24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრები გამარჯვებისა და ღირსების ორდენებით, ასევე ღირსების მედლებით დააჯილდოვა. თუმცა, დაჯილდოებას არ დასწრებია ქართული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, გიორგი ცინცაძე, რომელმაც მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ღირსების ორდენის მიღებაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ, სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალათბურთელმა, რომელმაც ღირსების ორდენზე დემონსტრაციულად თქვა უარი, რამდენიმე დღის შემდეგ ფედერაციაში საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი გაგზავნა და ფულადი ჯილდო აიღო.
ამ ფაქტზე განმარტება აქციების დროს ერთ-ერთი დაკავებულის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ გააკეთა:
"შემთხვევით საქართველოს ბანკის ანგარიშზე, სადაც ირიცხება სინდისის პატიმრების თანხა, ვნახე, რომ ჩაირიცხა 10 000 ლარი. გავხსენი ესემესი და კალათბურთელ გიორგი ცინცაძეს პატიმრებისთვის ჩაურიცხავს ეს თანხა. საჯარო მადლობა მას ამ გვერდში დგომისთვის ყველა პატიმრის სახელით. გვიყვარხარ, გიორგი და წარმატებებს გისურვებთ."
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცინცაძის 20-წლიანი სანაკრებო კარიერა ერთი წლის წინ, სერბეთის წინააღმდეგ გამართული ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩით დასრულდა. ეს მისთვის რეკორდული, 217-ე მატჩი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. ამ შეხვედრაში "ბუმ“ (როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ) 6 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
წაიკითხეთ ასევე: