ავტორი:

"თეთრ სახლში დიდი დღეა... ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად" - ზელენსკი ვაშინგტონშია: მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრის მოლოდინი

"თეთრ სახლში დიდი დღეა... ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად" - ზელენსკი ვაშინგტონშია: მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრის მოლოდინი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

  • ზელენსკიმ "ტელეგრამ" არხზე განცხადება გაავრცელა და დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის "სწრაფად და საიმედოდ" დასრულება და რომ მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს.

"ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - დაეთმო, პუტინმა კი ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, "რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო".

  • აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:

"გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატო-ში ვერ შევა. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება!!!“- აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ხვალ თეთრ სახლში, სადაც ევროპელ ლიდერებს მასპინძლობენ, დიდი დღეა.

"ხვალ თეთრ სახლში დიდი დღეა. ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად. დიდი პატივია მათი მასპინძლობა!!!“- წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.