დღეს, 61 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ლევან გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობდა 2000-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.
პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში სამძიმრის პოსტები გამოაქვეყნეს.
ელენე ხოშტარია: "ძალიან ვწუხვარ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს.“
ირაკლი მელაშვილი: "ღმერთმა ნათელში ამყოფოს! ბოლოს რომ შემხვდა, ქუჩაში, უკვე ძალიან ცუდად იყო, ახლოსაც ვერ მოვდივარ მოსასალმებლად, ისე მაქვს იმუნიტეტი დაცემული, ნებისმიერი კონტაქტი საშიშიაო. გული მომიკვდა. პოლიტიკური შეხედულებები ერთია, ადამიანობა კი მეორე. ჩვენ ერთ ეზოში გავიზარდეთ და როგორც ადამიანი ძალიან თბილი, მოყვასის მოყვარული და უბოროტო კაცი იყო! ღმერთმა გაანათლოს!“
შალვა ნათელაშვილი: "მწუხარებას გამოვთქვამ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს.“
ლევან გოგიჩაიშვილი: "მშვიდობით, მეგობარო.“
გია ხუხაშვილი: „სამწუხაროდ, თბილისში არ ვარ და ვერ მოვახერხებ ბოლო გზაზე გავაცილო ლევან გაჩეჩილაძე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყო და ბოლო 12 წელია არ მინახავს, რასაც დღეს ვნანობ, ის იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული პიროვნება და კარგი მეგობარი.“

ლანა გალდავა: „ლევან გაჩეჩილაძე გარდაცვლილა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს! თვალწინ კინოკადრებივით გაირბინა ქუჩის აქციებმა და თეთრმა ყელსახვევებმა, ნოემბრის უმძიმესმა დღეებმა, 7 ნოემბრის დარბევებმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, რასაც მოჰყვა საშტაბო რეჟიმი და უშუალოდ მისი წინასაარჩევნო კამპანია... თავისუფალი, მეგობრული კომუნიკაციის უნარით და უშუალობით დარჩება ჩემს მეხსიერებაში. თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს!“
წაიკითხეთ ასევე: