მთელი მსოფლიოს ყურადღება 15 აგვისტოს ალასკისკენ იყო მიმართული, სადაც ქალაქ ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ვიწრო ფორმატის შეხვედრა, რომელიც სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა, დაახლოებით, 3 საათი გაგრძელდა. ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი. ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს. გაფართოებული მოლაპარაკება სადილზე, რომლებიც სამი-სამზე ფორმატის კონსულტაციების შემდეგ უნდა გამართულიყო, არ შედგა. თუმცა მანამდე იყო პრესკონფერენცია, უფრო სწორად, პრეზიდენტების განცხადებები, რომელთა შემდეგაც მედიას კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. ამან დაახლოებით 10 წუთს გასტანა - პუტინი საუბრობდა 8 წუთის განმავლობაში, ტრამპის სიტყვა კი 3 წუთსა და 53 წამს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. «There’s no deal until there’s a deal» - "ვიდრე შეთანხმება არ არის, გარიგება ვერ შედგება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რაც, ფაქტობრივად, არაპირდაპირი აღიარება იყო იმისა, რომ სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ არც ცეცხლის შეწყვეტაზე და არც რაიმე სხვა კონკრეტულ საკითხზე. 16 აგვისტოს დილით, სამიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის შესაძლო მონაწილეობის შესახებ "დადებითი სიგნალები" იყო. მან ასევე განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში გაემგზავრებოდა. უამრავი შეფასება და კომენტარი კეთდება, თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობა მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი ამ შეხვედრის პოზიტიურ შედეგებთან დაკავშირებით.ამ საკითხებზე ექსპერტი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ამ შეხვედრის შესახებ რუსი და ქართველი სახელისუფლებო პროპაგანდისტების შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა...
- მეტად რთულ, მტკივნეულ და დელიკატურ საკითხს შეეხეთ. სამწუხაროდ, ეს ისევ და ისევ აჩვენებს, რომ ძალაუფლების საკითხი ჩვენში იმაზე მეტ დომინანტად მიიჩნევა, ვიდრე გეოპოლიტიკურ პროცესებზე ჯანსაღი მსჯელობა და საქართველოს პოზიციონირება ამ კონტექსტში. არ მინდა დავემსგავსო იმ მოლაპარაკე თავებს, ვინც სპეკულაციურ ნარატივს გვთავაზობენ, მაგრამ ერთ საკითხს მაინც ვერ ავირიდებ თავიდან. ეს კონსპიროლოგიური თემა შემდეგში მდგომარეობს: გავლენიანი ჯგუფების გარკვეული სინდიკატი, რომელიც არა მხოლოდ პარტიულ ელემენტს მოიცავს, არამედ საქმიან, კრიმინალურ და სხვა მიმართულებებსაც, მიიჩნევს, რომ გავლენების ახლებური განაწილების შემთხვევაში სასურველია საქართველო აღმოჩნდეს ახალი რკინის ფარდის რუსულ მხარეს. ეს არის მათთვის კომფორტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რუსულ მხარეს დარჩენა ნიშნავს, რომ არ გჭირდება ლიბერალური კანონმდებლობა, სამართლის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია...
მათ იმედი აქვთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასე უაპელაციოდ აიღებს და დაუთმობს საქართველოს რუსეთს. როგორც ვთქვი, აშკარაა, რომ შეხვედრაზე ამგვარი "სდელკა" არ შედგა, ის ჩავარდა.
- იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით მოხდა, მეტიც, ზანგეზურის დერეფანს სწორედ ეს ქვეყანა გააკონტროლებს, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აშშ-ის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში კვლავაც ძლიერია.
- როდესაც გამყოფ ხაზზე ვლაპარაკობთ, როგორც ჩანს, ზემოთ ნახსენებ სინდიკატში ფიქრობენ, რომ თუ ყველასთვის მოულოდნელად სომხეთი და აზერბაიჯანი მიტრიალდნენ დასავლეთისკენ, ახალი გაყოფა უნდა მოხდეს იმგვარი კონფიგურაციით, რომ საქართველო რუსეთისთვის პრიზი აღმოჩნდეს, მით უფრო კარგად ვხედავთ, აქ რა პროცესები ვითარდება. თუმცა ვაშინგტონის მხრიდან რომ გადავხედოთ ამ პროცესებს, რაოდენ მსუყე ინვესტიციაც არ უნდა განახორციელოს ამერიკამ, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს სანახევრო შედეგზე მიმართული ინვესტიცია იქნება, თუ საქართველოს საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი ისე, როგორც უნდა გადაწყდეს. ჩვენი როლის განდიდების გარეშე - დავხედოთ რუკას, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ გავიხედოთ კასპიის ზღვის მიღმა ცენტრალური და შემდგომ დიდი აზიისკენ, ჩვენ გეოგრაფიულად ჩამკეტი ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ყველა პროცესი, რომლებიც უკავშირდება დასავლეთის შემოსვლას ჩვენს რეგიონში, ვერ იქნება დასრულებული ეფექტის მქონე, თუ საქართველო გადავა რუსული გავლენის სფეროში. ამდენად, როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკის ინსტიტუციურობაზე, ვლაპარაკობთ ჟანრის კლასიკაზე დასავლური გადმოსახედიდან. წესით, ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვების შემდეგ, ბუნებრივი, ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს საქართველოს საკითხის დღის წესრიგში დაყენება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება საქართველო ფილანთროპიულად გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა ის არაპროგნოზირებადობა, რაც თეთრი სახლის დღევანდელ ადმინისტრაციას ახასიათებს, მაინც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ - ანუ რაიმე უსიამოვნო სიურპრიზს ვერ გამოვრიცხავთ. ეს რომ გამოირიცხოს, საჭიროა სათანადო მანდატით აღჭურვილი ქართული ხელისუფლება და აქ უკვე სხვა პრობლემას ვაწყდებით. ვინ და როგორ ელაპარაკება დასავლეთს საქართველოს ინტერესებზე? - აი, აქ გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი და ვაკუუმი. წაიკითხეთ სრულად