ავტორი:

ეფ-ეს-ბე ამტკიცებს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე "ტერორისტულ თავდასხმას" ამზადებდა, ბომბი კი საქართველოს გავლით შეიტანეს

ეფ-ეს-ბე ამტკიცებს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე "ტერორისტულ თავდასხმას" ამზადებდა, ბომბი კი საქართველოს გავლით შეიტანეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ აღკვეთეს "უკრაინის სპეცსამსახურების ყირიმის ხიდის აფეთქების კიდევ ერთი მცდელობა. უწყების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა Chevrolet Volt-ის მარკის ავტომობილში იყო მოთავსებული და რუსეთში უკრაინიდან საქართველოს გავლით შეიტანეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იგეგმებოდა ავტომობილის კრასნოდარის მხარეში გადაყვანა კერძო გადამზიდავის მიერ მართული ავტომზიდით.

მათივე ინფორმაციით, მანქანა შემდგომში სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და ყირიმის ხიდზე გავლისას კი "უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად ქცეულიყო“.

ეფ-ეს-ბეს განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურმა მოახერხა "ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებლება“ და ასევე ყველა იმ პირის დაკავება, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილის გადაყვანაში მონაწილეობდა.

რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კიევი და თბილისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების შესახებ განცხადება მოსკოვში 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შემდეგაც გააკეთეს. მაშინ რუსეთის ხუთი და უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდება წაუყენეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს - 2024 წელს რუსეთმა ის სახელმწიფოთაშორის ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა.

ყირიმის (ქერჩის) ხიდი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენდა. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს და 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ ხიდი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იყო. მისი დაზიანების ერთ-ერთი ბოლო მცდელობა მიმდინარე წლის ივნისში იყო, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე ჩაიარა. მანამდე ხიდზე მოძრაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულად ან ნაწილობრივ იყო შეზღუდული.