ავტორი:

რა რუკა გამოფინა ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში? - პროცესის განვითარების 6 სცენარი, ანუ როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის ფსიქოლოგიური დუელი

რა რუკა გამოფინა ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში? - პროცესის განვითარების 6 სცენარი, ანუ როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის ფსიქოლოგიური დუელი

2025 წლის 18 აგვისტო მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე წარმომადგენლობითი მოლაპარაკებები, გამართული თეთრ სახლში...

ამ დღეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა თავისთან მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მასთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რომელსაც მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და ფინეთის პირველი პირები, ასევე, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტიც შეუერთდნენ.

ეს გაფართოებული შეხვედრა, ტრამპმა 40 წუთით დატოვა და ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა, რის შემდეგაც ოვალურ კაბინეტში გაგრძელდა მოლაპარაკებები...

  • რა არის ცნობილი თეთრ სახლში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ?

კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული, თუმცა გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

პირველი - ტრამპი ეცდება, უახლოეს დღეებში ორგანიზება გაუკეთოს პუტინი-ზელენკის პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც თავადაც ჩაერთვება მოლაპარაკებაში;

მეორე - ტრამპი, რომელიც აქამდე შორს იჭერდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, ახლა თანახმაა, რომ ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიების "კოორდინატორი“ გახდეს, მაგრამ რაში გამოიხატება ეს "კოორდინაცია“, ჯერ არ დაზუსტებულა;

მესამე - ამერიკული მხარე კვლავ აჟღერებს "ტერიტორიების გაცვლის“ პრინციპს, რომელიც პუტინმა ულტიმატუმის სახით დააყენა ტრამპთან ალასკის შეხვედრაზე და გულისხმობს დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული მიწების რუსეთისთვის გადაცემას, იმის გარანტიით, რომ რუსეთი გავა სუმისა და ხარკოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში "გაყინავს“ ფრონტის ხაზს.

მეოთხე - პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ტერიტორიების თემაზე მოლაპარაკებას მხოლოდ უშუალოდ პუტინთან გამართავს.

მეხუთე - "დაბადებით“ ბიზნესმენის-პრეზიდენტ ტრამპის "მოსათაფლად“ უკრაინამ შესთავაზა 100 მლრდ დოლარის შეიარაღების შესყიდვა (რა თქმა უნდა, ევროპის დახმარებით) ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან, რაც აშშ-ს დიდ ფინანსურ მოგებას მისცემს და ტრამპიც ამომრჩევლების გულს მოიგებს. ამის გარდა, 50 მლრდ დოლარის საერთო ღირებულების დრონების დამზადება მოხდება, ამაში ამერიკელებზე უკვე ბევრად უკეთესად გათვითცნობიერებული უკრაინული ფირმების მიერ, რასაც შეიძენს აშშ-ის შეიარაღებული ძალები.