ავტორი:

ჩვენ ვმართავთ მოგზაურობას, თუ მოგზაურობა გვმართავს ჩვენ?

ჩვენ ვმართავთ მოგზაურობას, თუ მოგზაურობა გვმართავს ჩვენ?

"შემოდგომის იმ დღეს, როდესაც ჯონ სტაინბეკმა თავის პუდელთან, ჩარლისთან ერთად ამერიკის სხვადასხვა მხარეში ხეტიალის სტარტი აიღო, ერთ პატარა მაღაზიაში მეპატრონეს გამოელაპარაკა. როცა შეკითხვაზე, თუ საით მიემგზავრებოდა, უპასუხა, საითაც მინდაო, კაცის თვალებში ის მწველი სურვილი ამოიკითხა, რომელსაც მოგზაურობისას სულ აწყდებოდა – "ღმერთო! ნეტა მეც შემეძლოს!“

"მოგზაურობა ჩარლისთან ერთად, ამერიკის საპოვნელად“ სწორედ ისეთი წიგნია, მოგზაურობის სურვილს რომ გაგიათკეცებთ და დაგარწმუნებთ, რომ ქალაქის, სოფლის, მთლიანად ქვეყნისა და ამავდროულად, საკუთარი თავის შესაცნობად, უკეთესი საშუალება არაფერია, თუ არა გზაზე დადგომა, ხშირად შეცვლილი ბილიკებითა და მიმართულებით.

სტაინბეკის რომანით ვეცნობით ამერიკულ იდენტობას, ამერიკულ ქალაქებს, სოფლებსა და შტატებს, ამგვარად, მის კულტურასა და ჩვეულებებს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ის მხოლოდ ამერიკის აღმოსაჩენად დაწერილი წიგნია. რომანი საკუთარი თავის ძიების, სხვადასხვა სიტუაციაში გამოცდისა და დაკვირვების ერთ დიდ ოდისეაზე გვიამბობს.

ჯონ სტაინბეკს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანიშვნები აქვს ადამიანებზე, ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე; მოხეტიალე კაცის ფიქრები გვარწმუნებს, რომ მოგზაურობით ადამიანი იკვლევს იდენტობას, სურვილებს, მისწრაფებებსა და პიროვნულ მახასიათებლებს; მოგზაურობა გვაწრთობს და საკუთარ მესთან გვაბრუნებს; იმ "მე“-ს გვაპოვნინებს, რომელიც ხეტიალის გარეშე შეიძლება ვერც ვერასდროს აღმოგვეჩინა.

ერთხელაც, როდესაც მოგზაური მწერალი პატარა კაფეში ოფიციანტ გოგოს გაიცნობს, გაკვირვებას ვერ დამალავს, რადგან ამ გოგოს არც არაფერი უხაროდა, არც მოწყენილი ჩანდა. არანაირ ემოციას არ გამოხატავდა. მწერალი ამბობს, ასეთი მდგომარეობა ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანს შიგნით რამე ხომ უნდა გქონდეს, კანი რომ დაიჭიროსო. სტაინბეკის მსგავსად გზაზე დამდგარი კერუაკი თავის საკულტო რომანში წერს, მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, რომლებსაც შეშლილივით უნდათ იცხოვრონ, ყველაფერი მოასწრონ და ამ პროცესში რომაული სანთლებივით იწვიან, ისინი არასდროს ამთქნარებენ მოწყენილობისგანო. სტაინბეკის მთელი მოგზაურობაც ამგვარი ემოციების გაღვიძებისკენ გვიბიძგებს, რადგან მწერლის მიერ განცდილსა და აღწერილს წარმოუდგენლად გადამდები ეფექტი აქვს.

სტაინბეკი გზაზე უამრავ ადამიანს ხვდება. მათზე დაკვირვებით ვიაზრებთ, როგორ შეიძლება თანამედროვე ადამიანი კმაყოფილი იყოს ცხოვრებით – ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც შენს ნამდვილ მისწრაფებას იპოვი და გაბედავ, გაჰყვე მას, ნაცვლად იმისა, რომ გარემოსგან თავსმოხვეულ წარმოდგენებსა და მოლოდინებს დამორჩილდე. მაგალითად, სტაინბეკი მასაჩუსეტსის შტატში გაიცნობს მათემატიკური მეცნიერების დოქტორს, რომელიც იმჟამად რძის მაღაზიას ფლობდა, იქვე მუშაობდა და მერძევე იყო. კაცს მოსწონდა თავისი საქმე და წასვლაც არსად სურდა. სინამდვილეში რა გვამოძრავებს, რა არის ჩვენი მისწრაფება, მწველი სურვილი? არ აქვს მნიშვნელობა, მათემატიკის დოქტორი ხარ თუ სხვაგვარი მწვერვალები გაქვს დაპყრობილი, მთავარი შეკითხვა ისაა, თუ მერძევეობა და ასეთი სიმშვიდე გირჩევნია, მაშინ რატომ არ უნდა აირჩიო ეს უკანასკნელი?

ამ წიგნით, ამერიკასთან ერთად, დავიწყებული, ქაოსსა და მუდმივ გადარბენებში დაკარგული საკუთარი თავი შეგიძლიათ იპოვოთ.