ავტორი:

ვინ გადაწერს ისტორიას?

ვინ გადაწერს ისტორიას?

ბერნჰარდ შლინკი იმ გერმანელ ავტორთა შორისაა, ვისაც განსაკუთრებულად აინტერესებს გერმანიის ისტორიის მტკივნეული მონაკვეთები – დაწყებული ნაცისტური მემკვიდრეობით და დამთავრებული თანამედროვე საზოგადოების ღირებულებითი კრიზისით. ის, თუ რამდენად დიდია განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის, ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა – ყოფილი გდრ-ის მიწებზე, განსხვავებით გფრ-ის მიწებისგან, ხმათა უმრავლესობა ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა ძალებმა მოიპოვეს.

სწორედ ამ ღრმა სოციოპოლიტიკური განსხვავებების – ამდენი წლის მანძილზე რომ რჩება გაერთიანებული გერმანიის შიგნითაც კი – ახსნის ცდაა რომანი „შვილიშვილი“ და ეს მტკივნეული საკითხი, როგორც შლინკს სჩვევია, საინტერესოდ აგებული ამბის კვალდაკვალ არის გაშლილი. შინ დაბრუნებულ კასპერს, წიგნების მაღაზიის უკვე ხანდაზმულ მეპატრონეს, თავისი ცოლი, ბირგიტი გარდაცვლილი ხვდება. წლების წინ ის დასავლეთგერმანელმა კასპერმა აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოაპარა, ოჯახი შექმნეს და ერთად უძღვებოდნენ წიგნების მაღაზიას.

თუმცა, იმ ყველაფრის ხსოვნა, რაც ბირგიტმა აღმოსავლეთ გერმანიაში დატოვა და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – სინდისის ქენჯნა საიდუმლოდ გაჩენილი და გაშვილებული ქალიშვილის გამო, ქალს წლიდან წლამდე არ აძლევს მოსვენებას, ხსნას ალკოჰოლში ეძებს და გარდაუვალი სულიერი განადგურების პროცესი ფატალური შედეგით მთავრდება. ბირგიტის თვითმკველობის შემდეგ კასპარი ცოლის საიდუმლოს მისი ნაწერებიდან შეიტყობს, გაშვილებული გოგონას ძებნას იწყებს და იპოვის კიდეც აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ეთნონაცისტურ დასახლებაში. მას სვენია ჰქვია და ქმართან და ქალიშვილთან, 14 წლის ზიგრუნთან ერთად ცხოვრობს. ზიგრუნი თვითონ გამოხატავს კასპერთან დაახლოების სურვილს და მასზე ზრუნვა კაცისთვისაც მისი დარჩენილი ცხოვრების მთავარი მიზანი ხდება.

რომანის თხრობისგან მკვეთრად გამოირჩევა დაახლოებით 60-გვერდიანი მონაკვეთი – ბირგიტის ჩანაწერები. შლინკისთვის პერსონაჟი ქალის პირველ პირში დაწერილი ტექსტები უცხო არ არის, მისი რომანის „ოლგას“ ბოლო ნაწილი ქალის პირადი წერილებია, თუმცა, მან ბევრად უფრო რთული ამოცანა შეასრულა „შვილიშვილში“. ბირგიტის ტექსტს, ოლგას წერილებისგან განსხვავებით, არ ჰყავს ადრესატი, რაც ამ მონაკვეთის სტილს მეტ-ნაკლებად განსაზღვრავდა, ეს ჩანაწერები მთლიანად შინაგანი დიალოგია, ამიტომ დიდი გამოწვევაა მამაკაცი მწერლისთვის ამ მოზრდილი ტექსტის მკითხველამდე დამაჯერებლად მიტანა – ისე, რომ მკითხველმა ქალის ხმა გაიგონოს. სწორედ აქ ჩანს შლინკის მწერლური ოსტატობა – ეს მონაკვეთი მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი ტექსტისგან სტილით, ემოციურ ინტენსივობითა და რიტმით. ბირგიტის ტექსტი პირადულია, დაუფარავი, ზოგჯერ ფეთქებადი, კარგად ჩანს დარდისგან განადგურებული, გაბრაზებული ქალი, რომელმაც ვერაფრით აპატია საკუთარ თავს წარსული შეცდომები და ამიტომ ვერც მათი გამოსწორების ძალას პოულობს.

ამ რომანის მთავარი სათქმელი კი ალბათ მაინც ის არის, თუ რა იარაღით უნდა დავუპირისპირდეთ საყოველთაოდ გავრცელებულ სიბოროტეს – ისტორიის გადაწერის მცდელობებსა და ფაქტობრივი სინამდვილის უარყოფას. 14 წლის ზიგრუნს არ სჯერა ჰოლოკოსტის, ჩააგონეს, რომ ეს სხვებმა დააბრალეს გერმანიას, რათა მისმა ხალხმა საკუთარი წარმომავლობით ვერ იამაყოს. „იმით ვერ იამაყებ, რაც ხარ იმით უნდა იამაყო, რაც გაგიკეთებია“ – ასე ფიქრობს კასპერი და ცდილობს, ზიგრუნთან დიალოგში ხელოვნება დაიხმაროს – მუსიკაზე დაჰყავს, დიდ კომპოზიტორებს აცნობს და წიგნებს ურჩევს წასაკითხად. კასპერისთვის ეს ბრძოლა საკუთარი სინდისის წინაშე ვალდებულებად იქცევა – მას უნდა განკურნოს ახალგაზრდა გონება, რომელსაც ალტერნატივის ცოდნა და სიმართლე მოჰპარეს.

კარგი ლიტერატურა, ცხადია, სულ აქტუალურია, იმის მიუხედავად, თუ რა დრო უდგას კაცობრიობას, მაგრამ აქ და ახლა, დღევანდელ საქართველოში, „შვილიშვილი“ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია – ჩვენთვის ძალიან მწვავე და მტკივნეული ტრავმების გადამუშავებისთვის და იმის ცოდნისთვის, როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა ავიღოთ და სიმართლის დაბრუნებისთვის ვიბრძოლოთ.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მაია ფანჯიკიძის მიერ შესრულებული ქართული თარგმანი, რომელშიც ბერნჰარდ შლინკის დახვეწილი თხრობა და სტილი ორიგინალისადმი ერთგულებითა და, ამავდროულად, ქართული ენის თავისებურებების გათვალისწინებითაა გადმოტანილი.

  • გვანცა შუბითიძის რეცენზია