ავტორი:

18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - 23 წლის ასაკში სამშობლოს შეწირულ ბიჭს დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა

18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - 23 წლის ასაკში სამშობლოს შეწირულ ბიჭს დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა.

"გიორგი ანწუხელიძე არის გმირობის და გაუტეხლობის სიმბოლო.

ეცადნენ და ვერ გატეხეს1

ეცადნენ და ვერ დააჩოქეს!

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. გიორგი არის საქართველოს სიმბოლო, რომელიც ყოველთვის იბრძვის. არასდროს ნებდება.

მადლობა გმირობისთვის! მადლობა თავისუფლებისთვის! მადლობა დღევანდელი დღისთვის. დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!

ანწუხელიძე უკვდავია!" - წერენ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში.

გთავაზობთ ამონარიდს მისი მეუღლის მაკა ჩიკვილაძის ინტერვიუდან:

- გიორგი ომში გამოიძახეს, ვაზიანში იყო და ყველა ვარიანტში ეკუთვნოდა წასვლა, რომც არ გამოეძახათ, მაინც წავიდოდა. გიორგი 18 აგვისტოს 24-ის ხდებოდა... იმ დროს ბავშვით გორში ბებიასთან ვიყავი, გიორგიმ 6 აგვისტოს გაგვაცილა ძევერაში. იმ ღამით იქ დიდი სროლები ატყდა (ძევერა ცხინვალთან ახლოსაა და იქიდან მოდიოდა სროლის ხმა). ისეთი ხმები იყო, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, სარდაფში ვიმალებოდით და შუქებს არ ვანთებდით. მერე ნაწილიდან დამირეკეს, გიორგის ვერ დავუკავშირდითო და მითხრეს, სამსახურში იძახებენ და გადაეცითო. მამიდამისის ტელეფონზე დავრეკე, რადგან გიორგის უკვე ეძინა და არ მპასუხობდა, მამიდამ გააღვიძა და ვუთხარი, აქ სროლებია და რა ვქნა, წამოვიდე თუ დავრჩე, მგონი, ომი დაიწყო და ფრთხილად იყავი, შენც გიძახებენ-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, მეტი კომუნიკაცია აღარ გვქონია, ყოველ დღე ვრეკავდი და ვერ ვუკავშირდებოდი, მიუწვდომელი იყო. მე როცა წამოვედი, 7-ში უკვე ჯარი შედიოდა ცხინვალში, გზაზე კოლონები მოდიოდა.

გული ცუდს არაფერს მიგრძნობდა, არც ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ომზეც რომ მეფიქრა, გიორგი იმდენად ძლიერი და ჭკვიანი იყო, ვერც წარმოვიდგენდი, რამე მოუვიდოდა, ვფიქრობდი, ვერავინ მოერეოდა. მანაც არ იცოდა, ომში თუ მიჰყავდათ, 6-ში გამოიძახეს და 7-ში დილით ცხინვალისკენ წაიყვანეს. სულ ვრეკავდი გიორგისთან და ერთთავად მიუწვდომელი იყო. ვიცოდი, რომ 8 აგვისტოს აიყვანეს ტყვედ და 9 აგვისტოს მოკლეს, თუმცა ახლა, 2 დღის წინ გავიგე, რომ გიორგი 9 აგვისტოს ცოცხალი ყოფილა (გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების დღე 9 აგვისტო წერია). 11 აგვისტოს, ჯარი რომ დაბრუნდა, ჯარისკაცები დავინახე და ვკითხე, აქ რატომ ხართ-თქო, გამოგვიშვეს, ომი დამთავრდაო. რუსეთთან ომი დღემდე გრძელდება, მაგრამ ცხინვალის ოპერაცია დასრულდა... გიორგი რომ არ გამოჩნდა, მერე უკვე დავიწყე მისი ძებნა. დიდხანს ვეძებეთ, დარწმუნებული ვიყავი, ცოცხალი იყო, მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, აქ დავინახეთ, იქ დავინახეთო. ძალიან მძიმე იყო ... ნოემბერში 10 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს, ოს ტყვეებში გაუცვლიათ და მათ შორის აღმოჩნდა გიორგი. ცხედრები მიწაში ჰყავდათ ზედიზედ ჩაყრილები. ბოლოს დნმ-თი გავიგეთ მისი სიკვდილის შესახებ, იანვარში - გამოგვიძახეს, ოჯახიდან ვინმე მივიდეს, დნმ ჩააბარეთო და ჩემმა დამ წაიყვანა პატარა ლევანი. ცხედარი არ იცნობოდა, მე არ მინახავს, ჩემებმა ნახეს მისი ჩონჩხი... მერე, იანვარში გამოჩნდა გიორგის წამების კადრებიც. ამაზეც დაგვირეკეს, გიორგის კადრები დაიდო, წადით, ნახეთო. მაშინ მარტო მამუკა არეშიძეს ჰქონდა ეს კადრები და რომ მივედით, არ გვიჩვენა. მითხრეს, იმხელა მუცლით რომ მიადექი, რას განახებდაო. მერე დამიბარეს თავდაცვის სამინისტროში, კადრები გამოჩნდა და უნდა ამოიცნოო (წამების კადრები). რომ მივედი, მარტო ვიდეოს დასაწყისი ვნახე, ამოცნობა რად უნდოდა, შეხედავ და ისაა. დღემდე ამ ვიდეოს დასაწყისი მაქვს ნანახი, არ მინახავს ბოლომდე და არც მინდა, ვნახო..." წაიკითხეთ სრულად