ავტორი:

რატომ ხშირდება ქუჩაში ძაღლით დაკბენის შემთხვევები ზაფხულში: რა იწვევს ცხოველის აგრესიას და როგორ მოვიქცეთ დაკბენის შემთხვევაში - "შეიძლება გაქცევით უარესი მოხდეს"

რატომ ხშირდება ქუჩაში ძაღლით დაკბენის შემთხვევები ზაფხულში: რა იწვევს ცხოველის აგრესიას და როგორ მოვიქცეთ დაკბენის შემთხვევაში - "შეიძლება გაქცევით უარესი მოხდეს"

ბოლო დღეებში რამდენიმე მოქალაქემ შეგვატყობინა, რომ თემქის ახლად აშენებულ სკვერში ქუჩის ძაღლებმა ბავშვები დაკბინეს... იმასაც ამბობენ, რომ გარეუბნებში ჯგუფურად დადიან ძაღლები და გამვლელებისთვის გარკვეულ საფრთხეს ქმნიან. ზოგიერთის ინფორმაციით, ეს ძირითადად ის ძაღლები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით პატრონების მიერ ამა თუ იმ ტერიტორიაზეა დატოვებული, თუ მიყვანილი...

რეალურად რა ხდება, ამ ყველაფერში ვის რა პასუხისმგებლობა აქვს, რა ზიანის მიყენება შეუძლია ძაღლს და როგორ უნდა მოიქცნენ ძაღლის ნაკბენის შემთხვევაში, სხვადასხვა დარგის სპეციალისტს კითხვებით მივმართეთ.

თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ოფიციალურად ასე გვიპასუხა:

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას ახორციელებს მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდით - სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ჩატარების გზით. სააგენტო წელიწადში, დაახლოებით, ათი ათასამდე სტერილიზაცია-კასტრაციას ატარებს და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია.

რაც შეეხება დედაქალაქის გარეუბნებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას, სამწუხაროდ, მიუხედავად სააგენტოს გაზრდილი ეფექტურობისა და ძალისხმევისა, საკმაოდ ხშირია მოსახლეობის მხრიდან თავიანთი არასტერილური, ზრდასრული ცხოველების, ან მათი ნაშიერის გარეუბნებში დატოვების შემთხვევები. ეს კი მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აწარმოებს კონტროლს როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე. ეკიპაჟს არასტერილური ცხოველები გადაჰყავს მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ უტარდებათ სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ანტირაბიული ვაქცინაცია. ამის შემდეგ ბრუნდებიან ბინადრობის არეალში“ - ნათქვამია მათ განცხადებაში.

საერთოდ რატომ კბენს ძაღლი ადამიანს, რატომ ესხმის თავს, რა იწვევს მის აგრესიას და როგორ უნდა დაცვას თავი ამისგან, ამაზე კინოლოგ-ინსტრუქტორი შოთა მალაშხია გვესაუბრა:

- ძაღლის კბენის მიზეზი და ამის გამომწვევი ფაქტორი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, შიში, დომინაცია, ტერიტორიის დაცვა. გააჩნია სიტუაციას, რა მოქმედების დროს კბენს, ძაღლი სად იმყოფება და ჩვენ იმ დროს რას ვაკეთებთ. გააჩნია იმასაც, ეს ქუჩის ძაღლის აგრესიაა, თუ პატრონიანი ძაღლის. ამ ყველაფერს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ქუჩის ძაღლის შემთხვევაში შეიძლება ის ტერიტორიას იცავდეს, ან ჩვენი მოქმედებიდან რამე არ მოეწონოს, ან უბრალოდ იმ ადამიანს მიგვამსგავსოს, რომელმაც ცხოვრებაში რაღაც დაუშავა... პატრონიანის შემთხვევაში შეიძლება მიზეზი ის იყოს, რომ პატრონი ვერ აკონტროლებდეს ჯიშს, რომელიც ჰყავს. არ ჰქონდეს ჯიშისა და მისი თვისებების გამო ცოდნა. იმასაც ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუ რატომ ვერ აკონტროლებდეს პატრონი ძაღლს. რაც შეეხება აგრესიის დროს თავის დაცვას, აქ უნივერსალური მეთოდი, ალბათ არ არსებობს. გააჩნია სიტუაციას, რა ჯიშის ძაღლია, რა ზომის და რა დოზით იწევს საკბენად. ამ დროს გაქცევა გამოსავალი არ არის. ცხოველია და ვერსად გაექცევი, თუ გარბის, უნდა დაიჭიროს, ინსტინქტი აქვს ასეთი. შეიძლება გაქცევით ადამიანმა უარესი გააკეთოს და ძაღლის გაღიზიანება იქამდე მივიდეს, რომ საბოლოდ უკბინოს. არადა, იმ მომენტში შესაძლოა ოდნავ გაცლა სჯობდა.

- ხშირად ძაღლის მიერ დაზარალებულებს ასეთი არგუმენტი აქვთ - ჩემთვის მივდიოდი, ძაღლი გამომეკიდა და მიკბინა. თუნდაც ასე იყოს. შეიძლება ასეთ დროს ძაღლი ადამიანს თავს დაესხას?

- როგორ არა. ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება, ვინმეს უბრალოდ მიამსგავსა. უმეტესად ქუჩის ძაღლებშიც მოხდეს ასეთი რამ. როცა ვინმე ძალიან ცუდად ექცევა, ჯოხს ჩაარტყამს, ან ქვას ესვრის, - დიდი ზომის ძაღლები ამას იმახსოვრებენ, პატარებიც, მაგრამ დიდებს უკვე პასუხის გაცემა შეუძლიათ. ხშირ შემთხვევაში ასეა.

- ე.ი. ამის წინაპირობა, მიზეზი ის არის, რომ რაღაც ახსოვთ და ვიღაცას მიამსგავსეს... ძირითადად რა აბრაზებთ, აგრესია რაზე აქვთ?

- გააჩნია... როგორც ჯიშები განსხვავდება ერთმანეთისგან, ისე ჯიშის მიხედვით ხასიათიც. მაგალითად, ხვადების შემთხვევაში ეს მის ტერიტორიაზე, რომელსაც თავისად აღიქვამს, შეჭრა შეიძლება იყოს. გარკვეულ სივრცეს აკონტროლებენ და ნებისმიერ უცხოზე შესაძლოა აგრესია გაუჩნდეთ. მაგრამ თუ ძაღლი, რომელიც ხალხმრავალ ადგილას ცხოვრობს, მიჩვეულია იმას, რომ მის ტერიტორიაზე ბევრი უცხო ადამიანი მოძრაობს. ზოგი იმასაც არის მიჩვეული, ადამიანები იქ დღის რომელ მონაკვეთში მოძრაობენ. დღისით ის ტერიტორია დატვირთულია და ბევრი უცხო მოძრაობს, მაგრამ საღამოს ბევრი უცხო არ მოძრაობს. ამიტომ შეიძლება ნებისმიერ მათგანს გამოეკიდოს. გარემო პირობები ბევრ რამეს განსაზღვრავს - მათი უმიზეზო აგრესია თითქმის არ არსებობს.

- რაც შეეხება სახლის ძაღლებს, ამ შემთხვევაში პატრონებს რა ევალებათ, რა უნდა ასწავლონ თავიანთ ოთხფეხებს იმისათვის, რომ თუნდაც ქუჩაში გაყვანისას, გამვლელზე არ გაიწიონ?

- სანამ ძაღლს შინ მოიყვანენ, როცა ჯიშიანი ძაღლის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი, კონსულტაცია უნდა გაიარონ კინოლოგ-ინსტრუქტორთან, ან ნებისმიერი ჯიშის მცოდნე ადამიანთან. რა ჯიშის ძაღლს ვყიდულობთ, რა უნარ-ჩვევები აქვს, რისთვის არის ეს ჯიში თავის დროს გამოყვანილი, ყველა ძაღლი კომპანიონად არ გამოდგება. თუ ჩვენ ბინაში უნდა ვაცხოვროთ და მხოლოდ სასეირნოდ გვინდა, ყველა ძაღლი ამისთვის კომფორტული არ არის. არჩევისას არ უნდა შევცდეთ... ძაღლი მინიმუმ 12 წელი ცხოვრობს და აქ ჩვენი შრომაც უნდა გავითვალისწინოთ, ბინის ზომაც, როგორ საცხოვრებელ პირობებს ვუქმნით. უნდა ვიცოდეთ დღის განმავლობაში სეირნობა რამდენჯერ სჭირდება და როგორი უნდა იყოს ეს აქტივობა. პატრონს მინიმალური ღონეც სჭირდება იმისთვის, რომ ოთხფეხა დაიმორჩილოს და ა.შ.

- გამიგია, რომ ძაღლი ნასვამ ადამიანს მეტად ეტანება. ვიცი შემთხვევებიც, როცა ნასვამი პატრონისთვისაც კი უკბენია...

- როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა ჯიშის ძაღლისთვის არსებობს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორი, მაგრამ ეს 100%-ით არ მუშაობს. ზოგიერთს ალკოჰოლის კი არა, სიგარეტის სუნი არ მოსწონს, ან ნებისმიერი რამის სუნი, რაც შეიძლება მისთვის გამაღიზიანებელი იყოს. შეიძლება კეპიანი ადამიანი არ მიიღოს, ან კაპიუშონიანი...

- ძაღლი, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი და დამუშავებული უნდა იყოს, რომ თუ რაიმე ინციდენტი მოხდა, ნაკლები ზიანის მიმყენებელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის, ვისაც დააზიანებს?

- ქუჩის ძაღლების ვაქცინაციას მონიტორინგს სამსახური აკეთებს. რაც შეეხება პატრონიან ძაღლებს, მათი ჩანაწერები (მედპასპორტები) პატრონებს აქვთ. უნდა დადიოდნენ ვეტერინართან და შესაბამისი ვაქცინაცია დროულად უნდა უტარებდნენ. კომპლექსური და ცოფის ვაქცინაცია ჩვენთან წელიწადში ერთხელ ხდება. პირველი ვაქცინაცია კი 2 ან 3-სამკვირიანი ინტერვალით ტარდება. დანარჩენი, სისტემატურია - წელიწადში ერთხელ...

- როგორია თქვენი რჩევა-რეკომენდაცია - ძაღლსა და ადამიანს შორის როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს თუ ჩამოყალიბდეს, რომ არც ადამიანი დაზარალდეს და არც ძაღლი?

- უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა დრო, რომ სახლში ოთხფეხა მეგობარი მოვიყვანოთ. ვართ თუ არა ფინანსურად მზად ამ ხარჯისთვის, რაც ჩვენს ოთხფეხა მეგობარს იმისთვის სჭირდება, რომ ჯანმრთელი იყოს, კომფორტულად იცხოვროს. ასევე გვაქვს თუ არა იმდენი თავისუფალი დრო - დილით, შუადღეს და საღამოს ვასეირნოთ. ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, ნაკლები ქუჩის ძაღლი გვეყოლება.

- მიგაჩნიათ, რომ ქუჩაში უმეტესად სახლებიდან გამოშვებულ-გამოყრილი ძაღლებია?

- კი ბატონო და მერე უკონტროლოდ გამრავლებული - არაკასტრირებული და არასტერილიზებული. ამას შემდეგ ვეღარ აუვა ერთი სამსახური. ჩემი აზრით, ვიღაც სადღაც ერთ ძაღლს რომ გადმოსვამს, იმ ერთიდან 10 ჩნდება. იქიდან 3-4 რომ გადარჩეს, 3 კიდევ მაგდენს ჰყრის. ამ გადმოსმა-ჩამოსმაზე კანონები უნდა გამკაცრდეს.

თუ როგორ უნდა დამუშავდეს ძაღლის ნაკბენი, რა აცრებია დაზარალებული ადამიანებისთვის აუცილებელი, ამაზე ბადრი ბაზაევი, იმუნიზაციის ცენტრის ანტირაბიული სამსახურის უფროსი გვესაუბრა:

- პირველ რიგში საჭიროა ნაკბენის ჩამობანა საპნიანი წყლით. თუ საპონი იმ წუთას ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ ჩვეულებრივი წყლით, თუმცა საპნიანი წყალი უმჯობესია, თან საკმაო ხანს... გააჩნია ნაკბენი როგორია, ამიტომ უნდა დაამუშაონ ანტისეპტიკური ხსნარით, მაგალითად, ბეტადინით და გაკეთდეს სუფთა ნახვევი სტერილური ბინტით. თუ სტერილური ბინტი არ არის და არც სისხლდენაა, შეხვევა აუცილებელი არ არის. მერე კი დაზარალებულმა ექიმს უნდა მიმართოს.

- უკვე თქვენთან მოსულს როგორ ეხმარებით?

- გააჩნია, რა დონის ჩარევა სჭირდება - დრენირება, ქირურგიული ჩარევა, გაკერვა. ეს ძირითადად ჭრილობიდან გამომდინარეა, რა დონის ქირურგიული ჩარევაა საჭირო. შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს წყალბადის ზეჟანგით, საპნიანი წყლით დამუშავება და მეტი არაფერი იყოს საჭირო. როცა გასაკერია, გამოუვალი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, კვალიფიციურად ჩავერევით.

- ძაღლის აცრილობა რა გავლენას ახდენს ადამიანისთვის მიყენებული ზიანზე?

- ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ცოფის კერა არსებობს (როცა ბოლო სამი წლის მანძილზე ცოფის ერთი შემთხვევა მაინც თუ იყო ან ცხოველში, ან ადამიანში), ცხოველი აცრილია თუ არა, ეს წამყვანი და გადამწყვეტი ფაქტორი არ არის... მეპატრონეებმა ცხოველი ცხადია, უნდა ავცრათ, ქუჩის ძაღლს მონიტორინგის სამსახური ცრის - ეს საკითხი ასე თუ ისე მოგვარებულია, მაგრამ ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდად ვიყოთ. ექიმს მაინც უნდა მივმართოთ. ექიმი პაციენტს გამოიკითხავს ცხოველი რა პირობებში ცხოვრობს, ნახავს როგორია ნაკბენი... შესაძლებელია ცოფზე აცრის გაკეთება არა, მაგრამ ტეტანუსის აცრა აუცილებელი იყოს. ამიტომ რამე რომ არ გაიპაროს, ნაკბენისა და ნაკაწრის შემთხვევაში რაბიოლოგთან ვიზიტი სასურველია, თუნდაც ზედაპირული ნაკაწრების შემთხვევაში. კონსულტაციას გავუწევთ. ისეთი შემთხვევები, რომელიც ადამიანს შეიძლება მსუბუქად მოეჩვენოს, შესაძლოა რთულ კატეგორიაში გადიოდეს. ამიტომაა ექიმთან დროული ვიზიტი აუცილებელი.

- ბოლო დროს რა ტენდენციაა - ძაღლის ნაკბენის შემთხვევებმა მოიმატა?

- არ მოუმატია. როგორც იყო სხვა წელებში ფაქტობრივად ისეთი სურათია. ამას ჩვენი კაბინეტის მაგალითზე გეუბნებით. რამეთი განსხვავებული სურათი რომ იყოს და ასე არ არის. უბრალოდ ზაფხულში შემთხვევები ცოტას იმიტომ იმატებს, რომ გრძელია დღეა, ადამიანები უფრო დიდხანს არიან გარეთ, თუნდაც ბუნებაში, საზაფხულოდ აცვიათ, ჩექმითა და პალტოთი არ არიან შემოსილები. ცხოველებისგან თუ რამე მოხდა, ასეთ დროს უფრო მეტი კონტაქტი ხდება.

უფრო ხილულია დაზიანებაც. ზამთარში ადამიანებიც შენობაში ვართ, ვთბებით და ცხოველებიც სადღაც იმალებიან. ცოფის რისკი კი ზაფხულსა და ზამთარში ერთნაირია.ისე, რომ გითხრათ, ქუჩის ძაღლების ნაკბენის წილი დაზარალებულებში მცირეა. შეიძლება 20% იყოს. ძირითადად ძალიან დიდი წილია შინაურის, მეზობლის, ნათესავის ძაღლების, კატების წილი ან სხვა შინაური ცხოველების, ზაზუნის, კურდღლის და ა.შ. ნებისმიერი ძუძუმწოვარა ცხოველი, გააჩნია რა პირობებშია, შესაძლებელია ცოფით იყოს დაავადებული. ასე რომ, ყველას დიდი სიფრთხილე და ყურადღება მართებს.