ალასკის მკვიდრი მარკ უორენი, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა წარმოების ძველ "ურალს“ ატარებდა, მოულოდნელად ახალი რუსული მოტოციკლით დაასაჩუქრეს. როგორც გაირკვა, ეს იყო პირადი საჩუქარი რუსეთის დიქტატორი პრეზიდენტისგან.
ამბავს რუსული მედია ასე ჰყვება: შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, გადაცემის სიუჟეტისთვის ანკორიჯის ქუჩებში მორიგე რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით შენიშნა ბატონი უორენის ძველი "ურალი“. ჟურნალისტებთან საუბრისას მან დაიჩივლა, რომ მისი შეკეთება სულ უფრო ძვირი ჯდებოდა, სათადარიგო ნაწილების მოპოვება კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა აშშ-ის სანქციების გამო.
"თუ აქ, ალასკაზე, პუტინი და ტრამპი შეძლებენ შეთანხმებას, ეს კარგი იქნებოდა?“ - ჰკითხა მას "როსია-1“-ის რეპორტიორმა ვალენტინ ბოგდანოვმა.
"დიახ, ეს კარგი იქნებოდა“, - უპასუხა უორენმა.
რამდენიმე დღეში მას ანკორიჯის სასტუმროს ავტოსადგომზე, რუსულ დელეგაციასთან შეხვედრისას, ახალი "ურალის“ გასაღები გადასცეს.
"ეს პრეზიდენტის პირადი საჩუქარია", - უთხრა მას ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი ლედენევმა.
გადაღებულ კადრებში ჩანს, გაოცებული უორენი ახალ მოტოციკლზე როგორ ჯდება.
"სიტყვები არ მყოფნის, საოცარია. დიდი მადლობა", - ამბობს ის.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ ეს ამბავი სანქციების "პირდაპირი შედეგის“ ილუსტრაციად წარმოადგინა - თითქოს დასავლური შეზღუდვები უბრალო ამერიკელებსაც აზარალებს.
მოტოციკლი "ურალი“ მეორე მსოფლიო ომის დროს თავდაპირველად სამხედროებისთვის შეიქმნა და შემდეგ სამოქალაქო მოხმარებისთვისაც გავრცელდა.
უშუალოდ უორენისთვის მოტოციკლი მოსკოვში შეიძინეს სულ რაღაც ერთი დღით ადრე შეხვედრამდე. ამის შესახებ სააგენტო ТАСС–ს განუცხადა მოტოციკლის ქარხნის მოსკოვური წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა დენის კუზნეცოვმა.
"ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ეს მოტოციკლი საბოლოოდ ალასკაზე აღმოჩნდა", - აღნიშნა კუზნეცოვმა.
პუტინმა ალასკაზე ვიზიტისას კიდევ ერთი სიმბოლური ჟესტიც გააკეთა: სიტკისა და ალასკის მართლმადიდებელ არქიეპისკოპოს ალექსის ორი ხატი გადასცა. ერთ–ერთი მათგანზე წმინდა გერმანე ალასკელის გამოსახულებაა, რომელიც ამერიკის მართლმადიდებელ მფარველად მიიჩნევა, მეორე კი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ხატია. წყარო