ავტორი:

ბედნიერებას მთავარი გმირი არ ჰყავს!

ბედნიერებას მთავარი გმირი არ ჰყავს!

"ლიტერატურაშიც და კინოშიც შეჩვეულები ვართ, რომ ნაწარმოებს ერთი მთავარი გმირი ჰყავს – გმირი, რომელმაც დაბრკოლებებით სავსე გზა უნდა გაიაროს, ეს დაბრკოლებები გადალახოს, გაიმარჯვოს, დამარცხდეს, საკუთარი თავი შეიცნოს, ტრანსფორმაცია განიცადოს... ასეთია თამაშის წესი.

მაგრამ შოთა იათაშვილის ახალი რომანი ამ წესს არღვევს. "ბედნიერებას“ მთავარი გმირი არ ჰყავს. აქ უამრავი პერსონაჟი დაგხვდებათ, რომლებიც, თავიანთი მსოფლმხედველობითა და ცხოვრების სტილით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, თუმცა, ყველას ერთი საერთო აქვს: ბედნიერებას ეძებენ, ან მასზე ფიქრობენ მაინც.

მარკეტში მომუშავე, სტუდენტი ანა, რომელსაც თავისი ყოველდღიურობა ძალიან ღლის და ასევდიანებს. ქმართან გაშორების პროცესში მყოფი ლალი, რომელიც ოდესღაც ლექსებს წერდა და ახლა, საგანგებოდ გამოპრანჭული დაიარება წიგნების პრეზენტაციებზე. ცოცხალ გვამად ქცეული მანუჩარი, რომელსაც ყველაფერზე ხელი ჩაუქნევია და თვითმკვლელობაც კი არ გამოსდის. ნოდარი, რომელიც ბედნიერების შესახებ პასუხს წიგნებში ეძებს და ვერაფრით იჯერებს, რომ ადამიანს, შეიძლება, ბედნიერება აშინებდეს... ეს პერსონაჟები ქალაქის ერთი კორპუსის მაცხოვრებლები და მათთან დაკავშირებული ადამიანები არიან. თუმცა, მათ კიდევ ერთი რამ, უფრო სწორად, ერთი ვინმე აკავშირებთ: კარლო, რომელიც, გაზის ინკასატორის სახელით, კარდაკარ დადის და კორპუსის ბინადართა ბინებში ჩუმად ტოვებს ბედნიერების ბურთულებს.

პერსონაჟები ერთმანეთის ცხოვრებაში მონაწილეობენ, ერთმანეთის მეშვეობით რეფლექსირებენ და ზოგჯერ, ერთმანეთის გაბედნიერებასაც ცდილობენ. ფაქტობრივად, არ არსებობს მკითხველი, რომელსაც ეს წიგნი არ შეეხება. "ბედნიერების“ გმირები, მთლიანობაში, მთელ თანამედროვე საზოგადოებას წარმოადგენენ.

მოკლედ, ყველა აქაა, თავისი დრამებით და კომედიებით, ცხოვრებაზე ბრაზით და ცხოვრებისგან დაღლილობით, ხალისით, სევდით, ოცნებებით, და ყველა თავისებურად ცდილობს, ბედნიერების წამები განიცადოს: სიყვარულით, სექსით, ახალი ნაცნობობით, ცეკვით, ლოცვით. წიგნის ავტორიც ერთ-ერთ პერსონაჟად გვევლინება და სინამდვილეში, სხვა პერსონაჟთა მეშვეობით, თავად იკვლევს ბედნიერებას. ხოლო თუ ერთმნიშვნელოვან პასუხს არ გვცემს, კითხვებს მაინც გვიტოვებს. კითხვის დასმა კი უკვე დიდი საქმეა“.

  • მარი ბექაურის რეცენზია