ავტორი:

საინჟინრო საოცრება: შვედეთში 672-ტონიანი ეკლესია მთლიანად, ხელუხლებლად გადააქვთ ქალაქის მეორე ბოლოში - პროექტის დეტალები

საინჟინრო საოცრება: შვედეთში 672-ტონიანი ეკლესია მთლიანად, ხელუხლებლად გადააქვთ ქალაქის მეორე ბოლოში - პროექტის დეტალები

შვედეთის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კიგუნაში უნიკალური საინჟინრო პროექტი ხორციელდება: 1912 წელს აშენებული ეკლესია მთლიანად, ხელუხლებლად გადააქვთ ქალაქის მეორე ბოლოში. ეს შენობა, რომელიც გიგანტურ ბორბლებიან პლატფორმაზეა განთავსებული, ხუთ კილომეტრს გაივლის. მოგზაურობა, სავარაუდოდ, ორ დღეს გასტანს.

  • 113 წლის ეკლესიის გადატანის აუცილებლობა მიწის ჩამოშლის საფრთხემ გამოიწვია, რაც ამ ადგილებში რკინის მადნის საუკუნოვანი მოპოვების შედეგად წარმოქმნილი ბზარებით არის განპირობებული.

ეკლესიის სიმაღლე 35 მეტრია, სიგანე - 40 მ, ხოლო წონა - 672 ტონა. ის ერთ დროს შვედეთში 1950 წლამდე აშენებულ ყველაზე ლამაზ შენობად იყო აღიარებული. აგებიდან მოყოლებული, ეკლესია შვედეთის შორეული ჩრდილოეთის სიმბოლოდ ითვლება.

ეკლესიის "მოგზაურობა" სამშაბათს მოკლე ცერემონიით დაიწყო, რა დროსაც ეკლესიის ვიკარი ლენა ტიარნბერგიმ და ლულეოს ეპარქიის ეპისკოპოსმა ოსა ნიუსტრომმა აკურთხეს. ამის შემდეგ, პლატფორმებზე მდგარი ნაგებობა გზას დაადგა, რომლის მოძრაობას გზის პირას ასობით ადამიანი აკვირდება. ბევრი მომხდარს საინჟინრო სასწაულს უწოდებს.

"ეს ისტორიაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იქმნება,“ - ამბობს კულტურის სპეციალისტი სოფია ლაგერლოფ მატია.

პროექტის ხელმძღვანელი, სტეფან ჰოლმბლად იუჰანსონი აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული მოვლენაა.

  • გადატანისთვის მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდა. იუჰანსონის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა გზის მომზადება იყო, რისთვისაც გზა 24 მეტრამდე გააფართოვეს, მოაშორეს ფანრების ბოძები, შუქნიშნები და ხიდიც კი, რომლის დემონტაჟიც ისედაც იყო დაგეგმილი.

გადატანის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტი ეკლესიის შიგნით არსებული საგანძურის შენარჩუნებაა, რომლის გატანა და უკან შეტანა შეუძლებელია. საუბარია საკურთხევლის ზემოთ არსებულ ნახატზე, რომელიც შვედეთის მეფის ვაჟმა, პრინცმა ევგენმა დახატა. ის უშუალოდ ქვის კედელზეა მიწებებული და მისი მოხსნა დაზიანების გარეშე რთული იქნებოდა. ამიტომ, გადატანისას ის ეკლესიაში დარჩება.

მიწის ჩამოშლის საფრთხე კიგუნას მრავალ რაიონს შეეხო. 2010-იანი წლების შუა პერიოდისთვის ქალაქის მრავალი შენობა უკვე გადატანილი იყო უსაფრთხო ადგილას, დანგრეული ან ხელახლა აშენებული. ძველი მერიის საათიანი კოშკიც უკვე გადაიტანეს და ახლა ის ახალი მერიის გვერდით დგას. წითელი ეკლესიის გადატანა შეძლებისდაგვარად გადაიდო. სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ მისი გადატანა მხოლოდ მთლიანად შეიძლებოდა, განსხვავებით მრავალი სხვა შენობისგან, რომლებიც სეგმენტებად დაშალეს.

საქალაქო ხელისუფლებამ ადამიანების გადასახლებისა და შენობების გადატანის პროექტი 10 მილიარდზე მეტ შვედურ კრონად (1 მილიარდი აშშ დოლარი) შეაფასა. ეს ხარჯები თავის თავზე აიღო კომპანია LKAB-მ, რკინის მადნის მაღაროს ოპერატორმა და კიგუნას უმსხვილესმა დამსაქმებელმა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები მომხდარს სევდიანად უყურებენ. ბევრს ახსოვს, თუ როგორ უკავშირდება მათი ოჯახების ისტორია ამ ეკლესიას.

"ეკლესია თაობების განმავლობაში ჩვენი თემის სულიერი ცენტრი და შეხვედრის ადგილი იყო,“ - ამბობს სოფია ლაგერლოფ მატია.

ეკლესიის მთავარი, ლენა ტიარნბერგიც აღიარებს, რომ ეკლესიას „ფესვებს წყვეტენ“, მაგრამ მისი თქმით, ეს სჯობს იმას, რომ მას განადგურების უფლება მისცენ.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ეკლესია ახალ ადგილას დღეს საღამოს იქნება მიტანილი.

წყარო