ავტორი:

"როგორც ტრამპს უყვარს ხოლმე თქმა, ახლა ყველა კოზირი ზელენსკის ხელშია" - რამდენად რეალურია პუტინ-ზელენსკის შეხვედრა?

"როგორც ტრამპს უყვარს ხოლმე თქმა, ახლა ყველა კოზირი ზელენსკის ხელშია" - რამდენად რეალურია პუტინ-ზელენსკის შეხვედრა?

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა, რომელიც პუტინის ზეწოლის მცდელობად აღიქმებოდა, მოულოდნელად დასავლური კოალიციის ფორმირების პროცესად იქცა - ამგვარად აფასებს ანალიტიკოსი, ვალერი ჩეჩელაშვილი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ სამიტს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზელენსკის ინიციატივებზე ტრამპი უარს ვერ იტყვის, პუტინი კი შესაძლოა მალე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი:

- ალასკის სამიტის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ტრამპსა და ზელენსკის შორის ცალკე შეხვედრა გაიმართებოდა, რაც შეიძლება აღქმულიყო როგორც პუტინის ირიბი ზეწოლა ზელენსკიზე რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობების მისაღებად. თუმცა რეალობაში მივიღეთ სრულიად განსხვავებული სურათი - დასავლური კოალიციის ფორმირების პროცესი, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპიც აქტიურად ჩაერთო. გუშინდელი შეხვედრა სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს: დასახულია კონკრეტული გეგმები. ზელენსკიმ გაახმაურა აშშ-ისგან 10 მილიარდი დოლარის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ინიციატივა და პარალელურად 50-მილიარდიანი უკრაინული პროექტიც, რომლის ეფექტიანობა უკვე დამტკიცდა "ობობის ქსელის“ ოპერაციით რუსეთის ღრმა ზურგში. ასეთი მასშტაბის შეთავაზებაზე ვერც ტრამპი და ვერც ამერიკის სხვა პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის.

ამასთან ერთად, ნათლად ჩანს, რომ ევროპა ძლიერდება. თუ წარსულში მისი უსაფრთხოება სრულად ამერიკულ გარანტიებზე იყო მიბმული, დღეს ტრამპს უკვე უწევს ევროპელ პარტნიორებთან უფრო სერიოზული გათვლებით საუბარი. შესაბამისად, ზელენსკი გაცილებით უფრო მყარ პოზიციებზე დგას პუტინთან შესაძლო შეხვედრის მოლოდინში, თუ ასეთი ფორმატი საერთოდ შედგება, რადგან რუსეთის მხრიდან მზადყოფნის სიგნალი ჯერჯერობით არ ჩანს.

- ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინას შეიძლება მიეცეს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა არა ნატო-ში გაწევრების შესაძლებლობა. თქვენი შეფასებით, რას შეიძლება მოიცავდეს რეალურად ეს გარანტიები და რამდენად იქნება ეს ეფექტიანი უკრაინისთვის, თუ ქვეყანა ალიანსის სრულფასოვანი წევრი არ ხდება?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებაა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიების ნაწილად იქცა პრეზიდენტი ტრამპიც. გარკვეულწილად, ნაწილობრივ მაინც, ამ ინიციატივას დაეთანხმა პუტინიც. საინტერესოა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის იდეა, რომლის მიხედვითაც უკრაინას უნდა მიეცეს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები. ეს პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, ჩემი აზრით, უკრაინა უფრო ფართო კონტექსტში უნდა გახდეს ევროპის თავდაცვითი სისტემის განუყოფელი ნაწილი. ამის საფუძველიც არსებობს უკვე, რადგან ევროპული კონცეფცია უკრაინის მიმართ შეიცვალა: თუ ადრე მთავარი დევიზი იყო "დავეხმაროთ უკრაინას, რომ ის გადარჩეს“, ახლა კონცეფციაა - "დავეხმაროთ უკრაინას, რომ გადარჩეს ევროპა“. სწორედ ამიტომ უკრაინის უსაფრთხოება განიხილება, როგორც ევროპის საერთო უსაფრთხოების ნაწილი. ამ კონტექსტში შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის განხილვა - იქნება ეს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები, დასავლური ჯარების განლაგება თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბრები დაიწყო, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მიუთითებს: ევროპა და ტრანსატლანტიკური საზოგადოება აღარ ენდობა მხოლოდ დაპირებებსა და ხელმოწერილ დოკუმენტებს. პუტინმა არაერთხელ დაარღვია ადრე გაფორმებული შეთანხმებები, დაწყებული 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, დამთავრებული ორმხრივი ხელშეკრულებებით, რომელსაც თავადვე მოაწერა ხელი 2000 წელს უკრაინის პრეზიდენტ კუჩმასთან. ეს დოკუმენტები რეალურ ღირებულებას არ წარმოადგენს რუსეთისთვის. ამიტომაც ძალიან სწორად შენიშნა, მარკო რუბიომ, როდესაც თქვა, რომ საჭიროა "რკინისებური“ გარანტიები და კონკრეტული ინსტრუმენტები მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

პირველ რიგში, ეს არის ძლიერი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი უკრაინის არმია, რომელიც დღეს ევროპაში, ფაქტობრივად, ერთ-ერთ უძლიერეს ძალად ჩამოყალიბდა. ამას უნდა დაემატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მყარი გარანტიები, იქნება ეს იარაღის მიწოდება, სამხედრო წვრთნები თუ ნატოს ეგიდით ჯარების განლაგება. დეტალებზე მუშაობა კიდევ გაგრძელდება, მაგრამ აშკარაა, რომ უკვე ნაკლებად ითვალისწინებენ რუსეთის პოზიციას. საბოლოოდ, ზავის დადგომის შემთხვევაში, მყარი უსაფრთხოების გარანტიები უნდა გახდეს მისი განუყოფელი ნაწილი.

- ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუბრობს იმაზე, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელია ორივე მხარის მხრიდან გარკვეული ტერიტორიული დათმობები. როგორ ფიქრობთ, რა სახის დათმობებს შეიძლება დაეთანხმოს თითოეული მხარე და კონკრეტულად რას გულისხმობს ეს რუსეთის შემთხვევაში?

- ეს არის ყველაზე მავნე კონცეფცია, რადგან აშკარად ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. თავად მარკო რუბიომაც აღნიშნა, რომ შესაძლოა უსამართლო შეთანხმებადაც ჩაითვალოს. დიახ, კომპრომისები ორივე მხრიდან საჭიროა, მაგრამ საუბარია უკრაინული ტერიტორიების გაცვლაზე ისევ უკრაინულ ტერიტორიებში, ეს კი, ფაქტობრივად, უსამართლო გარიგებას ნიშნავს. მთავარია, რომ ტერიტორიების დათმობას თუ გაცვლას, დე იურე ხასიათი არ ჰქონდეს, მხოლოდ დე ფაქტო ხასიათის, დროებითი კონტროლის ფორმით გადაცემა კი შესაძლებელია. რომელიმე უკრაინული ტერიტორიის რუსეთისთვის დე იურედ დაკანონება საერთაშორისო სამართლის მიხედვით სრულიად წარმოუდგენელია. ზელენსკის ამის უფლება არც აქვს - არსებობს უკრაინის არმია, ხალხი, კონსტიტუცია და პარლამენტი, რომელთა უგულებელყოფა პრეზიდენტს არ შეუძლია. მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება საუბარი, არის დროებითი დე ფაქტო კონტროლი, გარკვეული პირობებით. მსგავსი პრეცედენტი უკვე გვინახავს: 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც რუსეთის შუამავლობით გაფორმდა, არ ითვალისწინებდა დე იურე აღიარებას. საბოლოოდ 26 წლის შემდეგ, 2020 წელს, აზერბაიჯანმა სამხედრო გზით აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. სწორედ ასეთ პრეცედენტს ეყრდნობა დღესაც გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ამ ფორმატში - დე ფაქტო დროებითი კონტროლის პირობებში და საერთაშორისო გარანტიების ფონზე შეიძლება საუბარი სერიოზულ სამშვიდობო პროცესზე.

დე იურე აღიარების შესაძლებლობას კი მთლიანად გამოვრიცხავ.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა კიდეც, რომ უკრაინა ვერ დაეთანხმება ტერიტორიების დათმობაზე დაფუძნებულ შეთანხმებას, მისი პოზიცია უცვლელია - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარების გაყვანა დღის წესრიგში არ დგას. საინტერესო იყო გერმანელი კანცლერის ფრიდრიხ მერცის შენიშვნაც, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინისთვის დონბასის დათმობა იგივეა, აშშ-მ ფლორიდა რომ დათმოსო...

- ძალიან მომწონს ფრიდრიხ მერცის განცხადებები, მისი სიმტკიცე და მიხარია მისი მზარდი რეპუტაცია. ვფიქრობ, ის მომავალი ევროპის ერთ-ერთი ჭეშმარიტი ლიდერია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გერმანია უკვე გახდა მსოფლიოს მესამე ეკონომიკა აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, შიდა ეროვნული პროდუქტით, რომელიც 5 ტრილიონ დოლარს აღემატება. ეს ფაქტორი ევროპის პოლიტიკურ სიმყარეს დამატებით მნიშვნელობას სძენს. ვაშინგტონში წარმოდგენილი იყო ევროპის მთელი პოლიტიკური სპექტრი: მემარჯვენე მელონი, ცენტრისტი მაკრონი, სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წარმომადგენლები. მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიური პოზიციებისა, ყველა თანხმდება ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე. ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს ვაიმარის სამკუთხედის (საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია) 16 აგვისტოს დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს ასევე დიდი ბრიტანეთმა, იტალიამ, ფინეთმა, ურსულა ფონ დერ ლაინმა და ანტონიო კოშტამ ევროკავშირის სახელით. დეკლარაციაში მკაფიოდ ჩაიწერა: საზღვრები არ შეიცვლება, უკრაინის მხარდაჭერა გაიზრდება და მისი უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, სანამ აგრესია არ შეწყდება. ეს ყველაფერი გუშინდელ ვაშინგტონის შეხვედრით დასრულდა, სადაც უკვე უფრო კონკრეტული გეგმები დაისახა. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახლა გაცილებით ძლიერი პოზიციით ემზადება პუტინთან შესაძლო შეხვედრისთვის. როგორც ტრამპს უყვარს ხოლმე თქმა, ახლა ყველა კოზირი ზელენსკის ხელშია.

- თქვენ კი ეჭვი გამოთქვით, მაგრამ ახლახან ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება.

- რეალურად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ პუტინი ასეთ ფორმატს დათანხმდეს. ამ ეტაპზე რუსები მხოლოდ დელეგაციების დონის გაზრდაზე საუბრობენ. საბოლოოდ, მთავარი გამოწვევა ტრამპის წინაშე დგას - მას მოუწევს დაარწმუნოს რუსეთი, რომ უშუალო შეხვედრა მაინც შედგეს.

იხილეთ ასევე: