ავტორი:

რამდენი ომი დაასრულა სინამდვილეში პრეზიდენტმა ტრამპმა?

რამდენი ომი დაასრულა სინამდვილეში პრეზიდენტმა ტრამპმა?

ცდილობს რა დაასრულოს რუსეთ–უკრაინის ომი, დონალდ ტრამპი ყოველთვის ხაზს უსვამს თავის წარმატებებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც, მისი თქმით, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთანავე დაიწყო.

მორიგი განცხადება ტრამპმა ორშაბათს, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

“მე დავასრულე ექვსი ომი… ყველა ეს შეთანხმება ისე დავდე, რომ სიტყვა “ზავიც“ კი არ მიხსენებია“, - განაცხადა მან.

მომდევნო დღეს, ომების რაოდენობა, რომლებიც, ტრამპის აზრით, მან დაასრულა, უკვე შვიდამდე ავიდა.

ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია აცხადებს, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს, მათ ის “ომებიც “ აქვთ ჩამოთვლილი, რომლებიც თითქოსდა ტრამპის ძალისხმევით დასრულდა.

BBC-ის ფაქტების გადამმოწმებელმა განყოფილებამ, დეტალურად განიხილა აღნიშნული კონფლიქტები და სცადა გაერკვია, რამდენად შეიძლება ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს მათი შეწყვეტა მიეწეროს.

  • ისრაელი და ირანი

12-დღიანი კონფლიქტი, 13 ივნისს ისრაელის მიერ ირანის ობიექტებზე იერიშის მიტანით დაიწყო.

ტრამპმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუმ წინასწარ გააფრთხილა კამპანიის დაწყების შესახებ.

თავის მხრივ ირანის ბირთვულ ობიექტებს აშშ-მაც დაარტყა, რასაც ბევრი ომის დასასრულისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

23 ივნისს ტრამპმა Truth Social-ში დაწერა:

"ოფიციალურად, ირანი იწყებს ცეცხლის შეწყვეტას, 12 საათში ამას ისრაელიც შეუერთდება, და 24 საათში მსოფლიო ოფიციალურად მიესალმება 12-დღიანი ომის დასრულებას“.

საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ აიათოლა ალი ხამენეიმ თავის ქვეყანა “გამარჯვებულად “ გამოაცხადა და ცეცხლის შეწყვეტა არც კი უხსენებია.

ისრაელი აცხადებს, რომ ხელახალი საფრთხის შემთხვევაში იერიშები კვლავ განმეორდება.

ამრიგად ანალიტიკოსები თქმით, საქმე უფრო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან გვაქვს, ვიდრე “ ომის დასრულებასთან“, თუმცა უნდა აღინიშნოს ,რომ ისრაელის საშუალებით ირანის დასუსტებაში ტრამპს დიდი წვლილი მიუძღვის.

  • პაკისტანი და ინდოეთი

ორი ბირთვული სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობა ათეული წლებია გრძელდება. მაისში სამხედრო მოქმედებები კვლავ განახლდა, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირზე განხორციელდა იერიშები.

ოთხდღიანი დაბომბვის შემდეგ, ტრამპმა დაწერა, რომ ინდოეთი და პაკისტანი "სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე“ შეთანხმდნენ და ეს მისი განცხადებით “აშშ-ს შუამავლობით გამართული ღამის მოლაპარაკებების“ შედეგი იყო.

პაკისტანმა მადლობა გადაუხადა ტრამპს და მოგვიანებით ნობელის მშვიდობის პრემიაზეც კი წარადგინა, ინდოეთმა შედარებით ფრთხილი განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მოლაპარაკებები არსებული სამხედრო არხებით მიმდინარეობდა.

  • რუანდა და კონგო (დემოკრატიული რესპუბლიკა)

ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივმა მტრობა შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, როდესაც წლის დასაწყისში, M23-ის სახელით ცნობილმა აჯანყებულთა დაჯგუფებამ კონგოს აღმოსავლეთით წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიის აღება შეძლო.

ივნისში ვაშინგტონში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის ინიციატორადაც ტრამპი მოიაზრება, თუმცა ამ დროისთვის მხარეები ერთმანეთს კვლავ ადანაშაულებდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, ხოლო M23 საერთოდ მოლაპარაკებების დატოვებითაც კი დაიმუქრა. ამრიგად ბრძოლა კონგოსა და რუანდას შორის გრძელდება და შეთანხმება ძალაში არ შესულა.

  • ტაილანდი და კამბოჯა

26 ივლისს ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ ტაილანდის დროებით პრემიერ-მინისტრს “ომის დასრულების მოთხოვნით“ დაურეკა.

რამდენიმე დღიანი სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ, ქვეყნები “დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე“ შეთანხმდნენ.

მოლაპარაკებები მალაიზიაში გაიმართა, ტრამპმა ორივე ქვეყნის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ თუ ბრძოლა არ დასრულდებოდა, აშშ-ის საბაჟო ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებს შეაჩერებდა, რაც ზემოქმედების ეფექტიანი მეთოდი გამოდგა, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-დან ექსპორტზე.

7 აგვისტოს იქნა მიღწეულ შეთანხმება საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად.

  • სომხეთი და აზერბაიჯანი

8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ტრამპის მონაწილეობით ხელი მოაწერეს “მშვიდობიანი ურთიერთობების დეკლარაციას“.

ორივე ლიდერმა ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენაც კი მოითხოვა.

აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი რამდენიმე ათეული წელია გრძელდება, ორ ქვეყანას შორის ბოლო სერიოზული სამხედრო შეტაკება 2023 წელს მოხდა , როდესაც აზერბაიჯანმა სადავო მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სამხედრო ძალის გამოყენებით დაიკავა.

  • ეგვიპტე და ეთიოპია

აქ “ომი“ საერთოდ არ ყოფილა, თუმცა ნილოსის წყალგამყოფის გამო დიდი ხანია დაძაბულობა არსებობს.

ამ ზაფხულს ეთიოპიამ “უდიდესი ეთიოპური კაშხლის მშენებლობა დაასრულა“ რამაც ეგვიპტე შეაშფოთა, ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს იმ წყლის მოცულობაზე იქონიებდა გავლენას, რომელსაც ეგვიპტე ნილოსიდან ღებულობს.

ტრამპმა განაცხადა რომ: “ეგვიპტეს მოთხოვნა ნილოსის წყალთან დაკავშირებით სამართლიანია და ამ პრობლემა აშშ სწრაფად მოაგვარებდა“.

დღემდე ოფიციალური შეთანხმება მიღწეული არ არის.

  • სერბეთი და კოსოვო

27 ივნისს ტრამპმა განაცხადა, რომ შეაჩერა ამ ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებები წამოწყების მცდელობა. “"სერბეთი და კოსოვო ბრძოლას აპირებდნენ, და მე ვუთხარი: თუ ომს დაიწყებთ, აშშ-თან ვაჭრობას ვეღარ შეძლებთ მეთქი. მათაც გადაიფიქრეს“.

თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში გასული საუკუნის 90 -ანი წლები შემდეგ იმყოფება, ამჟამად მათ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების რისკი არ არსებობს და “ეს ის ომი არ იყო, რომელიც უნდა შეჩერებულიყო“

მანამდე თეთრმა სახლმა ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას, 2020 წელს ოვალურ კაბინეტში ხელმოწერილ დოკუმენტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სერბეთსა და კოსოვოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შეეხებოდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები არც მაშინ მიმდინარეობდა.

წყარო