ავტორი:

"ცემისგან განუვითარდა ათასი რამ თავში... ბოლოს პანაშვიდზე შევხვდი, ვიცოდი, რომ ვერ იყო კარგად, ვფიქრობდი, იქნებ გამოძვრეს-თქო" - რას ჰყვება ია მეტრეველი ლევან გაჩეჩილაძეზე

"ცემისგან განუვითარდა ათასი რამ თავში... ბოლოს პანაშვიდზე შევხვდი, ვიცოდი, რომ ვერ იყო კარგად, ვფიქრობდი, იქნებ გამოძვრეს-თქო" - რას ჰყვება ია მეტრეველი ლევან გაჩეჩილაძეზე

დღეს, დილას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. ის იყო პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც 2000-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას ქმნიდა.

ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური გზა

ლევან გაჩეჩილაძემ პოლიტიკური კარიერა 1999 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ის თავდაპირველად საარჩევნო ბლოკ "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" სიით შევიდა პარლამენტში, თუმცა მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად დააფუძნა პარტია "ახალი მემარჯვენეები".

· 1999-2002 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო.

· 2002 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.

· 2004-2008 წლებში კი კვლავ პარლამენტს დაუბრუნდა, როგორც თბილისის ვაკის მაჟორიტარი.

მისი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გაჩეჩილაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო. ამ პერიოდში ის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

ია მეტრეველის მოგონებები

ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებას დიდი ტკივილით შეხვდა ია მეტრეველი. მისი თქმით, გაჩეჩილაძე იყო "ეპოქის გამორჩეული ადამიანი", რომელმაც "სატანა სააკაშვილის" რეჟიმის წინააღმდეგ პირველმა ამოიღო ხმა.

მეტრეველის თქმით, ლევან გაჩეჩილაძის ავადმყოფობა აქციების დროს დარბევის დროს მიყენებულ ტრავმებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩეჩილაძე ბოლო ხუთი წელი სიმსივნეს ებრძოდა.

- ძალიან ცუდი ამბავი გავიგე, ცუდად ვარ. უმძიმესია ჩემთვის ეს ამბავი, განსაკუთრებულად მიყვარან ძმები გაჩეჩილაძეები. ვაჟკაცი ბიჭები, რომლებმაც პირველმა ამოიღეს ხმა იმ ბოროტების წინააღმდეგ და თავი შესწირეს ორივემ. ამაზე ვარ გაგიჟებული, სატანა სააკაშვილი ცოცხალი უნდა იყოს და ეს ბიჭები რა დღეში იყვნენ. გიაც ჯანმრთელობა წართმეული, ის უფრო ცუდად იყო თავიდან, მერე ლევანი.

- გიამ გულის ოპერაცია გაიკეთა თუ არ ვცდები?

- დიახ, სტენტები და რა არ აქვს ჩადგმული.

- ბატონი ლევანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა.

- კი, ცემისგან განუვითარდა ათასი რამ თავში, რტყმისგან და ცემისგან, მაგის მერე დაემართა ყველაფერი. ბოლო წლებში უფრო გიასთან მქონდა ურთიერთობა და ლევანის ამბებს ისე ვიგებდი. ლევანს ბოლოს პანაშვიდზე შევხვდი, ვიცოდი რომ ვერ იყო კარგად. ერთი კვირის წინაც ვიკითხე და მითხრეს, არ იყო კარგად. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვფიქრობდი, იქნებ გამოძვრეს-თქო.

ლევანი იყო ეპოქის გამორჩეული ადამიანი. ჩემი პარალელურკლასელი იყო. სკოლა ხუთებზე დაამთავრა, უჭკვიანესი, განათლებული, ულამაზესი ბიჭი იყო. განსაკუთრებული ძმები იყვნენ, ორივე ნიჭიერები. სულ სხვანაირები, ვაჟკაცები, თბილისელები, თბილისის კოლორიტები იყვნენ კაცობით, ძმობით. სხვანაირები იყვნენ. სააკაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვერპლნი, სხვების დასაცავად თავად შესწირეს თავი ამ ქვეყანას და ხალხის გადარჩენას. იმ რეჟიმის წინააღმდეგ ამათ ამოიღეს პირველებმა ხმა და ბოლომდე შესწირეს თავი.