ავტორი:

ემანუელ მაკრონი “ოთხმხრივ შეხვედრას“ ითხოვს, ტრამპი კი “ოპტიმისტურად არის განწყობილი“ - განცხადებები თეთრი სახლიდან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ემანუელ მაკრონი “ოთხმხრივ შეხვედრას“ ითხოვს, ტრამპი კი “ოპტიმისტურად არის განწყობილი“ - განცხადებები თეთრი სახლიდან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებმა საერთო ფოტოსურათი გადაიღეს.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

  • შეგახსენებთ, ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა.

“ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს საკუთარ თავზე ევროპული ქვეყნები აიღებენ. ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ ეს უსაფრთხო იყოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მომავალ აგრესიას შეაჩერებს და ვფიქრობ, აგრესია არ იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე „ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხს განიხილავს“.

ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად სამმხრივი შეხვედრის გამართვა მალე სურს.

„ვფიქრობ, დღეს შეთანხმებას ყველაფრის შესახებ მივაღწევთ, მათ შორის, უსაფრთხოების შესახებაც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან გაფართოებული შეხვედრის წინ გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა“, - განაცხადა მან და დასძინა: „ჩვენ ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე ვისაუბრეთ“.

  • გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, “ცეცხლის შეწყვეტა ყველას სურს.“

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, - აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ ის ძალაში უნდა შევიდეს სამმხრივ შეხვედრამდე, რომლის დანიშვნასაც დონალდ ტრამპი ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის იმედოვნებს.

მერცი დასძენს, რომ „ვერ წარმოუდგენია“, რომ სამმხრივი შეხვედრა „ცეცხლის შეწყვეტის გარეშე“ გაიმართება.

„მოდით, ამაზე ვიმუშაოთ და ვეცადოთ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“ - განაცხადა მერცმა.

მერცის განცხადებას უპასუხა ტრამპმა: „ვნახოთ, როგორ გამოვა ეს და შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“, თუმცა, ასევე ტრამპმა აღნიშნა, ექვსი ომი, რომელთა მოგვარებაც, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე დასრულდა.

  • “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ,“ - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უნდა იყოს წარმოდგენილი ტრამპის, პუტინისა და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში.

„სამმხრივი შეხვედრის იდეა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოგვარების ერთადერთი გზაა. ვფიქრობ, შემდეგში ოთხმხრივი შეხვედრაა საჭირო, რადგან, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ ვართ ამ საკითხის ირგვლივ უკრაინასთან ერთად გაერთიანებულები“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, „ევროპელები აცნობიერებენ იმას, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხში თავისი წილი აქვთ“.

„თუმცა, ამ სიტუაციაში მათი საკუთარი უსაფრთხოება აშკარად სასწორზე დევს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

  • მარკ რუტე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდ ნაბიჯს და „გარღვევას" წარმოადგენს

„ის ფაქტი, რომ თქვენ განაცხადეთ, რომ „მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო უსაფრთხოების გარანტიებში“, დიდი ნაბიჯია, ეს ნამდვილად გარღვევაა და ყველაფერს ცვლის. ამიტომ, ასევე მადლობას გიხდით ამისთვის“, - განუცხადა რუტემ ტრამპს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე.

რუტემ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს „ჩიხის გადალახვისა“ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმატებით დასმისთვის.

“უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებაზეც. ვფიქრობ, დღეს, სწორი მიდგომის შედეგად, უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე რეალური პროგრესის მიღწევა შეგვიძლია“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მისი თქმით, „უსაფთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიცია“ ძალისხმევის გაძლიერებისთვის მზად არის“.

„ვფიქრობ, შეგვიძლია დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.