აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-მექსიკის სამხრეთით საზღვარზე, დაახლოებით 700 მილის სიგრძის სასაზღვრო კედელი შავად შეიღებება, რათა კონსტრუქცია მზის სხივების მოქმედების შედეგად მეტად გაცხელდეს.
მედიის ინფორმაციით, ბრძანება თავად პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა. მისი მიზანია შავად შეღებილმა, მზეზე გაუსაძლისად გახურებულმა მექსიკის კედელმა ხელი შეუშალოს უკანონო მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში.
“ის [კედელი] მაღალია, ამიტომ მასზე ასვლა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია. ის ასევე ღრმად არის მიწისქვეშ, რაც შეუძლებელს ხდის მიწისქვეშ გვირაბის გათხრას. დღეს კი შავად შევღებავთ.
ეს პრეზიდენტის თხოვნით ხდება. აქაურ სიცხეში, თუ რამეს შავად შეღებავ, კიდევ უფრო გაცხელდება და ხალხს ასვლა კიდევ უფრო გაუჭირდება. სწორედ ამიტომ ვაპირებთ მთელი სამხრეთ საზღვრის კედლის შავად შეღებვას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არალეგალები აღარ შემოვიდნენ“, - თქვა ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა ტერეზაში, კედელთან გამართული ბრიფინგისას.
ნოემის თქმით, შავი საღებავი ასევე ხელს შეუწყობს ფოლადის კონსტრუქციის ჟანგისგან დაცვას.
გაურკვეველია, რა დაჯდება შეღებვის სრული ღირებულება.