ყაზახეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა, მამაკაცი ორსულ მეუღლეს მცირეწლოვანი ქალიშვილის თვალწინ გაუსწორდა.
32 წლის აიზათ ჯუმანოვა და აიბარ ჟანბოლატი ქვეყნის სამხრეთით, ჟეტისუს ოლქის აქსუს რაიონის სოფელ ბალასაზში ცხოვრობდნენ. მეუღლეებს ცხენების ფერმა ჰქონდათ. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავდა და მალე მეორე შვილს ელოდნენ.
ახლობლების თქმით, აიბარი ცოლს სისტემატურად სცემდა. აიზათი ჩიოდა ცემის გამო, მაგრამ პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს. ტრაგედიის დღეს მამაკაცმა მეუღლე შვილის თვალწინ სასტიკად სცემა, შემდეგ კი ცხენზე მიაბა და ათრია ისე, როგორც ამას შუა საუკუნეებში აკეთებდნენ.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. აიზათს დახურული ქალა-ტვინის ტრავმა, ქალის ფუძის, მენჯის ძვლებისა და კიდურების მოტეხილობები აღენიშნებოდა. ორსულ ქალს მყესები ჰქონდა დაწყვეტილი, ასევე მრავალრიცხოვანი ნაკაწრები და სისხლიანი ჭრილობები მიწაზე თრევისგან.
"როდესაც ტანსაცმელი გავხადეთ, ცრემლები ვერ შევიკავეთ. დედას მაშინვე გული წაუვიდა. სხეულის ყველა ნაწილი დაზიანებული ჰქონდა. როდესაც თავზე მოვკიდე ხელი, კეფის ნაწილი რბილი იყო, თითქოს გატეხილი, თმა სველი. სახე გაშავებული და შეშუპებული ჰქონდა. ქვედა ყბა მოტეხილი... თითები გალურჯებული“, - იხსენებენ დები.
გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ აიბარის ოჯახი დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა და სასწრაფო არ გამოიძახეს. აიზათის სიკვდილის შესახებ მისმა ოჯახმა მხოლოდ დილით გაიგო. "ჩემი გოგო უგონო მდგომარეობაში სიძის ნათესავებმა მანქანიდან მანქანაში გადაიყვანეს და დაახლოებით ღამის ორ საათზე საოლქო საავადმყოფოში მიიყვანეს. ჩვენ კი მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ დილით, დაახლოებით ცხრა საათზე შეგვატყობინეს. საავადმყოფო ჩვენგან სულ რაღაც 20 წუთის სავალზეა. სიძის ნათესავებმა ჯერ ყველა კვალი წაშალეს, რათა შვილი გაემართლებინათ და ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გვითხრეს. მათ სასწრაფოც კი არ გამოიძახეს“, - ამბობს აიზათის დედა.
თავად აიბარი ამტკიცებს, რომ ცოლი მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა, როდესაც სელფს იღებდა. მამაკაცის ახლობლები მის გამართლებას ცდილობენ, აღიარებენ მხოლოდ იმას, რომ ცოლს სცემდა, მაგრამ უარყოფენ ცხენით წამებას.
წყვილის პატარა ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაშია.
აიბარ ჟანბოლატი დაკავებულია, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.