდ დახმარება, მართალი ადამიანობა ჩვენი მთავარი დავალება იყო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგვეთვალისწინებინა. ბებოს და დეიდას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩემი პიროვნების ფორმირებაში.

ვცხოვრობდით სანაპიროდან 50 მეტრში, სადაც გაღვიძებისას ამინდს ზღვის ბობოქარი ხმით ვხვდებოდი. საოცარი ხმა ჰქონდა სოხუმის ზღვას. მახსოვს მისი განსხვავებულობა, თითქოს სოხუმში ზღვა სხვანაირად ღელავდა, მის ტალღებს სხვანაირი ხმა ჰქონდა, ზღვას კი განსხვავებული სურნელი. რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა - ზღვის, ევკალიპტების, მაგნოლიების და ოლეანდრების სურნელი უნიკალურ კოქტეილს იძლეოდა...

სოხუმი - სოფო თუთისანის კლასი

ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი! მოუსვენარი, ჯიუტი და წარმოუდგენლად ცნობისმოყვარე. მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა. განსაკუთრებული ინტერესი იმ გარემოებებს ეთმობოდა, რასაც ვერ ვაკონტროლებდი და დამოუკიდებლად ვერ ვადგენდი იქ რა ხდებოდა, დედამიწის შუაგული, ზღვის ფსკერი, ცა (დანარჩენი ყველაფერი ამოხსნადი მეგონა. დღემდე ასეა - მართალია, დღეს მათზე გაცილებით მეტი ვიცი ვიდრე ბავშვობაში, მაგრამ მაინც მისტიკურია).

  • სკოლა, სანაყინე „პინგვინი“ და კოლორიტი „მარადონა“

- ვსწავლობდი სოხუმის მე-11 საჯარო სკოლაში, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა იყო. მახსოვს შენობის განლაგება, შიდა ეზო, სომხურ სკოლასთან გამყოფი ჭიშკარი, სკოლის ყველა ფლიგელი (ძალიან დიდი შენობა იყო), მიმდებარე ტერიტორია, სანაპირო, ბოტანიკური ბაღი და სანაყინე „პინგვინის“ თხილმოყრილი ვანილის ნაყინი გემოც...

მახსოვს სოხუმის კოლორიტი „მარადონა,“ რომელიც ზამთარ-ზაფხულ, სიცივესა თუ სითბოში მხოლოდ შორტით დადიოდა, მკერდზე კი უამრავი ნიჟარა ეკიდა. გარდა იმისა, რომ აქტიური და ცელქი ბავშვი ვიყავი, უცნაური გამოვლინებებიც მახასიათებდა - პატარაობიდან ვწერდი პოლიტიკურ ლექსებს მაშინდელ ლიდერებზე (სამწუხაროდ „უნიკალური“ რვეული სოხუმში დარჩა). ჩემებურად ვაწარმოებდი ჩემებურ დაკვირვებებს თანატოლებზე, სკოლაზე, მეზობლებზე (ძირითადად აფხაზები, რუსები, ბერძნები იყვნენ).

  • ლენინის დატირება

- ალბათ ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვარ თუ ერთადერთი არა, რომელმაც ლენინი დამარხა. დიახ, არ მოგესმათ, ძალიან სასაცილო ისტორიაა.

ერთ დღეს, სკოლის ადმინისტრაციამ გაკვეთილზე გამოგვიცხადა, რომ მეორე დღეს სკოლაში ყვავილებით უნდა მივსულიყავით. მთელი კლასის წინაშე პირადად მომმართა და გამაფრთხილებელი ტონით მიბრძანა, თეთრი წინსაფარი და ბაფთებიც გამეკეთებინა (არასოდეს მკეთებია). ამ აქტმა ჩემში დიდი პროტესტი გამოიწვია, კატეგორიულად არ მინდოდა მოთხოვნა შემესრულებინა, თუმცა ვერაფერს გავხდი.

ბაფთაც გამიკეთეს, თეთრი წინსაფარიც და ყვავილებიც მიმატანინეს. საქმე იმაში იყო, რომ მე-2 კლასში მყოფებს აწ უკვე პიონერები მკერდზე „ოქტომბრელის“ ნიშანს აბნევდნენ და მადლიერების ნიშნად, ჩვენ კი ყვავილები უნდა გადაგვეცა. რა გაეწყობოდა, ამ რიტუალში მონაწილეობამ მომიწია. ასაკიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა მმართველობას ვაპროტესტებდი, არა, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელი იყო ნების საწინააღმდეგოდ რამის იძულება (ეს გავაპროტესტე).

მეორე დღეს სკოლაში დაბრუნებულმა კლასში ტირილი დავიწყე (ეს არასდროს არავის უნახავს). მთელი კლასი დაინტერესდა რა იყო მიზეზი, მე კი თვალცრემლიანმა და დაღონებულმა თანატოლებს გავუმხილე, რომ ეს პატარა ოქტომბრელი ლენინის ნიშანი მკერდზე რომ დაგვკიდეს, ეს ლენინი მკვდარია და ამას არავინ გვეუბნება-თქო (ბევრისთვის „ლენინს უყვარდა ბავშვები“ იმედის მომცემი იყო). მთელი კლასი ატირდა, ზოგს შეეცოდა, ზოგი აგვყვა... მერე გავედი კლასიდან, სკოლის წინ არსებულ პარკში ყვავილები დავკრიფე, სკოლაში დავბრუნდი და იმ ცნობილ შიდა ეზოში გასვენება მოვაწყვე. ყველა მონაწილეს ოქტომბრელის ნიშანი მოვახსნევინე, გამწვანებულ ზოლში დავმარხეთ და საპანაშვიდო პროცესიაც მოვაწყვეთ თავისი ხმამაღალი დატირებებით. ისეთი „დატირებით“ ვტიროდით (წრეზე სვლით).

სკოლის ადმინისტრაცია ფეხზე დადგა. განრისხებულები გამოცვივდნენ და იკითხეს, რატომ არ ვესწრებოდით გაკვეთილს და რატომ ვტიროდით ასე კოლექტიურად. არასოდეს დამავიწყდება ერთი ქალბატონის სახე, რომელსაც ძალიან ამაყად თვალებში მზერით ვუთხარი, რომ ლენინი მომკვდარა, ყველა გვიმალავდა, გავიგეთ და დავმარხეთ, აქ პანაშვიდია-თქო (1988 წელი იყო).

- ალბათ დაგსაჯათ სკოლის ადმინისტრაციამ?

- რა თქმა უნდა, ამ ამბავს მარტივად არ ჩაუვლია და ჩემი სკოლიდან გაძევება და დიდი ალბათობით, ოჯახის წევრების შევიწროებაც მოხდებოდა, რომ არა ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის აქციები და პოლიტიკურად რთული გარემო რეგიონში. მაშინ გადავრჩი, თუმცა სკოლის იმავე ადმინისტრაციასთან ერთად, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აქციებზეც დავდიოდი და საჯაროდ ვკითხულობდი ჩემს პოლიტიკურ ლექსებს.

ასეთი ფერადი, ლაღი, სათავგადასავლო და საინტერესო იყო ერთი პატარა გოგონას ცხოვრება სოხუმში, რომელიც ძალიან მალე დამთავრდა... სინათლე სიბნელით ჩანაცვლდა!

  • 1992 წელი 14 აგვისტო - ომი დაიწყო

- სკოლის დასრულების შემდეგ ბებოს რაჭაში მივყავდი, ჩემი ძმა კი სოხუმში რჩებოდა და მეორე ბებოსთან სოფელ ცაგერში მიჰყავდათ (ქართული სოფელი, რომელიც ისე გაანადგურეს ნასახლარიც კი არ ჩანს). 1992 წლის 14 აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მე და ბებომ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგეთ. დეიდას ჩემი ძმა, რამდენიმე დღით თბილისში ჰყავდა წამოყვანილი და 14 აგვისტოს სახლში დასაბრუნებელი რეისი გადაიდო... ბოლოს კი გამოცხადდა „სოხუმში ომი დაიწყოო“ და იძულებული გახდა ჩემი ძმა ჩვენთან ჩამოეყვანა, თვითონ კი სახმელეთო გზით დაბრუნდა.

რაჭიდან მალევე თბილისში გადმოვედით და ჩვენი „დროებითი“ თავშესაფარი სასტუმრო „აჭარა“ გახდა. მშობლები ომში იყვნენ, მე და ჩემი ძმა ბებოსთან და დეიდასთან ერთად თბილისში ვიყავით.

მამა სამსახურის გამო ხშირად მოგზაურობდა, ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა. სამშობლო ბოლო წუთამდე არ მიუტოვებია („23-ე ბრიგადის“ საზენიტო დივიზიონში იყო, ეს ის შენაერთია, რომელმაც ჯავშანტექნიკა ჭუბერის გზით გადმოიტანა).

ექიმი დედა კი ომის დროს სამხედრო ექიმად იქცა... მთელი ომის პერიოდში დედა ალბათ 2-3 ჯერ გვყავს ნანახი, მამა კი მხოლოდ ერთხელ, ისიც ალბათ 20 წუთი (დაჭრილები ჩამოიყვანა)...

  • მობარებული ვინჩესტერი

- პატარა სოფოს ოლეანდრების სურნელში არსებული ლაღი ცხოვრება და ჯარისკაცის ფორმებიან ავტომატებით ასხმულ გარემოში გაგრძელდა. ერთხელ მახსოვს, მე და ჩემი ძმა სასტუმრო „აჭარის“ ოთახში მარტოები ვიყავით და კარზე ცოტა მკაცრი კაკუნი გაისმა. შეშინებულებმა კარი ფრთხილად გავაღეთ. ზღურბლს მიღმა ავტომატიანი 2 „ჯარისკაცი“ იდგა ძალიან დიდი და უცნაური ავტომატით ხელში (რაც შემდეგ ვინჩესტერი აღმოჩნდა). ოთახში შემოიჭრნენ, ეს ნივთი ლეიბის ქვეშ ამოდეს და მოითხოვეს, დედა დაგვეფიცებინა, რომ მას არ შევხებოდით. ასე ბედის ანაბარა, ვინჩესტერთან განმარტოებულები ვიდექით რამდენიმე საათი, სავარძელზეც არ ჩამოვმსხდარვართ... ასე გავიზარდეთ, სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, ტყუილი უღირსი ადამიანების თვისებაა...

ლაღი და უდარდელი ბავშვობა ომმა დევნილობის მძიმე წლებით შეცვალა...

  • შეხვედრა 29 წლის შემდეგ

- 1992 წლის 21 მაისს, სოხუმის მე-11 სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. კლასელები ერთმანეთს სექტემბრამდე დავემშვიდობეთ (უკვე მე-5 კლასში ვიქნებოდით)... იმავე წლის 14 აგვისტოს კი ავადსახსენებელი ომი დაიწყო.

მას შემდეგ ბევრი სექტემბერი გავიდა. ცხოვრებამ სხვადასხვა ადგილას გვატარა, ბევრი სიურპრიზიც მოგვიწყო და 29 წლის შემდეგ საქართველო-ფიჯის მატჩზე, ესპანეთში მე და ჩემი კლასელი ლევანი ერთმანეთს შეგვახვედრა. ემოციური შეხვედრა გვქონდა, ისეთი და იმდენი ენერგია მომემატა და იმ წუთს აფხაზეთსაც კი დავიბრუნებდი.

  • ცოტა რამ ჩემზე

- სოხუმიდან იძულებით დატოვების შემდეგ სპეციალური პროგრამით ნაწილობრივ სიცილიაში, ჩემთვის შერჩეულ ოჯახში ვცხოვრობდი. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი... 1997 წელს „მის საქართველოს“ ტიტული მერგო... 2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე და პროფესიით სამართალმცოდნე გავხდი.

  • სამოდელო კარიერა

- 2003-2004 წლებში სამოდელო კარიერას ვეწეოდი: ჩინეთში ცნობილი ბრენდების სახლებთან ვიმუშავე. მათ შორის ვიყავი „მაქსმარას“ სახე („1 სეზონი“); 2004-2006 წლებში მილანში, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ცნობილ თუ არაცნობილ ბრენდებთან, მათ შორის, ყველაზე ცნობილ GFF (Gianfranco Ferre) ბრენდთან (2005/06 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია - შოურუმ-ში).

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვმუშაობდი სხვადასხვა უწყებაში: 2008 წლის აგვისტო-ნოემბერში იტალიის წითელი ჯვრის „საქართველოს მისიის“ ერთადერთი ქართველი კოორდინატორი ვიყავი; 2009-2013 წლებში ვხელმძღვანელობდი პრობაციის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურს.

2013 წლიდან დღემდე ვმუშაობ საერთაშორისო კორპორაციაში; 2013-2017 ვხელმძღვანელობდი იტალიის სავიზო მომსახურების ცენტრს თბილისში, ხოლო ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ვახორციელებ ტრენინგებს, ვათავსებ ახალ სავიზო ოფისებს და ვატრენინგებ თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში. პარალელურად ვუწევ იურიდიულ კონსულტაციებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მსურველები არიან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის, თუმცა, დღევანდელ პირობებში, ეს იშვიათია ქვეყნის ევროპული განვითარების კურსის ცვლილების და დემოკრატიის გაუარესების გამო...

ესაა სულ, თქვენს კითხვებზე, ამ ეტაპზე რისი თქმაც შევძელი.

იხილეთ ასევე: